ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი გია კიკაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დღევანდელი, 14 ივლისის მდგომარეობით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მე თვითონ მოვინახულე დღეს პაციენტები და მდგომარეობა სტაბილურია. ამ კვირაში რამდენიმე პაციენტს უწევს საკონტროლო ტესტირება კორონავირუსზე, ხუთშაბათს ორ მძღოლს ჩაუტარდება განმეორებითი ტესტირება და ვფიქრობთ, კარგი შედეგი გვექნება. არც ერთ პაციენტს არ აღენიშნება პნევმონია და მაღალი ტემპერატურა,“ – ამბობს გია კიკაბიძე.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა ასაკი 21 წლიდან 50 წლამდეა.
______________
ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფო