მთავარი,სიახლეები

29 კაცი და 1 ქალი – რატომ წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ კაცები

20.07.2020 • 1321
29 კაცი და 1 ქალი – რატომ წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ კაცები

დღეს, 20 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი ქალი კანდიდატი წარადგინა. წარდგენისას ქალი კანდიდატის ღირსებად 4 შვილის დედობა დაასახელეს. „ქართული ოცნების“ სიას ფეისბუქში უკვე გამოეხმაურა საზოგადოება და მას გენდერულად არასენსიტიური უწოდა. რაზე მეტყველებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების სია? – „რესპუბლიკელ“ თამარ კორძაიას შეფასებით, ეს აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ქალებს ვერ ხედავს პოლიტიკაში, „რაც ყველაზე დიდი პრობლემაა“.

„როგორ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ შექმნას დაბალანსებული პოლიტიკა, როდესაც 30 მაჟორიტარობის კანდიდატიდან მარტო 1 ქალია წარდგენილი? ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტი ფორმალურად იღებს გადაწყვეტილებებს იმიტომ, რომ არის საზოგადოებრივი ზეწოლა, მოთხოვნა. როდესაც მასზეა დამოკიდებული, გადაწყვეტილებას იღებს გარეგანი ჩარევის გარეშე, ვხედავთ, რომ მათთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა ქალების ყოფნა პოლიტიკაში და ეს დაადასტურა კიდეც მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამ“, – ამბობს კორძაია.

ერთადერთი ქალი კანდიდატის წარდგენისას, მის მთავარ ღირსებად მმართველმა პარტიამ 4 შვილის დედობა დაასახელა.

„ის, რომ პოლიტიკაში წარმოდგენილ სუბიექტებს ოჯახები აქვთ, შვილები ჰყავთ და ა.შ. ეს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხია, მაგრამ შვილებისა და მათთან ურთიერთობის მხოლოდ ქალის შემთხვევაში აღინიშნა, მენტალური პრობლემაა. ქალი მათთვის მაინც ასოცირებულია შვილებთან, ოჯახთან და თუ კარგი დედაა, ამიტომ უნდა დაფასდეს საზოგადოებრივ ასპარეზზე. შეიძლება ადამიანი არ იყოს დედა, მაგრამ ბრწყინვალე იყოს საზოგადოებრივ ასპარეზზე.

კაცის შემთხვევაში არ იყო ოჯახი და შვილები ნახსენები. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პოზიციონირება საზოგადოების წინაშე ნათლად აჩვენებს მათ სახეს. თანასწორობის იდეა „ქართული ოცნებისთვის“ არ არის თავსებადი, გააზრებულიც კი არ აქვთ. ეს გაუაზრებლობა ამ ტექსტებშიც კი ჩანს“, – ამბობს თამარ კორძაია.

მისი შეფასებით, გენდერული თანასწორობა, ქალების პოლიტიკაში ყოფნა „ქართული ოცნებისთვის“ საერთოდ არ არის თემა და ვერც კი ხვდებიან, ეს რა მასშტაბის პრობლემა შეიძლება იყოს.

„მათ ისეთ კანდიდატებზე გააკეთეს აქცენტი, რომლებიც პატარა მამასახლისებად არიან წარმოდგენილები თავიან რეგიონებში. თუნდაც იგივე ანზორ ბოლქვაძე, რომელზეც არაერთი გადაცემა გაკეთდა, მის უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და ა.შ. არიან კაცები, რომლებსაც ე.წ. კაცური გავლენა აქვთ თავიანთ რაიონებში და ფეოდალურ სივრცეს ქმნიან თავიანთ გარშემო, სადეპუტატო, სამაჟორიტარო ტერიტორიაზე. რა აქვთ ამ ადამიანებს გაკეთებული ხალხისთვის, ამაზე არ ყოფილა წარდგენისას საუბარი. ამიტომ, მათი პრიორიტეტები ნათელი და ცალსახაა“, – ამბობს კორძაია.

„ქართულ ოცნებას“ გენდერულად დაუბალანსებელი სია ჰქონდა თვითმმართველობის არჩევნების დროსაც. ქალი არ დაუსახელებიათ მერობის არც ერთ კანდიდატად.

„არც საკრებულოში იყო ქალების წარმომადგენლობა სერიოზული. ამიტომ, ეს არის „ქართული ოცნების“ ხედვა – ისინი ვერ ხედავენ ქალებს პოლიტიკაში. ეს არის მათი პრობლემა“, – ამბობს თამარ კორძაია.

მან ასევე შეაფასა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაც. კორძაიას თქმით, მთელი კამპანია ივანიშვილს აწყობილი ჰქონდა პანდემიაზე და მის წარმატებით გავლაზე, „არც ერთი სიტყვა არ თქმულა სოციალური პრობლემების დაძლევაზე, იმაზე, რომ გაჭირვება გვაქვს და რომ კეთილდღეობა და განათლება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა“.

____

მთავარი ფოტო: ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: