ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

29.07.2020 • 9034
„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ – ეს „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პარტიამ თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. ამ დაპირებით ავტობანის მშენებლობა მინიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით კი, უცნობია, როდის დასრულდება მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტობანის [ჩქაროსნული ავტომაგისტრალის] გარკვეული მონაკვეთები 2022 წელში უნდა დასრულდეს, ზოგ მონაკვეთზე დაწყებულია სატენდერო პროცედურები, ზოგ მონაკვეთზე კი, ჯერ მშენებლობის დასაწყებად ტენდერის გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაციაც არ არის მზად.

ამასთან, ავტობანის მშენებლობის დაუსრულებლობაში ანუ ოცნების 2016 წლის საარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში, ახალი კორონავირუსის პანდემიას ხელი არ შეუშლია.

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს აცხადებდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდებოდა, თუმცა მოგვიანებით საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მშენებლობის ტემპი ზოგან შეფერხდა: „მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში  საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის  ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი  რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა“.

რატომ ვერ დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა 2020 წელს

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი [ავტობანი] ძირითადად წითელი ხიდი-სარფის მონაკვეთია, სადაც სამუშაოები გარკვეულ ადგილებში ეტაპობრივად დასრულდა, ნაწილზე მიმდინარეობს, ხოლო ზოგი მონაკვეთის მშენებლობა ჯერ კიდევ გეგმაშია.

დავიწყოთ სარფიდან. ჭოროხი-სარფის გზის პროექტირება 2017 წლის მაისამდე უნდა დასრულებულიყო და 2020 წლის გაზაფხულზე მშენებლობის დასრულებაც იგეგმებოდა. ბოლო ინფორმაციით კი, რაც დეპარტამენტმა 2019 წლის იანვარში მოგვაწოდა, ბათუმი-სარფის [თურქეთის საზღვარი] ახალი გზის მშენებლობა 2021-2024 წლებში არის დაგეგმილი.

ბათუმის შემოვლითი ახალი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, კონტრაქტით, 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ეს ვადაც გადაიწევს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“  სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღი ვერ დაუსახელეს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ-იანი მონაკვეთი, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება კი, დეპარტამენტის ინფორმაციით, 2021 წელს არის დაგეგმილი.

18 ივლისს აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის 14 კმ-იანი გზა გაიხსნა. რაც შეეხება ამ გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებს, დეპარტამენტის ინფორმაციით, „აქ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ხოლო მე-3 მონაკვეთზე, ჯერ მხოლოდ სატენდერო პროცედურებია დაწყებული.

[მე-3 მონაკვეთზე დეპარტამენტმა ხელშეკრულება კომპანია „ტოდინთან“ შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე კი, „ტოდინი“ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამოავლინა დეპარტამენტმა გამარჯვებულად და ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ხელშეკრულებაც შეწყვიტა.]

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.  რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი. დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები კი 2020 წლის 1-ელ აპრილს გაიხსნა. დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4-ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. სამუშაოების ვადად 27 თვეა განსაზღვრული [ანუ 2023 წლამდე პერიოდი].

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზა გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გავა რიკოთის გვირაბთან. 2020 წელს მხოლოდ ამ გზის შემადგენელი ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გახსნა იგეგმება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელია ასევე თბილისის შემოვლითი გზა [55 კმ], რომელიც ნატახტარის კვანძიდან დაიწყება და შეუერთდება რუსთავის ავტობანს. რუსთავი-წითელი ხიდის 31 კმ-იანი გზა კი აზერბაიჯანის საზღვრამდე მიდის. ამ გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის დასრულება კი, სავარაუდოდ 2022 წელს იგეგმება.

 

მთავარი ფოტო: აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი წითელი ხიდიდან სარფამდე / წყარო: გზების დეპარტამენტი

 

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/291804/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: