მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში დაესწრებით ოჯახის წევრის სასამართლო პროცესს?

11.06.2020 • 1419
რა შემთხვევაში დაესწრებით ოჯახის წევრის სასამართლო პროცესს?

უკვე თვე-ნახევარია სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროდ აღარ ქვეყნდება, სასამართლო სხდომები კი, მარტიდან მაისის ბოლომდე დისტანციურ რეჟიმში იმართებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესს დაინტერესებული პირი ვერ ესწრებოდა.

5 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომებზე დასწრების კუთხით ახალი რეკომენდაციები გამოსცა, რომლის მიხედვითაც, სასამართლო სხდომებზე დასწრება უკვე შესაძლებელია, თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვები და გადაწყვეტილებებს კონკრეტული მოსამართლეები იღებენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა შეიცვალა ამ კუთხით ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

„ძირითადად პროცესები უკვე სხდომათა დარბაზში იმართება, იშვიათად – დისტანციურად, მაგრამ სხვები პროცესს არ ესწრებიან, მათ შორის, ოჯახის წევრები,“ – ამბობს ადვოკატი ზვიად მარკოიძე.

„თუ ვინმე ითხოვს წერილობით სასამართლო სხდომაზე დასწრებას, მოსამართლე განიხილავს ამას, რამდენიმე სხდომას ესწრებოდნენ მასმედიის წარმომადგენლებიც,“ – გვითხრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა, ინგა ფუტკარაძემ. მენეჯერის განმარტებით, მოქალაქეებს და ჟურნალისტებსაც სასამართლო დარბაზში ორმეტრიანი დისტანციის დაცვის მოთხოვნით უშვებენ და შესაძლოა, დარბაზში ყველა დაინტერესებული პირი ვერ მოხვდეს, თუკი იქ საკმარისი ადგილი არ იქნება.

შეზღუდვა შეეხება ჟურნალისტებსაც, თუ ისინი ბევრნი არიან და სოციალური დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება. ინგა ფუტკარაძე ამბობს, რომ კანონის მიხედვით, მსგავს სიტუაციაში უპირატესობა საზოგადოებრივ მაუწყებელს მიენიჭება.

„შეიზღუდოს სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენელთა რაოდენობა 2-მეტრიანი დისტანციის გათვალისწინებით და აღნიშნულის მიზნით მოხდეს სკამებზე შესაბამისი პირობითი ნიშნების (სტიკერების/ნახაზების) გამოყენება… სასამართლოს შენობაში, მათ შორის, სხდომის დარბაზში, ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით,“ – აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 5 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.

ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც დისტანციურად უკვე იმ შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს სხდომა, თუკი „ბრალდებული, მსჯავრდებული ან გამართლებული თანახმაა“. ეს ცვლილება 15 ივლისამდე მოქმედებს.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში ვერ გვითხრეს კონკრეტული მიზეზი, რის გამო აღარ ქვეყნდება ქვეყნის მასშტაბით საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

„სამწუხაროდ, გარკვეული შეფერხება გვაქვს და უახლოეს პერიოდში გამოსწორდება. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ“, – მოგვწერეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: