ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მთა ჩირუხში საპიკნიკე ადგილს მოაწყობენ

03.07.2020 • 4164
მთა ჩირუხში საპიკნიკე ადგილს მოაწყობენ

შუახევის მუნიციპალიტეტში, საზაფხულო იაილაზე – ჩირუხში, რომელიც ზღვის დონიდან 2148 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს „წინასწარ შერჩეულ ადგილზე (არანაკლებ 100-150 კვ.მ) უნდა მოეწყოს ეკოსტანდარტების გათვალისწინებით ავთენტური და ეკოლოგიური მასალით დამზადებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნის რეკრეაციულ გარემოს, სადაც იქნება როგორც კოცონის და პიკნიკის, ისე მოსასვენებელი სივრცე საქანელებით და ჰამაკებით“.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 42 ათასი ლარია.

ტენდერის ფარგლებში ჩირუხის გარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში: ერთი გადაბმული ტიპის ხის მაგიდა-სკამები, სამი ჰამაკის ძელი – ორი ჰამაკითა და ერთი ორადგილიანი საქანელა დაიდგმება, ქობულეთის მუნიციპალიტეტში კი – ერთი ორადგილიანი საქანელა.

ჩირუხში მოეწყობა ერთი საპიკნინე, სადაც განთავსდება ერთი დახურული ფანჩატური; გადაბმული ტიპის ხის მაგიდა-სკამები; საცეცხლური; სამი ჰამაკის ძელი – ორი ჰამაკით; ორადგილიანი საქანელა; ნატურალური თლილი ქვით მოპირკეთებული ბილიკი; მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები არანაკლებ 6 ცალი. ერთი შეშის შესანახი ლითონის ყუთი, თავისივე საკეტით.

ტენდერით, ამავე ადგილას გათვალისწინებულია უკვე მარკირებულ ჩირუხი-ხიხიანი-გოდერძის ალპურ მარშრუტზე ნიშნულების დაფების დამატება არსებულ ბოძებზე, პიკნიკის მარკირება.

„საპიკნიკე, რომელიც განთავსდება ალპურ მარშრუტზე, გათვალისწინებული იქნება როგორც მოლაშქრეებისთვის, ისე მთის მოყვარული ვიზიტორებისთვის, რომელთაც საშუალება ექნებათ ღია სივრცეში, ბიომრავალფეროვან და ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბენ. მსგავსი პროექტის განხორციელებით შექმნილი რეკრეაციული გარემო ტურისტისტებისთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება და ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად ათვისებას შეუწყობს ხელს,“ – აცხადებს სააგენტო.

საპიკნიკე ჩირუხში / ხის მასალა უნდა იყოს შერეული (ლარიქსის, აკაციის, წიფელის, ან ნაძვის კომბინაციით), აუცილებლად მდგრადი და მკაცრი პირობებისადმი ამტანი, უნდა იყოს გამომშრალი და დამუშავებული ანტისეფტიკური ხსნარით. ფოლადის დგარი მოპირკეთებული უნდა იყოს ბუნებრივი აგურით. საჩრდილობელი გადაიხურება ყავარით ან კრამიტით. კონსტრუქცია ეწყობა ნახაზის მიხედვით, მთიალი საპიკნიკე ინფრასტრუქტურული ზონა მაქსიმალურად უნდა იყოს ავთენტური და შერწყმული გარემოსთან. / პროექტიდან

ჩირუხის მთაში „გამორჩეული, სახასიათო, უნიკალური და განსხვავებული ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურული პროექტის შექმნაზე“ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს შპს „არტსტუდიო-პროექტისთვის“ 198 ათასი ლარი აქვს გადახდილი.

ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, „სატენდერო დოკუმენტაციით გათვალსიწინებული შესყიდვის ობიექტის საბოლოო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, კერძოდ :

  • ტურისტული პროდუქტის/ინფრასტრუქტურის სრული პროექტი, 3D ვერსიის და პროექტის მოკლე პრეზენტაციის ჩათვლით;
  • პროექტის შესყიდვის მიზნით საჭირო სატენდერო დოკუმენტაცია და პროექტის დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • პროექტის მენეჯმენტისა და მართვის გეგმა“.

ამ თემაზე:

200 000 ლარი ჩირუხის მთაში ტურისტული პროდუქტის შესაქმნელად – სააგენტო იდეას და პროექტს შეისყიდის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: