მთავარი,სიახლეები

რას ამბობენ მწარმოებლები, რომელთა პროდუქციაშიც კიბოს გამომწვევი საღებავი აღმოჩნდა

10.07.2020 • 1900
რას ამბობენ მწარმოებლები, რომელთა პროდუქციაშიც კიბოს გამომწვევი საღებავი აღმოჩნდა

თბილისის სხვადასხვა მაღაზიიდან ამოიღეს საკვები პროდუქცია, რომელიც ჯანმრთელობისთვის სახიფათო საღებავს „სუდანს“ შეიცავდა. „ბათუმელები“ ქსელიდან ამოღებული პროდუქციის ორ მწარმოებელს ესაუბრა და ჰკითხა, თუ როგორ აღმოჩნდა აკრძალული საღებავი მათ  მიერ წარმოებულ პროდუქციაში.

ერთ-ერთი კომპანია არის „ნენა“, რომელიც რამდენიმე დასახელების საკვებპროდუქციას აწარმოებს. კომპანიის მწარმოებელი „ბათუმელებს“ ფეისბუქზე გამოეხმაურა, სადაც გვწერს, რომ „ამ საკითხის კვლევა, სიღრმისეულად მიმდინარეობს კომპანიის მხრიდანაც“.

„ჩვენ ჩავრთეთ დამოუკიდებელი ექსპერტები ყველა მიმართულებით, რათა მაქსიმალურად სამართლიანად და გამჭვირვალედ მოხდეს ამ შემთხვევის კვლევა.

ძალიან მალე გავაკეთებთ კომპანია „ნენას“ სახელით ოფიციალურ განცხადებას და დავიცავთ როგორც კომპანიის, ასევე მისი მომხმარებლის ინტერესებს“, – მოგვწერეს კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან.

„ბათუმელები“ ესაუბრა თამარ ყოლბაიას, რომელიც „ხათოს აფხაზური აჯიკის“ მფლობელია. ის ამბობს, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში საღებავით პროდუქციის დაბინძურების შესახებ კომპანიამ ინფორმაცია 2020 წლის 5 მარტს მიიღო.

„რადგან პანდემია იყო, პროდუქციის გამოთხოვა დავიწყეთ მაისში და ყველა ქსელიდან ამოვიღეთ, რაც დასტურდება ჩვენ მიერ უკან დაბრუნების ზედნადებებით. 120 ცალი იყო საერთო ჯამში. შემდეგ სურსათის უვნებლობა მოვიდა ჩვენთან და უკან დაბრუნებული პროდუქცია გაანადგურეს წესისამებრ, რისი ოქმიც არსებობს“, – ამბობს თამარ ყოლბაია.

კითხვაზე, თუ როგორ მოხვდა საღებავი აჯიკაში, თამარ ყოლბაია ამბობს, რომ საღებავი იმ ნედლეულს აღმოაჩნდა, რისგანაც დამზადდა აჯიკა.

„ჩვენ გვყავდა მომწოდებელი, რომლის მიერ იმპორტირებულ წიწაკაშიც გამოვლინდა „სუდანი“ და შესაბამისად, ყველა მწარმოებლის პროდუქციაში გამოვლინდა, ვინც მისი შემოტანილი ნედლეული გამოიყენა“.

თამარ ყოლბაია ამბობს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურმა მწარმოებელ კომპანიებს რეკომენდაცია მისცა ნედლეული კომპანია „ჯეოსგან“ შეიძინონ, რადგან მას ქართულ ბაზარზე  ლაბორატორიულად შემოწმებული ნედლეული შემოაქვს.

„ახლა უკვე ლაბორატორიულად შემოწმებულ პროდუქციას ვყიდულობთ და ვაწარმოებთ ახალ პროდუქტს“, – ამბობს ყოლბაია.

მისი თქმით, კომპანია პროდუქციას დამზადების შემდეგ ვერ შეამოწმებს, რადგან ამის რესურსი არ გააჩნიათ. „ასეთი ანალიზები საქართველოში არ კეთდება და რომც გავაკეთოთ, პასუხები თვენახევარში ჩამოდის. ამიტომ, რადგან სურსათის უვნებლობამ გვირჩია, რომ „ჯეოსგან“ შევიძინოთ ყველა წიწაკა და სხვა მატერიალები, რადგან მას უკვე შემოწმებული შემოაქვს, ჩვენც მისგან ვყიდულობთ“.

აღნიშნული პროდუქციის გარდა ქსელიდან კიდევ სამი დასახელების პროდუქცია ამოიღეს, რომელშიც ჯანმრთელობის საზიანო საღებავი აღმოჩნდა.

Momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. „ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.“

 

ამავე თემაზე:

სიმსივნის გამომწვევი საღებავი 5 დასახელების პროდუქტში ისევ აღმოჩნდა – Momxmarebeli.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: