მთავარი,სიახლეები

შშმ ქალი, რომელიც მშენებლობაზეც მუშაობდა – ზოგჯერ ღამე შიმშილისგან მეღვიძება

19.08.2020 • 1758
შშმ ქალი, რომელიც მშენებლობაზეც მუშაობდა – ზოგჯერ ღამე შიმშილისგან მეღვიძება

„…დღეს, მაგალითად, უფასო სასადილოდან ლობიო წამოვიღე და ნახევარი პური მომცეს, მაგრამ ლობიოს სუნელები საერთოდ არ აქვს. მე სუნელებით მიყვარს ლობიო. სუნელების ფულიც არ მქონდა, რომ მეყიდა,“ – გვიყვება ლელა ოსეფაშვილი. ის თბილისში, ნაქირავებ ოთახში მარტო ცხოვრობს.

ლელა ოსეფაშვილი 50 წლისაა. როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდი, პენსიას იღებს, სოციალურ შემწეობას, უფასო სასადილოთი სარგებლობს და ოთახის ქირას თბილისის მერია უხდის. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს სხვადასხვა სოციალური სერვისით სარგებლობს, ლელა ამბობს, რომ ნახევრად მშიერია და ამას ვეღარ უძლებს.

ლელამ თავისი მდგომარეობის შესახებ ღიად საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს, რადგან მისი სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

„შშმ პირის პენსიას ვიღებ, თვეში 140 ლარია, მაგრამ წლების წინ, როცა ქირის ფულს არავინ მიხდიდა, იძულებული გავხდი, სესხი ამეღო… ახლა პენსიიდან ბანკი 40 ლარს იტოვებს და 100 ლარს ვიღებ. სოციალური დახმარება 50 ლარია. სულ ესაა ჩემი შემოსავალი, მაგრამ რამდენი რამე გინდა ადამიანს არსებობისთვის? მარტო ჰიგიენურ საშუალებებში არ გეყოფა ეს ფული.

ზოგჯერ ღამე შიმშილისგან მეღვიძება. ამას წინათ, ხილი მომინდა, ისე მომინდა, რომ აი, სასწაულად…“ – ამბობს ლელა.

ლელა წლების წინ მშენებლობაზე მუშაობდა. სამშენებლო ობიექტზე მიღებული ტრავმის შემდეგ ლელას მეტყველება დაერღვა და მას მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიანიჭეს.

„სულ ვირივით მუშაობა მიწევდა – ჯერ ფერმაში, მერე თბილისში ჩამოვედი და ყარაულიც ვიყავი, არაფერს ვთაკილობდი, ოღონდაც ჩემი ლუკმა-პური მეშოვა. მერე სანზონაში საკანალიზაციო არხების თხრაზე ვიყავი, ბინების დასუფთავებაზეც დავდიოდი, მშენებლობებზე რამდენიმე წელი ვმუშაობდი. ყველას უკვირდა, ქალი მშენებლობაზეო?

ერთ დღესაც ხარაჩოებიდან ჩამოვვარდი. იქ გავიარე, სადაც არ უნდა გამევლო. ჩემი ბრალი იყო, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ. რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ მეტყველება დამიზიანდა… ეტყობა, ტვინმა ვეღარ გაუძლო ამდენს.

ერთოთახიანი ბინა მქონდა თბილისში, მისი გაყიდვა მომიხდა. ახლა ჩემი ოცნება ისაა, რომ ჩემი ბინა მქონდეს. ეს ბინა დაბზარულია, ერთ ოთახშია საძინებელი, მისაღები, სამზარეულო, ჩემი აბაზანაც…

დაოჯახებული არ ვარ და არც ვყოფილვარ. მცხეთაში ვცხოვრობდი, მერვე კლასი დავამთავრე და მეტი აღარ მისწავლია, სოფლიდან წამოვედი, წარსულზე საუბარი აღარ მინდა,“ – გვითხრა ლელა ოსეფაშვილმა.

სოციალურად დაუცველის ცხოვრება დღითიდღე რთულდება და ძვირდება. ლელა ამბობს, რომ ბოლო პერიოდამდე თავისი პენსიით და სოციალური შემწეობით თავი გაჰქონდა. ახლა კი, ამ თანხით რის შეძენაც წინა წლებში შესაძლებელი იყო, ამავე ოდენობის საკვებ პროდუქტებს ვეღარ ყიდულობს.

„ყველაფერი ძვირდება, ადრე რასაც ყიდულობდი, იმას ახლა ვეღარ ყიდულობ, მაგრამ ხშირად კეთილი ადამიანები, ძირითადად მეზობლები მეხმარებიან, ესენი რომ არა…“ – ასრულებს საუბარს ლელა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: