მთავარი,სიახლეები

აჭარაში თანამდებობის პირი და ექსპერტი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს – სუსი

15.06.2020 • 1980
აჭარაში თანამდებობის პირი და ექსპერტი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს  – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსი და ერთი პირი, ხოლო ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე – ექსპერტი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსმა, რომელიც ამავდროულად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრია, მოქალაქეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობების საკუთრების უფლებით აღიარების სანაცვლოდ, ერთი პირის დახმარებით ქრთამის სახით 4 000 აშშ დოლარი გამოართვა.

„აგრეთვე ექსპერტმა, ზემოაღნიშნული პირების მითითებით, 1000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთრების უფლებით აღსაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 2002-2006 წლებში აშენების თაობაზე, ყალბი ექსპერტიზის დასკვნა დაამზადა“ – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის აღებაში დახმარებისა და ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: