ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ გადაკეტეს ზღვაზე ჩასასვლელები ახალ ბულვართან, სადაც ნაპირი გაამაგრეს

04.06.2020 • 2350
რატომ გადაკეტეს ზღვაზე ჩასასვლელები ახალ ბულვართან, სადაც ნაპირი გაამაგრეს

ბათუმში, ახალი ბულვარის ბოლოდან აეროპორტის მიმართულებით სასეირნო ალეა და ზღვაზე ჩასასვლელები კვლავ რკინის ბარიერებით გადაკეტეს.

ამ ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, რაშიც 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, დასრულებულია. თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიღება-ჩაბარების აქტი ამ დრომდე გაფორმებული არ არის.  სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანია STRUIJK GROUP-მა შეასრულა.

სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კურირებდა.

ახალი ბულვარის გაგრძელება/ბათუმი/ 4.06.2020

„ნაპირდაცვის პროექტი და, შესაბამისად, სამუშაოებიც დამთავრდა. ნაპირდამცავი ნაგებობა აშენებულია, ზღვაზე ჩასასვლელები მოწყობილია, აღდგენილია სასეირნო ბილიკი და დასრულებულია პლაჟის აღდგენაც [ხრეშის შეტანით]. საქმე იმაშია, რომ კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა, უნდა შემოეტანა გარკვეული ტექნიკა, რაც ამ დრომდე ვერ მოახერხა. ამიტომ, მიღება-ჩაბარება ჯერჯერობით რჩება პრობლემად“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

რა ტექნიკა უნდა შემოიტანოს კომპანიამ? – საუბარია ხრეშის გადასაქაჩ ტუმბოებზე, რაც თავის დროზე, ფონდის განმარტებით, არ იყო სწორად შერჩეული. ამჯერად კი, კომპანიამ ისეთი დანადგარები უნდა შემოიტანოს, რომელიც პლაჟის კვებისთვის გამოდგება. ეს ტექნიკა კი, ფონდის განცხადებით, ბათუმის მერიას გადაეცემა.

„პანდემიაც დაემთხვა, თუმცა ახალი ტექნიკის შემოტანის საკითხი ახლა ძალიან სწრაფად მოგვარდება“, – აცხადებენ ფონდში.

„რადგან მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არ არის, პასუხისმგებლობა სამშენებლო ობიექტსა და ტერიტორიაზე რჩება ისევ კონტრაქტორს. ვინაიდან  პასუხისმგებლობა მისია, ამიტომ არის შემოღობილი. თუმცა ეს თემა უახლოეს დღეებში მოგვარდება და ტერიტორია გაიხსნება“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/247915/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: