მთავარი,სიახლეები

„ქალი კაცებთან ასე არ უნდა მოიქცესო“ – რესტორნის ყოფილი თანამშრომელი დამსაქმებელს უჩივის

18.08.2020 • 3873
„ქალი კაცებთან ასე არ უნდა მოიქცესო“ – რესტორნის ყოფილი თანამშრომელი დამსაქმებელს უჩივის

„ქალი ასე არ უნდა მოიქცეს სუფრასთან, სადაც მამაკაცები არიანო… მაგ ბოთლს გაგთხრი ერთ ადგილზეო… სხვა სუფრასთან რომ მოხვდე, მამაკაცები ამას სხვანაირად მიიღებენ, ხელითაც შეგეხებიან და სხვა რამესაც გიზამენო…“ – ამას ბათუმში, რესტორან ROUTE 66-დან გათავისუფლებული თანამშრომელი, ქრისტინა ნანიკაშვილი ამბობს. მისი თქმით, ის დისკრიმინაციული ნიშნით შეურაცხყო რესტორნის მფლობელმა – ირაკლი გოგინავამ და ამავე მოტივით დაითხოვა სამსახურიდან. შემთხვევა 14 აგვისტოს მოხდა. ქრისტინა ნანიკაშვილი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს დისკრიმინაციის დადგენის მოტივით.

„ამ რესტორანში მიმტანად მუშაობა ივნისის ბოლოს დავიწყე… ხელშეკრულება არ მქონდა და არც გათავისუფლების ბრძანება ჩაუბარებიათ, ყველა სმენის ბოლოს გვიხდიდნენ ფულს დღიურად,“ – გვიყვება ქრისტინა ნანიკაშვილი. – „იმ საღამოს, როცა მუშაობა დავასრულეთ, ღამის 12 საათი იყო, უფროსები ერთ მაგიდასთან ისხდნენ და საჭმელად მიგვიპატიჟეს, სახლებში მერე წადითო. ზოგადად, კარგი ურთიერთობა გვქონდა თანამშრომლებს უფროსებთან… სამი თანამშრომელი სუფრას შევუერთდით.

ბევრ თემაზე ვხუმრობდით, მათ შორის, ჩემზე და ლაშაზე. ლაშა ბარმენია და ჩვენ მუდმივად ვკინკლაობდით, რა თქმა უნდა, ხუმრობით… გვეუბნებოდნენ, კატა-თაგვივით ხართო. მერე ჩემმა უფროსმა უთხრა ლაშას, შენს ადგილზე რომ ვიყო, ფეხებით დავკიდებდი ამ გოგოს, ისე გიშლის ნერვებსო. მე ვუთხარი, ვერაფერსაც ვერ მიზამს-მეთქი და ლიმონათის ბოთლს მოვკიდე ხელი. ბოთლი იმის ნიშნად წამოვწიე მაგიდიდან, რომ თუ რამე, ჩაგარტყამ-მეთქი და ლაშას ვუყურებდი. ამაზე გაგიჟდა ირაკლი, რესტორნის უფროსი. ჩვენ აქ კაცები ვზივართ სუფრასთანო და პირდაპირ გადმოვიდა შეურაცხყოფაზე, მაგ ბოთლს გაგთხრი ახლა ერთ ადგილზეო. ჩემთვის ასეთი რეაქცია ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან ირაკლი მანამდე კარგად მექცეოდა… ვიჯექი ენაჩავრდნილი და ვერაფერს ვამბობდი. ვერ მივხვდი, რატომ დავიმსახურე ასეთი შეურაცხყოფა. ის კიდევ არ ჩერდებოდა და ამბობდა, რომ სხვა სუფრასთან და სხვა კაცებთან თუ ასე მოვიქცეოდი, სხვანაირად გაიგებდნენ, ფიზიკურადაც შემეხებოდნენ და სხვა რამესაც მიზამდნენ…

მე იქვე ვკითხე ლაშას, გეწყინა რამე-მეთქი და არაო. ავდექი და ვთქვი, რომ მივდიოდი, რადგან ამის მოსმენა აღარ შემეძლო. დამიყვირა, დაჯექიო. ისევ დავჯექი. არ ვეპასუხებოდი. მერე ამაზე გაბრაზდა, ნახეთ, არც კი მისმენსო. რადგან არ გესმის ჩემი სიტყვები, აკრიფე შენი ნივთები და წადი აქედანო.

არავინ დამიჭირა მხარი, ყველა დუმდა… ავდექი და გარეთ გამოვედი, ვტიროდი. გზაში ლაშა დამეწია, მითხრა, რომ უფროსს სათანადო პასუხი გასცა…“ – მოგვიყვა ქრისტინა ნანიკაშვილი.

ქრისტინას თქმით, ის ყოფილ დამსაქმებელს ამ შემთხვევიდან მესამე დღესაც შეხვდა. ქრისტინა ამბობს, რომ უფროსმა მას ისევ მიაყენა შეყრაცხყოფა.

„…ვუთხარი, აქ დაბრუნებას მე მაინც არ ვაპირებ, მაგრამ თქვენ არაფერი გაქვთ ჩემთვის სათქმელი-მეთქი და არაო, გათავისუფლებული ხართ სამსახურიდანო. მერე აღელდა და ისევ ბოთლზე დაიწყო საუბარი… მითხრა, როცა გაიზრდები, მიხვდები რაცაა პრობლემაო. როდის უნდა გავიზარდო, როცა უკვე 27 წლის ვარ? რის გამო დავიმსახურე ეს სიტყვები-მეთქი – კიდევ ერთხელ ვკითხე და შემაგინა მეც და ყველა იმ პირსაც, ვინც ჩემ მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა,“ – დაასრულა ქრისტინა ნანიკაშვილმა.

„არ იყო ეს დისკრიმინაცია, როგორ გეკადრებათ? ქალბატონებს მე პატივ ვცემ ყველას…“ – გვიპასუხა ROUTE 66-ის მფლობელმა, ირაკლი გოგინავამ. ის ადასტურებს სიტყვიერ შელაპარაკებას თანამშრომელთან და ამბობს, რომ ქრისტინა ნანიკაშვილი სამსახურიდან თანამშრომელთან არასათანადო მოპყრობის გამო გაუშვა. რესტორნის მფლობელი არ აკონკრეტებს, რა იყო „არასათანადო მოპყრობა“.

„თუ შეიძლება, მაგ საკითხზე არ ვისაუბრებ, არ მინდა, კიდევ უფრო გავამწვავო ეს საკითხი… ის ასევე ვერ უმკლავდებოდა თავის პროფესიულ მოვალეობას. გათავისუფლების ბრძანება არ გაგვიფორმებია, რადგან სტაჟიორი იყო, ჩვენ სტაჟიორებსაც ვუხდით ანაზღაურებას. მას მარტო მე არ ვაძლევდი შენიშვნებს, მაგრამ შენიშვნებს არ იღებდა, ადმინისტრატორი ქალია და იმის შენიშვნებსაც არ იღებდა. კარგი, მე მამაკაცი ვარ და შესაძლოა გრცხვენია რაღაც, მაგრამ ქალისგან რატომ არ იღებდა შენიშვნას?“ – კითხულობს ირაკლი გოგინავა.

რესტორნის მფლობელი კონფლიქტის დღეს ასე იხსნებს:

„…იმ დღესაც ვისაუბრე მაგაზე, რომ ჩვენ ერთი ოჯახივით უნდა ვიყოთ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს… ესენი სულ კინკლაობდნენ – ბარმენი და ქრისტი. კი იძახდნენ, ჩვენ ვხუმრობდითო, მაგრამ როდესაც კლიენტი ზის მაგიდასთან და ხედავს ამ ყველაფერს, იმისთვის უხერხულია…. საღამოსაც, როცა სუფრასთან ვიყავით, ისევ შენიშვნა მივეცი და ამას მოჰყვა ცოტა ენის ტლიკინი. იმ ბიჭმაც უთხრა, ბარმენმა, რომ არასწორი ხარო… სხვებმაც ეს უთხრეს, არასწორი ხარო…

მე არ მითქვამს კაცებთან ნუ მოიქცევი ასე, ვუთხარი, რომ სუფრასთან არ შეიძლებოდა ასე მოქცევა, ეს ძალიან ცუდად შეგიბრუნდება და ეგ დაიმახსოვრე-მეთქი.

მერე როცა იყო მოსული კიდევ, ისევ ეგ ვუთხარი, როცა გაიზრდები, მიხვდები მაგას, რომ საზოგადოებაში ასე მოქცევა არ შეიძლება და სხვაგან შესაძლოა, უკურეაქცია მოჰყვეს, ვიღაც ისე მოგექცეს, რომ ნაწყენი დარჩები-მეთქი,“ – გვითხრა ირაკლი გოგინავამ.

ირაკლი გოგინავას ეჭვი აქვს, რომ მის ბიზნესს მიზანმიმართულად უტევენ, თუმცა ჯერ ამ თემაზე კონკრეტულად საუბარი არ სურს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ამავე რესტორნის ბარმენსაც, რომელიც ამ შემთხვევის მოწმეა. მან გვითხრა, რომ სასაუბროდ არ სცალია და როცა მოიცლის, თავად დაგვიკავშირდება. ბარმენის ზარს „ბათუმელები“ მთელი დღის განმავლობაში ელოდა. მან დღის ბოლოს ტელეფონი გამორთო.

____

მთავარი ფოტო: ქრისტინა ნანიკაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: