მთავარი,სიახლეები

ბათუმის უნივერსიტეტში რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სწავლება დაიწყეს

08.07.2020 • 1781
ბათუმის უნივერსიტეტში რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სწავლება დაიწყეს

„რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა… იცვლება ბრძოლის წესები და მეთოდები – რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ახორციელებს როგორც ღია, ასევე ფარულ აგრესიას და მედია, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელი, რუსებს საკმაოდ კარგად აქვთ ათვისებული. ეს უკვე აღიარებულია, რომ რუსული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი სოციალური ქსელია. ამიტომ ეს ბრძოლა ჩვენთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ირაკლი მანველიძე. ის ახლა უნივერსიტეტში ასწავლის ახალ არჩევით საგანს – სტრატეგიული კომუნიკაცია.

ახალი საგნის სწავლება ბსუ-ში დაიწყო სამოქალაქო ორგანიზაციის – „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის”ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით. კურსისთვის სახელმძღვანელოების შეძენა ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში საუკეთესო თემის ავტორი სტუდენტები სტიპენდიითაც ჯილდოვდებიან – 375 აშშ დოლარი.

ირაკლი მანველიძე გვიყვება, რომ პირველ ეტაპზე ეს სასწავლო კურსი 30-მა სტუდენტმა აირჩია, აპრილში დაგეგმილი იყო საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმის მოწყობაც, თუმცა იგი პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

„…სავალდებულო კურსის ცვლილება ითხოვს აკრედიტაციას, ჩვენ 2021 წელს გვიწევს პროგრამების აკრედიტაცია. ვფიქრობთ, რომ ეს სასწავლო კურსი სავალდებულო გახდება ევროპისმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების და საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამებზე,“ – ამბობს ირაკლი მანველიძე.

კურსის ხელმძღვანელის თქმით, სტუდენტებმა თემები ტროლების ომებზე უკვე მოამზადეს, ასევე მედიაწიგნიერების როლსა და პროპაგანდაზე, როგორც საგარეო ურთიერთობის ინსტრუმენტზე.

ასოცირებულ პროფესორს, ირაკლი მანველიძეს ვკითხეთ, სახელმწიფო უწყებებში სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურების მუშაობის ეფექტურობაზეც. ზოგიერთი ექსპერტის და, მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის აზრით, ეს სამსახურები სათანადოდ ვერ მუშაობენ. ირაკლი მანველიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებები ამ კუთხით საქმეს „კარგად ართმევენ თავს“.

„…მარტივი არის ხარვეზების დანახვა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – კომუნიკაციის მიმართულება ახალი გამოწვევაა საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის… დღეს რაღაც სტრუქტურა შეიქმნას და ხვალ პასუხი მოსთხოვო, მე ეს არამართებულად მიმაჩნია… ჩვენი სასწავლო კურსიდან გამომდინარე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოში სახელმწიფო უწყებები ამ მიმართულებით მუშაობას მეტ-ნაკლებად კარგად ართმევენ თავს,“ – გვითხრა ირაკლი მანველიძემ. მას ვთხოვეთ დაკონკრეტება, რის საფუძველზე აფასებს სახელმწიფო უწყებების მუშაობას პოზიტიურად. პროფესორმა განმარტა, რომ მას კონკრეტული „ქეისები“ აქვს იმის საილუსტრაციოდ, რასაც ამბობს, თუმცა ეს კონკრეტული „ქეისები“ ჩვენთან საუბრის დროს ვერ გაიხსნა.

„…სასწავლო კურსის დროს ჩვენ  განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევებს, თუ როგორ მუშაობენ ეს სამსახურები…. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოს აქვს გააზრებული სტრატეგია. ეს არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებას, ეს არის მედიასაშუალებებთან მუშაობა, ასევე გარკვეული ქმედებები, რომელიც ემსახურება მყისიერ რეაგირებას. ხელისუფლება იყენებს მედიასაშუალებებს და საერთაშორისო ტრიბუნებს, რითაც ის ახდენს კომპენსირებას ამ დეზინფორმაციისა, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ,“ – აღნიშნა ირაკლი მანველიძემ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: