სიახლეები

როგორ დაიწყო ქედელმა კაცმა ბიზნესი ფეისბუქით, პანდემიის დროს [ფოტო]

23.07.2020 • 6521
როგორ დაიწყო ქედელმა კაცმა ბიზნესი ფეისბუქით, პანდემიის დროს [ფოტო]

„აჭარაში, ქედის რაიონის სოფელ უჩხითში, არაჩვეულებრივი ბიჭი აღმოვაჩინე – რესან ჟოჟაძე, რომელიც ხისგან აი, ასეთ ნივთებს ამზადებს. ბაბუა დურგალი ჰყოლია და დღემდე მისი დანატოვარი იარაღებით მუშაობს…“ –  ეს პოსტი „ფეისბუქის“ მომხმარებელმა ნინო კვაჭანტირაძემ გამოაქვეყნა და ამ ჭურჭლის ფოტოებიც თან დაურთო.

რესანის ნამუშევრები

ნინომ  მეგობრებს ურჩია დაინტერესდნენ ამ ნივთებით, რადგან ჭურჭელი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და უსაფრთხოა.

მოწონებების რაოდენობას და კომენტარების შინაარსს თუ გადავხედავთ, რესანის მიერ ფეისბუქში შექმნილ გვერდსაც დიდი გამოხმაურება აქვს. ის ამ გვერდზე საკუთარი ნამუშევრების ფოტოებს ათავსებს. ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ თებერვალში შექმნილი გვერდი უკვე საკმაოდ პოპულარულია.

რესანის თქმით, ხეზე მუშაობის შესწავლა 13 წლის ასაკში დაიწყო, ბაბუა ხეზე მუშაობდა, ძირითადად კარ-ფანჯრებს ამზადებდა და რესანმაც მისგან აითვისა ხის დამუშავება. შემდეგ კი ამ საქმეში მრავალფეროვნების საჭიროება დაინახა – თავისუფალ დროს ხის ჭურჭლისა და ჭაღების დამზადება დაიწყო. მისი დამზადებული ნივთებიდან განსაკუთრებული ინტერესი ხის მაჯის საათმა გამოიწვია.

„პირველად მაჯის საათი დავამზადე ხისგან, მექანიკური ელემენტებით ავამუშავე, შემდეგ დავიწყე ჭაღების, ჭურჭლის და სხვადასხვა ნივთის დამზადება – ნივთები ბევრს მოეწონა და უამრავი შეკვეთა მივიღე, მოთხოვნა არის“, – გვიყვება ახალგაზრდა კაცი, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითში ცხოვრობს.

რესანის ნამუშევარი

ამ ეტაპზე რესანი ცდილობს მოიპოვოს დაფინანსება, რომლითაც თანამედროვე დანადგარებს შეისყიდის: „მე მაქვს მხოლოდ ბაბუას ნაქონი რუსული წარმოების დაჟანგული დანადგარები. თანამედროვე დანადგარებით მინდა ისეთი დახვეწილი ნივთები დავამზადო, რომ ჩემი ნამუშევრები საზღვარგარეთ გავიტანო“, – გვიყვება რესანი საკუთარ გეგმებზე.

რესანის თქმით, დაახლოებით 10 000 ლარი სჭირდება იმისათვის, რომ თანამედროვე დანადგარები შეიძინოს და შექმნას ისეთი სახელოსნო, სადაც სხვებსაც დაასაქმებს.

რესანის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ამბობს, რომ ამის გამო ვერ შეძლო ოცნების ასრულება – უმაღლესი განათლების მიღება. პანდემიამდე, ჩაის კრეფის სეზონზე, რესანი ოჯახთან ერთად თურქეთში დადიოდა სამუშაოდ. პანდემიამ კი მის ოჯახს შემოსავლის ეს წყაროც გადაუკეტა.

სწორედ კორონავირუსის პერიოდში დაიწყო ხელნაკეთი ნივთების დამზადებაზე სერიოზული ფიქრი. თურქეთში გამომუშავებული ფულით ორი „ჩარხი“ შეაკერინა ბათუმში, მოიწყო ელემენტარული სამუშაო გარემო და შეუდგა თავისი ახალი გეგმის განხორციელებას. შემდეგი ეტაპი კი ფეისბუქში სპეციალური გვერდის შექმნა იყო, სადაც საკუთარი ხელით დამზადებული ნივთების ფოტოები გამოაქვეყნა…

რესანისთვის მოულოდნელად გამოხმაურებამაც არ დააყოვნა.

ახლა ოჯახი სოციალური დახმარებით და რესანის მიერ დამზადებული ნივთებისგან მიღებული შემოსავლით ცხოვრობს.

რესან ჟოჟაძის ხელნაკეთი ჭურჭელი

რესანი გვიყვება, რომ სამუშაო მასალად ხშირად შეშას იყენებს: „შეშად ვყიდულობ წაბლს და რაღაც ნაწილს ვიყენებ, როგორც სამუშაო მასალას.“

რესანის თქმით, დამუშავებულ მასალას ხარშავს და შემდეგ ზეითუნის, თაფლის ან ფორთოხლის ზეთით ამუშავებს.

„ვცდილობ სხვადასხვა ფორმა მოვიფიქრო, სახელოსნოში ვარ დილიდან საღამომდე, ზოგჯერ ღამის 12 საათამდეც, მოთხოვნა არის და მინდა დავაკმაყოფილო“.

ვკითხეთ გაყიდვების შესახებაც. გვითხრა, რომ დაკვეთებს ძირითადად ფეისბუქის საშუალებით იღებს. დამკვეთის მოთხოვნებს ითვალისწინებს და იწყებს ნივთის შექმნას. რამდენიმედღიანი დაუზარელი შრომის შემდეგ ნივთიც მზადაა. მერე უკვე ნივთს ადრესატთან ფოსტით აგზავნის.

რესან ჟოჟაძის ხელნაკეთი ნივთი

რესანის ნამუშევარი

გადაბეჭდვის წესი