მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ოჯახის ბიზნესი ბათუმში, ზღვასთან ახლოს

19.06.2020 • 3003
უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ოჯახის ბიზნესი ბათუმში, ზღვასთან ახლოს

შპს „სმარტ ჰაუსი“ ბათუმის ცენტრალურ უბანში, ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაში მრავალბინიან სახლს აშენებს, კომპანიის 70 პროცენტის მფლობელი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის გიორგი მანველიძის ოჯახია. ოფიციალურად სამშენებლო კომპანიას დეპუტატის ძმის – ბექა მანველიძის ცოლი, ლანა აბალოიძე ფლობს. გიორგი მანველიძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მას ძმამ 35 000 ლარი აჩუქა.

ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის  ქუჩების გადაკვეთაზე ახალი პროექტის დასაწყებად კომპანიამ რამდენიმე კერძო სახლი დაანგრია და ახალი მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყო. ამ დროისთვის საძირკვლის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია. ის იმითაცაა გამორჩეული, რომ სამ მხარეს ღიობები აქვს, რაც კომპანიას აქ ბინების სარფიანად გაყიდვის შესაძლებლობას მისცემს. საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, როცა ჯერ კიდევ შენობის საძირკველი არ არის დასრულებული, კვადრატული მეტრის ფასი 600 დოლარია.

მერიის ინფორმაციით, კომპანიას 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე აქვს ნებართვა, თუმცა 16 სართულის აშენებას გეგმავს – ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული კომპანიას საკუთარ ფეისბუქის გვერდზე და ამდენივე სართული დავთვალეთ პროექტის რენდერზეც.

პროექტის რენდერი

კომპანიისვე ინფორმაციით, პროექტი მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამაში – “ბათუმი ბარაკების გარეშე”. ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერს, რომელიც ბათუმში ბარაკული დასახლების ათვისებით დაინტერესდება, მთავრობა ბანკში ფინანსურ თავდებობას, მშენებლობის სანებართვო დოკუმენტების მოპოვებისას კი, გამარტივებულ პირობებს ჰპირდება. ეს პირობები ე.წ. K2 კოეფიციენტის გაზრდასაც ითვალისწინებს, რაც პროექტის სიმაღლეში გაზრდას გულისხმობს.

ბათუმის ცენტრში, თუნდაც ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ერთი კვადრატული ბინის ფასი 600-1000 დოლარია. ქალაქის ცენტრში, თუნდაც მოსახლეობასთან მოლაპარაკება და მაღლივი კორპუსების მშენებლობა, სამთავრობო პროგრამის დაწყებამდეც, ბევრ კომპანიას აინტერესებდა. ამიტომაც, „ბათუმელებს“ პროგრამის დაანონსებისთანავე ჰქონდა კითხვა, რატომ ჩადგა მთავრობა ინვესტორსა და მოქალაქეებს შორის, მაშინ, როცა ბათუმის ცენტრალური ადგილების ათვისებაზე ინვესტორები ისედაც ერთმანეთს ეცილებოდნენ? მაშინ გვიპასუხეს, რომ „მთავრობა კერძო პირებს შორის მოლაპარაკებებში არ ჩაერეოდა.“ წლების შემდეგ კი ცნობილი გახდა ბევრ შემთხვევაზე, როცა ქალაქში მშენებლობების ინტერესები ჩინოვნიკების ახლობლებს ჰქონდათ და ახლაც აქვთ. თანამდებობიდან წასული ჩინოვნიკების უმეტესობა კი ახლა მშენებელია, ან სამშენებლო კომპანიაში მუშაობს.

შპს „სმარტ ჰაუსის“ 70  პროცენტის მფლობელი ლანა აბალოიძე სამშენებლო ბიზნესში ერთი წლის წინ გამოჩნდა. იგივე შეიძლება ითქვას კომპანიის 30 პროცენტის მფლობელზე თამთა ვერძაძეზეც, ის ბექა თვალაძის მეუღლეა, რომელიც რამდენიმე სამშენებლო კომპანიის დირექტორად ფიქსირდება.

ბექა თვალაძე „მარდი კონსტრაქშენის“ დირექტორი იყო 2016  წელს, კომპანია „სმარტ ჰაუსიც“ თავის დროზე, 2016 წელს სწორედ „მარდი ჰოლდინგმა“ დააფუძნა და მისი ასივე პროცენტი ამ კომპანიას ეკუთვნოდა. 2018 წელს, კომპანიის ჯერ 50, შემდეგ კი ასივე პროცენტის მფლობელი რამინ ბალაძე გახდა. გასული წლის დეკემბრიდან კი, შპს „სმარტ ჰაუსის“ ასივე პროცენტის მფლობელი და კომპანიის დირექტორი ლანა  აბალოიძე გახდა, შემდეგ კი  კომპანიის 30 პროცენტი თამთა ვერძაძეზე გააფორმეს.

შპს „სმარტ ჰაუსზე“ მშენებლობის ნებართვა გასული წლის სექტემბერშია გაცემული, ამავე ნებართვის მიხედვით სახლი 2022 წელს უნდა ჩაბარდეს მერიას.

ჩვენ კომპანიის ფეისბუქის გვერდზე მითითებულ ნომერზე რამდენჯერმე დავრეკეთ და ლანა აბალოიძესთან დაკავშირება ვთხოვეთ. გვინდოდა მისთვის გვეკითხა, სამშენებლო ბიზნესით გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგ, რა სახსრებით შეძლო მან მასშტაბური მშენებლობის წამოწყება. გასაუბრება გვინდოდა გიორგი მანველიძესთანაც, თუმცა დეპუტატმა არც სატელეფონო ზარებზე გვიპასუხა და არც sms შეტყობინების შემდეგ გამოგვეხმაურა.

მანველიძეების ოჯახის სამშენებლო ბიზნესზე მაშინაც იყო საუბარი, როცა დეპუტატ გიორგი მანველიძის მამა, ბაგრატ მანველიძე ბათუმის ვიცე-მერად მუშაობდა, თუმცა ვიცე-მერი ბათუმის ცენტრში  ჯინჭარაძის ქუჩაზე წამოწყებული კორპუსის მშენებლობასთან კავშირს მაშინაც უარყოფდა, მაშინ მან „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ ის აქ მამისეულ ადგილს ფლობდა, ტერიტორია ინვესტორმა აითვისა და თავად არაფერ შუაშია.

ბაგრატ მანველიძე საჯარო სექტორში აღარ მუშაობს,  უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანველიძე კი ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: