მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ რესპუბლიკური საავადმყოფო ხმაურის გამო გააფრთხილა

15.07.2020 • 1878
ბათუმის მერიამ რესპუბლიკური საავადმყოფო ხმაურის გამო გააფრთხილა

ბათუმის მერიამ რეპსუბლიკური საავადმყოფო გააფრთხილა. მიზეზი რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის სავენტილაციო სისტემაა, რომლის ხმაურიც მეზობლებს აწუხებთ.

ამ პრობლემის შესახებ გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებმა ადამიანებმა „ბათუმელებს“ 9 ივლისს უთხრეს. მაშინ სახელმწიფო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ [ყოფილი შპს „სტადიონის“] დირექტორმა, ჯაბა სურმანიძემ პრობლემა უარყო და თქვა, რომ „სისტემა გამართულად მუშაობს“.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საკითხი ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეისწავლა და ხმაურის დონის გადაჭარბება დაადგინა. ინსპექციაში განმარტავენ, რომ გამაფრთხილებელი ოქმი შეადგინეს და საავადმყოფოს ადმინისტრაციას გონივრული, ორკვირიანი ვადა მისცეს პრობლემის მოსაგვარებლად.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხმის იზოლაციისთვის გათბობა-გაგრილების სისტემების შეფუთვაზე მუშაობა“, – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრიდან. აქ არ უპასუხეს ჩვენს მეორე კითხვას: რატომ მოგვაწოდა სახელმწიფო შპს-ს დირექტორმა არასწორი ინფორმაცია, თუ მას ეს ინფორმაცია არ ჰქონდა?

შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ 100% წილის მფლობელი/პარტნიორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, პარტნიორის უფლებამოსილებას კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: