მთავარი,სიახლეები

30 ივლისს გოდერძის ალპური ბაღი გაიხსნება

28.07.2020 • 1821
30 ივლისს გოდერძის ალპური ბაღი გაიხსნება

30 ივლისს გოდერძის ალპური ბაღი გაიხსნება, რომელიც ხულოში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს.

ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტსა და მწვანე ტბაზე მოგზაურებისთვის, ასევე კურორტ გოდერძიზე და ბეშუმში დამსვენებლებისთვის.

ალპურ ბაღში წარმოდგენილია აჭარის სუბალპური და ალპური ზონისთვის დამახასიათებელი უნიკალური მცენარეულობა და ჰაბიტატების მრავალფეროვნება.

გოდერძის ალპური ბაღის ძირითადი დანიშნულებაა კავკასიის ეკორეგიონის მაღალმთიანეთის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, სუბალპური ზონის ტყის ზოლის აღდგენა, ეკოგანათლების პოპულარიზაცია და სოფლად ტურიზმის განვითარება. ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნობით, ასევე, საპიკნიკე და საკემპინგე ზონები.

გოდერძის ალპური ბაღის მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან მუშაობს საბაზრო სისტემის განვითარებაზე სოფლად მცხოვრები ოჯახებისათვის, რომელთა ძირითად შემოსავალს მესაქონლეობა და მეფუტკრეობა წარმოადგენს. პროექტის მხარდამჭერები არიან: „აჭარისწყალი ჯორჯია“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

ალპურ ბაღს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს.

_____________

ფოტოზე: ხულო, გოდერძი, ალპური ბოტანიკური ბაღი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი