განათლება,მთავარი,სიახლეები

გორგოძე: თუ აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა ექნება, ეროვნულ გამოცდაზე დავუშვებთ

09.06.2020 • 2335
გორგოძე: თუ აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა ექნება, ეროვნულ გამოცდაზე დავუშვებთ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გამოცდების დღეს აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა ექნება, მას მაინც დაუშვებენ გამოცდაზე.

„ჩვენ მოწყობილი გვაქვს ორი ტიპის სივრცე იმის მიხედვით, თუ რა სიმპტომები აღენიშნება აბიტურიენტს და გვექნება სარეზერვო სივრცეები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც აქვს ტემპერატურა, მაგრამ შეგვიძლია დაშვება, რადგან ბევრი შემთხვევაა გაწერილი და ჩვენ შეგვიძლია ბევრი აბიტურიენტი დავუშვათ ამ რეკომენდაციების მიხედვით და ამ მიზნით, ცალკე სივრცეები გვექნება განსაზღვრული“, – განაცხადა მან დღეს, 9 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სოფიო გორგოძის თქმით, ცენტრი გამოცდაზე უზრუნველყოფს თერმოსკრინინგს და იმოქმედებს იმ პროცედურების შესაბამისად, რაც პროტოკოლით არის გაწერილი.

რაც შეეხება მერხებს შორის დისტანციას, სოფიო გორგოძე ამბობს, რომ რეკომენდაციის მიხედვით,  თითოეულ მერხს შორის დაშორება 3,5 მეტრი უნდა იყოს, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მერხებს შორის დაშორება – 1 მეტრი.

„თითოეულ მერხს წინ დამონტაჟებული ექნება გამჭვირვალე ფარი, ბარიერი.  თუ აბიტურიენტი არ მოიტანს პირბადეს, ჩვენ შევთავაზებთ. სასურველია, რომ კალამი მოიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს კალმები და დეზინფექციასაც ჩავუტარებთ გამოყენების შემდეგ.

იძულებული ვართ, 1/3-ით ნაკლები აბიტურიენტი დავუშვათ თითო სესიაზე, რადგან სექტორში მხოლოდ ათი აბიტურიენტის განთავსებაა რეკომენდებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ სესიებიც იქნება გახანგრძლივებული, თუმცა კარგია, რომ გამოცდები აგვისტოში არ გადადის და 25 ივლისს დასრულდება“, – ამბობს გორგოძე.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უზრუნველყოფილი იქნება სივრცე შშმ პირებისთვის. ასევე, გამოცდების ჩაბარება შეეძლებათ მსჯავრდებულებსაც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, აბიტურიენტი, რომელსაც COVID 19-ის სიმპტომები გამოუვლინდება და წინასწარ ტესტი არ ექნება გაკეთებული, გამოცდაზე არ დაიშვება. ამის შესახებ გამყრელიძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დღეს, 9 ივნისს, გამართულ  საინფორმაციო ბრიფინგზე განმარტა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წელს, 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისამდე გაგრძელდება.

მთავარი ფოტო: სოფო გორგოძე/„ბათუმელების“ არქივი.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/459203/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: