მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 500 ათასი ლარით აფინანსებს – რეგისტრაცია დაიწყო

14.08.2020 • 2731
ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 500 ათასი ლარით აფინანსებს – რეგისტრაცია დაიწყო

– „ოდესმე იქნება ისე, რომ ბათუმში ტროტუარზე მანქანები აღარ დავინახოთ“?

– კი. თუ ველობილიკები უკეთესად მოეწყობა და ველოსიპედით გადაადგილება მოდური გახდება“…

მსგავსი საუბრები ფეხით სიარულისას ყოველ ჯერზე გესმის ბათუმის ქუჩებში. ვიღაცას უფრო მეტი სკვერი სურს თავის ქალაქში, ვიღაც სპორტულ მოედნებსა თუ სკვერებში მეტ ტრენაჟორზე ოცნებობს. საჭიროებებს რა გამოლევს ქალაქში, რომელშიც 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

სწორედ ამიტომ, თუ ხარ ბათუმში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქე, გაქვს შანსი, არამხოლოდ მოგისმინონ, როგორ გინდა შეცვალო ქალაქი უკეთესობისკენ, არამედ თანხასაც გამოგიყოფენ მიზნის მისაღწევად. ამისთვის, პირველი რიგში, უნდა დარეგისტრირდეთ ვებპორტალზე – idea.batumi.ge

ეს პირველი ნაბიჯია. შემდეგ კი ამავე ვებგვერდზე უნდა ატვირთოთ ის იდეა/პროექტი, რისი გაკეთებაც გსურთ ქალაქისთვის.

იდეების რეგისტრაცია შესაძლებელია 6 სექტემბრის ჩათვლით.

თუ ელექტრონულად რეგისტრაციას ვერ ახერხებთ, ბათუმის მერიას უნდა ეწვიოთ მისამართზე – ლუკა ასათიანის ქ. #25. აქვე გეტყვით, რომ ბათუმის მერია და პროექტში – „შენი იდეა ბათუმს“ – ჩართული პირები უკვე ატარებენ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრებს, ასეთი შეხვედრა დღეს, 19:00 საათზეც იმართება დღეს, 14 აგვისტოს ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარედ.

მას შემდეგ, რაც იდეების რეგისტრაცია დასრულდება, პროექტებს შეაფასებს სპეციალურად შექმნილი საბჭო. 14-წევრიანი საბჭო პარიტეტული წესითაა დაკომპლექტებული, რომლის შემადგენლობაშიც არიან მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი დარბაზის წევრები, ახალგაზრდები, ასევე გასულ წელს გამარჯვებული პროექტის ავტორი.

შემდეგი ერთ-ერთი ბოლო ეტაპია ხმის მიცემის პროცედურა – იდეა გამარჯვებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი იდეა/პროექტი მიიღებს ყველაზე მეტ ხმას. მაგალითად, თუ თქვენი პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა, პირობითად, 200 ათასი ლარი და თქვენ მიიღებთ ყველაზე მეტი მოქალაქის ხმას, თქვენი პროექტი დაფინანსდება. შესაბამისად, „შენი იდეა ბათუმს“ იმდენი გამარჯვებული ეყოლება, რამდენი პროექტიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, გამოყოფილი თანხის შევსებამდე.

გამარჯვებულებს საბოლოოდ მოქალაქეები ონლაინ ხმის მიცემის გზით გამოავლენენ.

ერთ-ერთი მოთხოვნაა ისიც, რომ თქვენმა იდეამ აუცილებლად უნდა მიიღოს ხმის მიცემის პროცესში ჩართული მოქალაქეების ხმათა საერთო რაოდენობის 10%-ი.

გამარჯვებული იდეების განსახორციელებლად ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით პროექტის ბიუჯეტი სამჯერ არის გაზრდილი.

ისე, როგორც გასულ წელს, წელსაც პროექტს მხარს უჭერს USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამა, რადგან მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი იდეა

ბათუმის მერიაში მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, ეთუნა ლომაძე განმარტავს, თუ რას უნდა მოიცავდეს თქვენი იდეა და რა კომპონენტებს უნდა შეიცავდეს.

მაშ ასე, იდეაზე მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ საკითხებს:

  • იდეის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს ბათუმის ტერიტორიულ საზღვრებში;
  • იდეა უნდა ემთხვეოდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სფეროებს. შესაძლებელია ეს იყოს ეკოლოგიური, კულტურული, გარემოსდაცვითი, სპორტული, ახალგაზრდული ან სხვა მიმართულების პროექტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, სკვერებისა და ბაღების მოვლა-პატრონობის ახლებური ხედვა და ა.შ.;
  • იდეა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივი, საჯარო სიკეთის შექმნას და არ უნდა იყოს კერძო პირის კომერციულ ინტერესებზე მორგებული;
  • უნდა შეძლოთ და დაასაბუთოთ, თუ რატომ უნდა დაფინანსდეს ეს პროექტი, რით არის აქტუალური თქვენი იდეა და რა პრობლემას მოაგვარებდა ის ქალაქში. შესაძლებელია იდეის მიზანი არ იყოს პრობლემის მოგვარება და იდეა უზრუნველყოფდეს ქალაქში სიახლის დანერგვას.
  • უნდა შეძლოთ და აჩვენოთ იდეის განხორციელების გზები და საშუალებები. გაწერილი იდეა, რომელსაც ვებგვერდზე ატვირთავთ, შესაძლოა არ იყოს ვრცელი დოკუმენტი და ლაკონურად, მაგრამ კონკრეტულად გადმოსცემდეს იდეის რეალიზების გზებს.
  • ნაჩვენები უნდა იყოს თუ რა შედეგები იქნება მიღწეული იდეის განხორციელების შემთხვევაში.
  • გაწერილი უნდა იყოს ბიუჯეტი, რაც იდეის რეალობად ქცევისთვის იქნება საჭირო.
  • ტერიტორია, სადაც იდეის რეალიზება წარმოგიდგენიათ, უნდა იყოს აუცილებლად მუნიციპალიტეტის და არა კერძო საკუთრება.
  • პროექტის ბიუჯეტის მაქსიმალური, ზედა ზღვარი ნახევარი მილიონი ლარია, მინიმალური ზღვარი განსაზღვრული არ არის.

ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, ეთუნა ლომაძე.

წარუდგინეთ ქალაქს იდეები და მარტივად აქციეთ ისინი რეალობად 

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, ნათია აფხაზავას თქმით, პროექტის მიმართ – „შენი იდეა ბათუმს“ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ვებგვერდზე უკვე რეგისტრირებულია 3500 მოქალაქე.

„იდეების მიღების გამოცხადებამდე ბევრი გვწერდა, როდის დაიწყებოდა პროექტი წელს.  საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად ტარდება.

საინტერესო იდეები აქვთ მოქალაქეებს ტურიზმის, კულტურის, ახალგაზრდობის ინტერესების, ინფრასტრუქტურის, გამწვანების და სხვა მიმართულებით. ყველას მოვუწოდებთ ჩაერთონ ამ მნიშვნელოვან პროცესში, რაც ნიშნავს ქალაქის სტრატეგიულ განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას. წვლილი შეგაქვს საერთო საქმეში თუ იდეას წარადგენ და განვითარების ხელშემწყობი ხარ ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ ამ იდეებისთვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობ“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, ნათია აფხაზავა.

მისივე თქმით, წინა წლებთან შედარებით გამარტივებულია პირისა და იდეის ვებგვერდზე დარეგისტრირების პროცესი. იდეები გადის მხოლოდ ერთ ფილტრს: ვებგვერდზე წარდგენის შემდეგ საბჭოს მიერ ხდება წინასწარ განსაზღვურლი კრიტერიუმებით იდეების ანალიზი, კერძოდ კი მოწმდება რამდენად გამართულია ის სამართლებრივი და ადმინისტრაციული თვალსაზრისით, მაგალითად: არის თუ არა ფორმა შევსებული სწორად, ტერიტორია, სადაც იდეა უნდა განხორციელდეს არის თუ არა ნამდვილად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და ა.შ.  ის იდეები, რომლებიც გაივლის პირველად ანალიზს, ხმის მიცემის ეტაპზე გადადის.

გასულ წლებთან შედარებით წელს ასევე შემცირდა თითო იდეისთვის გასამარჯვებლად საჭირო ხმათა ზღვარი. როგორც უკვე ვთქვით, ახლა იდეის გამარჯვებისთვის საკმარისია ხმის მიცემის პროცესში ჩართული მოქალაქეების ხმათა საერთო რაოდენობის მხოლოდ 10 %.

მონაწილეობითი ბიუჯეტი – გზა საკუთარი ქალაქის დასაგეგმად

„შენი იდეა ბათუმს“ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტია, რაც ქალაქის განვითარებაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი მაღალი საფეხურის  მექანიზმადაა მიჩნეული.

ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, როცა მუნიციპალიტეტი ბიუჯეტიდან გამოყოფს თანხას და მოქალაქეებს სთავაზობს, გააკეთონ საკუთარი ქალაქისთვის ის, რაც მათ სურთ.

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტში ელექტრონული და ღია მმართველობის შემადგენელი  ნაწილია. პოსტკოვიდურმა სამყარომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი, ელექტრონული მექანიზმების გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს ინფორმირებულობის და მოქალაქეთა ჩართულობის პროცესის გამარტივებას.

პროექტს – „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერია. მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა (GGI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: