განათლება,მთავარი,სიახლეები

დასასჯელად არავინ მოგსდევთ, დამშვიდდით და ჩაატარეთ კარგი გაკვეთილი – შუკაკიძე ახალ სქემაზე

01.07.2020 • 9480
დასასჯელად არავინ მოგსდევთ, დამშვიდდით და ჩაატარეთ კარგი გაკვეთილი – შუკაკიძე ახალ სქემაზე

გართულდა თუ გამარტივდა სქემა? რა არის აუცილებელი მოთხოვნა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის ახალი სქემის მიხედვით და ვინ წყვეტს, ეკუთვნის პედაგოგს ახალი სტატუსი თუ არა. რა ელოდებათ პრაქტიკოს და მაძიებელ პედაგოგებს – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე საუბრობს.

  • ბატონო ბერიკა, განმარტეთ, რა არის სიახლე პედაგოგებისთვის ახალ სქემაში?

ფუნდამენტური ცვლილებაა ის, რომ აღარ იარსებებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი და იქნება მხოლოდ უფროსი, მენტორი და წამყვანი მასწავლებელი. მეორე, – უქმდება ეს ყბადაღებული კრედიტქულები და მასწავლებლები აღარ იქნებიან დაკავებული ამ კრედიტების ატვირთვა-ჩამოტვირთვით.

მასწავლებლის პროფესიული განვითარება გადადის სკოლის ბაზაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლის პროფესიული საჭიროება უნდა დაადგინოს სკოლაში მოქმედმა ხარისხის განვითარების ჯგუფებმა. ასევე, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში რესურსცენტრებთან არსებულმა 14-კაციანმა ჯგუფმა და ეს ყველაფერი დაეხმარება მასწავლებელს, რომ დაადგინოს რა ესაჭიროება მას პროფესიული განვითარებისთვის.

საგნობრივი კომპეტენციის განვითარება უნდა, პროფესიული, გამჭოლი მიმართულებებით განვითარება, მაგალითად, ინკლუზიაში ან კვლევაში, ისტის მიმართულებით თუ დემოკრატიულ კულტურაში, ეს ყველაფერი დადგინდება.

  • როგორც დადგენილებაში წერია, მათ რჩებათ ტრენინგების გავლის ვალდებულება პროფესიული განვითარების მიმართულებით.

დიახ, კონკრეტული საათები მითითებულია. მაგალითად, უფროს მასწავლებელს მოეთხოვება წელიწადში გაიაროს 20-საათიანი ტრენინგი პროფესიულ განვითარებაში, წამყვანმა 12 და მენტორმა 6 საათი. ამაზე კიდევ ვმუშაობთ და დავაკორექტირებთ საათებს. სწორედ ხარისხის ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, ასევე პედაგოგმა, თუ რაში გაივლის ტრენინგს ამ საათების მიხედვით.

როცა მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მას ამ საჭიროების გამო არავინ გამოიჭერს და სამსახურიდან არავინ გაუშვებს, როცა მშვიდ გარემოში ეტყვი, რომ მოდი, გაიარე ტრენინგი საგნობრივი კომპეტენციის გაძლიერებისთვის, ყველა მოგებული დარჩება – მასწავლებელიც, მისი მოსწავლეც და სისტემაც. ამიტომ, ეს პროფესიული განვითარება აღარ იქნება ატვირთე-ჩამოტვირთე, გამოცხადდება ტრენინგი, დაესწრება პედაგოგი და შემდეგ შეფასდება როგორია მისი ჩართულობა, ჩათვლა-არჩათვლის ფორმატით.

  • რამდენად გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად წარიმართება ეს ჩათვლა-არჩათვლის პროცესი. თქვენი აზრით, რა იქნება ამის ბერკეტი?

ახლა დადგა დრო, რომ სისტემას დირექტორებისა და მასწავლებლების მიმართ მეტი ნდობა აქვს – თუ არ ენდე, არ გამოვა. ეს დამსჯელი მექანიზმებით სირბილი ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა. თუ ადამიანს დასაჭერად დასდევ, დადგამს სპექტაკლს. როცა ეუბნები, რომ არ მინდა შენი სპექტაკლი და, უბრალოდ, მითხარი რაში გჭირდება დახმარება, რომ უკეთესი გაკვეთილი ჩაატარო, ეს სხვა რამეა. ხარისხის ჯგუფი იმიტომ არის კარგი, რომ თუ პედაგოგს ადგილზე აქვს რაიმე პროფესიული საჭიროება და ვერ აკეთებს კარგად, სკოლის დონეზე არის ექსპერტი, რომელიც პედაგოგს დაეხმარება. თუ ის ვერ შეძლებს დახმარებას, შემდგომ უკვე რესურსცენტრის დონეზეა 14-კაციანი ჯგუფი და იქ დაეხმარებიან.

  • მოდით, დავაკონკრეტოთ, გარდა ამ სავალდებულო საათებისა, კიდევ რა მოეთხოვება პედაგოგს სტატუსის ასამაღლებლად ახალი სქემით?

მომავალი წლიდან პედაგოგმა სტატუსის შესაცვლელად უნდა ჩააბაროს გამოცდა მხოლოდ პროფესიულ უნარებში, რადგან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს. ეს იქნება შესაბამისი გამოცდა წამყვანისა და მენტორისთვის.

  • მთავრობის დადგენილებაში წერია, რომ სტატუსის შესაცვლელად პედაგოგმა გამოცდაზე მინიმუმ 50-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს. ასეა?

ბარიერი ჯერ არ ვიცით, რადგან ამას ნაეკი აკეთებს, მაგრამ იქნება პროფესიული გამოცდა – მენტორისთვის ცალკე იქნება და წამყვანისთვის ცალკე. სხვადასხვა სირთულის ტესტი იქნება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამოცდას მარტივად აბარებენ, მაგრამ შემდეგ ეს არ აისახება მათ პროფესიულ საქმიანობაში. ამიტომ გამოცდა იქნება აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი. საკმარისი პირობა იქნება ის, როცა სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფი, რესურსცენტრის დონეზე არსებული ჯგუფი დაადგენს, პედაგოგის კონკრეტულ საჭიროებებს და პედაგოგი ამ საჭიროებებში კომპეტენციას აიმაღლებს.

  • დავუბრუნდები პრაქტიკოსების თემას, როგორც ვიცით, სისტემაში ამ დროისთვის მინიმუმ 6 ათასი პრაქტიკოსი პედაგოგია. ბევრი მათგანი რამდენიმეჯერ გავიდა გამოცდაზე, თუმცა ვერ გადალახა ბარიერი. რადგან ახალი სქემით გაუქმდა ცნება „პრაქტიკოსი“, რა იქნება შემდეგ, თუკი 2020 წლის შემოდგომაზე ეს ხალხი ისევ ვერ დაადასტურებს კომპეტენციას?

მათ 2020 წლის შემოდგომის გამოცდაზე მიეცათ ბოლო შანსი.

  • იმავეს ამბობდით 2019 წელსაც, თუმცა დატოვეთ ისინი სისტემაში.

იმიტომ, რომ შუა სასწავლო წელში დეფიციტს ვერ შევქმნიდით.

  • 2021 წლის იანვარში არ იქნება შუა სასწავლო წელი?

ზაფხულის გამოცდაზე მასწავლებლობის 12 ათასი მსურველია დარეგისტრირებული. ამას ემატებიან ისინი, ვინც მასწავლებლის ეროვნული აკადემია გაიარა და აპირებს მასწავლებლის 60-კრედიტიანი პროგრამის გავლას. აქედან, მინიმუმ 4 ათასმა რომ დაადასტუროს საგნობრივი კომპეტენცია, სისტემაში კრიზისი აღარ შეიქმნება, თუკი პრაქტიკოსები დატოვებენ სკოლას. თუ ახლა ვეღარ ჩააბარებენ პრაქტიკოსები გამოცდას, მათი ადგილი მომავალი წლის ივნისში ვაკანტურად გამოცხადდება.

  • როცა პროფესიულ წინსვლაზეა საუბარი, მაძიებლები ხშირად წერენ ხოლმე სოციალურ ქსელში, რომ ისინი არავის ახსოვს და მათ განვითარებაზე არავინ საუბრობს. მათი კარიერული წინსვლა როგორ იგეგმება ახალი სქემით?

მაძიებლებს ჰყავთ ტუტორი, აქვთ პროგრამა, რაც უნდა გაიარონ, იციან, რომელი გამოცდა უნდა ჩააბარონ და გახდებიან მასწავლებლები. მეტი რა ხსომება უნდათ.

  • დიდი ვნებათაღელვაა პედაგოგებში იმის გამო, რომ პანდემიის პირობებში ვერ მოახერხეს გაზაფხულზე გარედაკვირვების გავლა. შეძლებენ ისინი წლის ბოლომდე ამ აქტივობის გავლას?

დისტანციური სწავლება, როგორც სწავლების ერთ-ერთი ფორმა, ახლა აღიარა სახელმწიფომ. ამას სჭირდებოდა საკანონმდებლო ცვლილება და პარლამენტის თანხმობა, ჩვენ ვერაფერს ვიზამდით. გარედაკვირვებას როგორ ჩავატარებდით იმაზე, რაც არ მოხდებოდა. ახლა ვფიქრობთ გზაზე, როგორ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი.

  • კითხვები აქვთ პედაგოგებს იმაზე, რომ თუკი ვერ მოასწრებენ ადრე დაგეგმილი აქტივობების გავლას, ახალი სქემით ხომ არ მოსთხოვს მათ სამინისტრო სტატუსის ცვლილებას?

ის, რა პროცესიც დაიწყეს მასწავლებლებმა ახალი სქემის დამტკიცებამდე, სახელმწიფო მათ აძლევს შანსს, რომ ეს პროცესი დაასრულონ იმ პირობით, რა პირობითაც ჩვენ დავთქვით ურთიერთობა. ახალი გამოცდა და პირობები არის სხვებისთვის. ამიტომ, სექტემბრიდან, იმედია სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში და  გავაკეთებთ ჩვეულებრივ გარედაკვირვებას, თუ არ გაგრძელდება, ამაზეც ვიფიქრეთ და მოვიფიქრებთ ონლაინგარედაკვირვების ფორმას.

  • ახალ სქემაში პედაგოგის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია თვითშეფასება, რომელიც ცვლილებების შეტანამდეც იყო სქემაში, თუმცა ყველა აღიარებდა, რომ არ იმუშავა ამ მოდელმა და ფორმალურად ავსებდნენ პედაგოგები. ისევ რატომ დატოვეთ ეს მოთხოვნა?

თვითშეფასება არის ნებაყოფლობითი. შეუძლიათ ეს გააკეთონ ან არა. ამაზე არავინ პასუხს არ მოსთხოვს.

  • დადგენილებაში არ წერია, რომ ნებაყოფლობითია?

ვალდებულება აქვთ მხოლოდ სპეცმასწავლებლებს, რადგან ამ მიმართულებით ჩვენ ცოტა მეტი გამოცდილება გვჭირდება. გვინდა, მომავალი წლიდან ყველა მასწავლებელმა გაიაროს გადამზადება ინკლუზიაში და სპეციალურ განათლებაში, რადგან ბავშვთა პოპულაცია გვეზრდება საქართველოში და მხოლოდ სპეცმასწავლებლები ამ დატვირთვას ვერ გაუძლებენ.

  • ეთნიკურ უმცირესობებზე მინდა გკითხოთ. ისინი ჩივიან, რომ რადგან არ იციან კარგად ქართული ენა, ვერ ასწრებენ უნარების ტესტის დროულად წაკითხვას და გააზრებას. შესაბამისად, ვერ აბარებენ გამოცდას. სისტემაში ასეთი პედაგოგი გყავთ 4 162. ანუ მათ მომავალ წელს სკოლის დატოვება მოუწევთ?

რა გავაკეთოთ, აბა? მე ვთვლი, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული. თუმცა სამინისტრო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის სპეციალურად ქმნის ჯგუფს, რომ შეისწავლოს ამ სკოლების და მათი პედაგოგების საჭიროება. პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია სექტემბერში იგეგმება. ამასობაში, 4+1 სტუდენტების რაოდენობაც იზრდება. ახლა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს რამე, რომ ამ ადამიანებს ქართული ენის სწავლაში დაეხმაროს.

  • რომ შევაჯამოთ, საბოლოოდ, გართულდა თუ გამარტივდა სქემა პედაგოგებისთვის?

სქემა გახდა პედაგოგზე ორიენტირებული. პედაგოგს ვეუბნებით, რომ დასასჯელად არავინ მოგსდევთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ჩაატარეთ კარგი გაკვეთილი, მიიღე სკოლაში დახმარება, რესურსცენტრის დონეზე მიიღე დახმარება, მოდი, ვითანამშრომლოთ და ვენდოთ ერთმანეთს. ეს არის სქემის თავი და ბოლო.

ვიმეორებ, რომ პედაგოგი წყვეტს, რაში გამოიყენოს ტრენინგებისთვის განკუთვნილი საათები.

თუ ის იტყვის, რომ, ვთქვათ, ეს 12 საათი მას სჭირდება იმისთვის, რომ ისწავლოს კვლევა, კი, ბატონო, დავეხმარებით. ახალი წესით იქნება სტატუსის შესაბამისი, რასაც  ემატება მასწავლებლის საქმიანობის შეფასება. ხომ უნდა ვკითხოთ მშობლებს, მოსწავლეებს, მის კოლეგებს, როგორია ეს მასწავლებელი, ეს სხვანაირი პროცესია. ახალ სქემას მალე მოჰყვება მასწავლებლის პროფესიული რეგულირების წესი, სადაც კიდევ უფრო დაზუსტდება მიდგომები და ყველა იქნება მასწავლებლის სტანდარტზე მორგებული.

 

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/286735/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: