მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ ანზორ ბოლქვაძე იქნება – ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური 

19.07.2020 • 2977
„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ ანზორ ბოლქვაძე იქნება – ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური 

ანზორ ბოლქვაძეს „ქართული ოცნება“ ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატად ხვალ დაასახელებს. „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა. ანზორ ბოლქვაძე მოქმედი დეპუტატია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ანზორ ბოლქვაძე მეოთხედ გახდება მაჟორიტარი დეპუტატი. შესაბამისად, ჯამში ის 16 წელს დაჰყოფს საკანონმდებლო ორგანოში.

თავდაპირველად ანზორ ბოლქვაძე პარლამენტში 2008 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  კვოტით, მაჟორიტარული წესით მოხვდა. 2012 წელს კი, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა არჩევნებში, ანზორ ბოლქვაძემ საკანონმდებლო ორგანოში „ოცნების“ სახელით გააგრძელა საქმიანობა.

2016 წელს მან ხულოს, შუახევისა და ქედის საარჩევნო ოლქები ისევ „ოცნების“  სახელით მოიგო, ამჯერადაც, ის, როგორც მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძესაც განიხილავდნენ, არ დადასტურდა. ერთი ვერსიით ეს არც თავად თორნიკე რიჟვაძემ მოინდომა, სხვა ვერსიით კი, პარტიის შიდა გამოკითხვამაც აჩვენა, რომ რიჟვაძეს არჩევნების მოგება ამ სამაჟორიტარო ოლქებში გაუჭირდებოდა.

____

უკვე ცნობილია „ქართული ოცნების“ სამივე მაჟორიტარი – ბათუმის საარჩევნო ოლქში რესან კონცელიძეს, ხოლო ქობულეთში ზაალ მიქელაძეს წარადგენს მმართველი პარტია.

ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრია 2016 წლიდან, რესან კონცელიძე კი წლების განმავლობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

„ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატებს ხვალ, 20 ივლისს წარადგენს, ასევე ჩვენი ინფორმაციით, ხვალ არ დასახელდებიან მოჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც მმართველი პარტია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის დაასახელებს: „ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.“

აჭარაში 2020 წლის არჩევნებისთვის სამი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება:

  • N28 მაჟორიტარული ოლქი – ბათუმის მუნიციპალიტეტი;
  • N29 მაჟორიტარული ოლქი – ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული [ამ ერთეულში შედის სოფლები: მახინჯაური, შუა მახინჯაური, განთიადი];
  • N30 მაჟორიტარული ოლქი – ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა, ხელვაჩაურის ყველა დანარჩენი სოფელი), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;

გადაბეჭდვის წესი


ასევე: