მთავარი,სიახლეები

ნიგერიაში გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

22.05.2020 • 1617
ნიგერიაში გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

ნიგერიაში გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს.

“გატაცებული მეზღვაურები რამდენიმე დღეში სპეციალური რეისით ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდებიან. ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას და მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს…”, – ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი.

მეზღვაურებმა ტყვეობაში 20 დღე გაატარეს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად მუშაობენ ნებართვის მიღებაზე, რომ ნიგერიიდან მეზღვაურების ტრანსპორტირება უზრუნველყონ.

პროცესში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო. სააგენტოს დირექტორის თქმით, მეზღვაურთა გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ.

ნიგერიაში, გვინეის ყურეში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან მეკობრეებმა 10 მეზღვაური 30 აპრილს გაიტაცეს. გატაცებულთაგან 9 საქართველოს მოქალაქე იყო. გემზე დარჩენილი 4 მეზღვაური კი, რომლებიც გატაცებას გადაურჩნენ, უკვე საქართველოში არიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: