მთავარი,სიახლეები

18 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ

09.07.2020 • 6319
18 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ

საქართველოს მთავრობამ 18 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის ნებართვა დართო.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა  და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის მიხედვით, საჰაერო მიმოსვლის კუთხით, 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს.

ეს შეზღუდვა, მთავრობის დადგენილებით, 9 ივლისიდან მოიხსნა შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისა და ამ ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე:

  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
  • საფრანგეთის რესპუბლიკა
  • ლატვიის რესპუბლიკა
  • ლიეტუვის რესპუბლიკა
  • ესტონეთის რესპუბლიკა
  • ესპანეთის სამეფო
  • ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
  • ნიდერლანდების სამეფო
  • პოლონეთის რესპუბლიკა
  • პორტუგალიის რესპუბლიკა
  • რუმინეთის რესპუბლიკა
  • საბერძნეთის რესპუბლიკა
  • შვედეთის სამეფო
  • ხორვატიის რესპუბლიკა
  • იტალიის რესპუბლიკა
  • კვიპროსის რესპუბლიკა
  • სლოვენიის რესპუბლიკა
  • ისლანდიის რესპუბლიკა

„ნაცვალგების პრინციპისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ დანართით განსაზღვრული ქვეყნების ჩამონათვალი ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას,“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

ამასთან, გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, ამავე ქვეყნებიდან გამომგზავრების შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლისას არ ექვემდებარებიან იზოლაცია/კარანტინს.

ამ ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე ავსებენ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტას, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

ისინი სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, ხოლო 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მათ უტარდებათ PCR კვლევა.

ამ ხუთი ქვეყნის მოქალაქეები ექვემდებარებიან იზოლაციას/კარანტინს, თუ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტაში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობა უფიქსირდებათ აღნიშნული 5 ქვეყნის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში; ასევე, თუ ჩატარებული PCR კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/287943/

მთავარი ფოტო: ბათუმის აეროპორტი / ფოტო არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: