მთავარი,სიახლეები

როდის შეიძლება შეზლონგზე წამოწოლა – ახალი წესები პლაჟზე

29.06.2020 • 1834
როდის შეიძლება შეზლონგზე წამოწოლა – ახალი წესები პლაჟზე

„კვირის ბოლომდე გვექნება პლაჟზე შეზლონგები“, – ამბობს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე. მან ბათუმის საკრებულოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, შეზლონგების მფლობელებს პირდაპირი წესით გაუფორმონ ხელშეკრულებები და აუქციონი აღარ გამოცხადდეს. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თქმით, პანდემიის გამო წელს შეზლონგების პლაჟზე განთავსების კუთხით აუქციონი არ გამოცხადებულა.

„ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო. თუ მივიღებთ თანხმობას, ჩვენ ხელშეკრულებებს გავუფორმებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გასულ წელს ჰქონდათ აუქციონი მოგებული… თუ ვინმე ახალი გამოჩნდება, მათთვის აუქციონი გამოცხადდება, ჩვენ მზად ვართ უკვე ამ პროცესისთვის. შეზლონგები ამ დროისთვის მხოლოდ სამ ადგილასაა, მათ მრავალწლიანი იჯარის ხელშეკრულებები აქვთ,“ – გვითხრა ირაკლი ჯინჭარაძემ.

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორი განმარტავს, რომ შეზლონგები ყოველი გამოყენების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარით უნდა დამუშავდეს, პლაჟზე განთავსდება საინფორმაციო დაფებიც. წესების დაცვაზე მონიტორინგს ბულვარის ადმინისტრაცია გეგმავს.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში მოგვაწოდეს საპლაჟო ინფრასტრუქტურის გამოყენების კუთხით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციების სამუშაო ვარიანტი. რეკომენდაციებს ბათუმის ბულვარის ინტერნეტგვერდზე რამდენიმე დღეში ატვირთავენ.

რეკომენდაციების მიხედვით, შეზლონგებზე რბილი და შეწოვადი გადასაფარებლის გამოყენება აკრძალულია, რაც გულისხმობს საერთო სარგებლობის ლეიბების გამოყენებას. პირსახოცის გამოყენება ნებადართულია.

პლაჟზე ასევე საჭიროა უსაფრთხოების ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და გამონაკლისი მხოლოდ 12 წლამდე მოზარდზე ვრცელდება.

„მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება; დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში; გამოყენებული პირბადეები, ხელთათმანები და სხვა სახის ნარჩენები მოათავსეთ სპეციალურად განთავსებულ დახურულ ურნაში,“ – აღნიშნულია ბათუმის ბულვარის რეკომენდაციების სამუშაო დოკუმენტში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: