მთავარი,სიახლეები

ევროკავშირი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს ბელორუსიაში – ევროსაბჭოს თავმჯდომარე

19.08.2020 • 1675
ევროკავშირი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს ბელორუსიაში – ევროსაბჭოს თავმჯდომარე

დღეს სპეციალურ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ, სადაც მთავარი განსახილველი თემა ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენები იყო. სხდომა დახურული ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 19 აგვისტოს, დილით, ბელორუსიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხონოვსკაიამ ჩაწერა ევროკავშირის სამიტისადმი ვიდეომიმართვა, რომელშიც ის  სამიტს მოუწოდებს, არ ცნონ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად.

პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ბელორუსიაში არჩევნების შედეგებს.

„ბელორუსები ქუჩაში გამოვიდნენ პროტესტის გამოსახატად, ქუჩაში მუშები, სტუდენტები, ოჯახები დგანან. ამ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობამ შოკი გამოიწვია. ჩვენ ზედმიწევნით დავაკვირდებით, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ყოველგვარი ძალადობა და რეპრესიები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

დამოუკიდებელ ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თავისუფლად გააშუქონ მიმდინარე მოვლენები. ყველა, ვინც გამოხატავს დემოკრატიული გზით საკუთარ პროტესტს, უნდა იყოს დაცული, საქმე ეხება მოქალაქეთა უფლებებს. ბელორუსი ხალხის უმთავრესი უფლებაა აირჩიონ ყველაზე თავისუფალი გზით საკუთარი მმართველები, საკუთარი ბედი.

ევროკავშირი უახლოეს მომავალში აამოქმედებს სანქციებს არჩევნების ფალსიფიკატორების წინააღმდეგ, ბელორუსებზე ძალადობის, რეპრესიების პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ბელორუსის მთავრობას, იპოვონ მშვიდობიანი გზა ძალადობის შესაჩერებლად და დაიწყონ დიალოგი. ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული მშვიდობიანი გზების ძიებით.  ჩვენ მზად ვართ დავუჭიროთ მხარი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას, მზად ვართ საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.

გვსურს მივმართოთ ბელორუს ხალხს: ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სურვილს გქონდეთ მშვიდობიანი და დემოკრატიული მომავალი”, – განაცხადა ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა.


2020 წლის 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო. ლუკაშენკო 26 წელია მართავს ბელარუსს.

საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილე მოქალაქეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ლუკაშენკოს პრეზიდენტად მიღებას. არჩევნების შემდგომ დაწყებული დემონსტრაციების დროს, ოფიციალური ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით.


ამავე თემაზე:

51 მილიონი ევრო ბელორუს ხალხს ევროკავშირისგან – ევროკომისიის პრეზიდენტი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: