მთავარი,სიახლეები

როცა ერთდროულად გიდი, მძღოლი, პირადი მცველი, ექთანი და ფოტოგრაფი ხარ

10.07.2020 • 2580
როცა ერთდროულად გიდი, მძღოლი, პირადი მცველი, ექთანი და ფოტოგრაფი ხარ

„ხშირად ტურისტებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დასავლეთისკენ როცა მოვდივართ, ყოველთვის ვაჩერებ წეროვანთან და ვუყვები მათ, როგორ ვერ ბრუნდებიან მშობლიურ სოფლებში ადამიანები. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ“, – ამბობს თამარ ფანჩულიძე, არცთუ ისე ჩვეულებრივი გიდი იმ ნიშნით, რომ მის მსგავსად, ერთდროულად გიდიც და მძღოლიც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ქალია. თამარი ერთ-ერთი მათგანია.

საჯარო სამსახურში მუშაობდა, დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვსამდე. მერე ეს რიტმი მობეზრდა და გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების რიტმი თავად დაეგეგმა, ასე გადაწყვიტა გიდობა. თავიდან ტურსააგენტოები აკავშირებდნენ თამარს ტურისტებთან, მერე ამას დამოუკიდებლად აკეთებდა, ახლა კი მძღოლიც თავადაა, გიდიც და ტურისტებიც პირდაპირ მას უკავშირდებიან საქართველოში მოგზაურობის დასაგეგმად.

გიდი-მძღოლი, თამარ ფანჩულიძე

მშობლიურის გარდა სამი ენა იცის, ინგლისური, რუსული და არაბული. არაბულის სწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბევრი ტურისტი დაუკავშირდა არაბული ქვეყნებიდან, მათ კი ინგლისური ცუდად იცოდნენ.

როგორც თამარი ამბობს, მძღოლობა და გიდობა ერთდროულად მარტივი არ არის, რადგან საჭის მართვას და პარალელურად საუბარს დიდი კონცენტრაცია სჭირდება.

„ვმართავ საჭეს, თან ვლაპარაკობ, ყველა გიდის მსგავსად მეც ერთდროულად ვარ ექთანი, ფოტოგრაფი, გიდი, ბავშვების მომვლელი, პირადი მცველი და შეთავსებით ყველაფერი“, – ამბობს თამარი.

გიდი-მძღოლი თამარ ფანჩულიძე

გიდებზე, რომლებიც საჭესაც მართავენ და ამბებსაც საინტერესოდ გადმოსცემენ, მოთხოვნა დიდია, რადგან მცირე, 3-4-კაციანი საოჯახო და მეგობრების ჯგუფებისთვის ეს კომფორტულია.

როგორც თამარი ამბობს, მას შემდეგ, რაც მან საჯარო სამსახური დატოვა, ბევრად მეტს გამოიმუშავებს. მისი ავტომანქანა სუზუკი XL7 გათვლილია 4 ადამიანზე, შეუძლია ბავშვების სავარძლების დამატებაც, ეს ჯიპი გიდი-მძღოლის განუყრელი ატრიბუტია. მართალია, ყოველთვის დაგეგმილი აქვს, სად და რას აჩვენებს ტურისტებს, მაგრამ აღნიშნავს იმასაც, რომ ყოველთვის იტოვებს გზიდან გადახვევის შესაძლებლობას და თუ ტრასიდან 10 კილომეტრში რამე საინტერესო, ლამაზი ან ისტორიული ადგილია, აუცილებლად აჩვენებს ყველას.

საუბრობს ტურისტების ინტერესებსა და საკუთარ გამოცდილებაზე, თუ რა აინტერესებთ ყველაზე მეტად მათ საქართველოში.

„ქართული სამზარეულო, ბუნება რომ ყველას მოსწონს, ეს არ არის ახალი ამბავი, მაგრამ ხშირად ტურისტებს უკვირთ, როგორ შევძელით საუკუნეების განმავლობაში პატარა საქართველო ყოფილიყო მრავალეროვანი და მრავალრელიგიური ქვეყანა, საქართველოს მულტიკულტურულობა ტურისტებისთვის ჩვენი მიმზიდველობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია“, – ამბობს გიდი.

თამარმა იცის, რომ მის მსგავსად გიდ-მძღოლად 4, 5 ქალი მუშაობს საქართველოში, მაგრამ პირადად არც ერთ მათგანს არ იცნობს. ყველაზე რთულად სვანეთისკენ მიმავალ გზას იხსენებს, თუშეთსა და მთიან აჭარაში ტურისტების აყვანას კი სამომავლოდ გეგმავს.

როგორც გიდი-მძღოლი ამბობს, ტურისტები, რომლებიც ერთხელ ჩამოდიან, მეორედაც ბრუნდებიან საქართველოში, ხშირად ერთკვირიანი ტურით მოდიან, მერე კი ხვდებიან, რომ ეს არ არის საკმარისი და შემდეგ, ან იმავე წელს ორი კვირით მოგზაურობენ, ყველაფერი რომ მოასწრონ.

„პანდემიამ კი ყველაფერი არია. ბოლო ტური მარტში მქონდა, მერე საზღვრებიც მალევე ჩაიკეტა, 10 ტური გამიუქმდა. შიდა ტურისტები მე საერთოდ არ მყავს. ინდივიდუალური, 3-4-კაციანი ტურებით ქართველები არ ინტერესდებიან, მთლიანად გაჩერებული ვარ ახლა. გიდები საზღვრების გახსნის მოთხოვნით აპირებენ მალე აქციების გამართვას, მათ აუცილებლად შევუერთდები“, – ამბობს თამარ ფანჩულიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: