მთავარი,სიახლეები

„ისეთი წესები იქნება ტურისტებისთვის, პრაქტიკულად, კარანტინში ჩამოდიან“ – ტურიზმი და პანდემია

21.05.2020 • 2260
„ისეთი წესები იქნება ტურისტებისთვის, პრაქტიკულად, კარანტინში ჩამოდიან“ – ტურიზმი და პანდემია

„ისეთი წესები იქნება ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან“, – ეს რეპლიკა პაატა იმნაძეს ეკუთვნის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს. ასე გამოეხმაურა იგი გუშინ, 20 მაისს, ბრიფინგზე შეკითხვას, რომელიც საზღვრების გახსნასა და ტურიზმს შეეხებოდა.

ტურიზმზე შეკითხვას უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ ტურიზმი რისკი იქნება დაავადების გავრცელების თვალსაზრისით, მაგრამ:

„მოგეხსენებათ, რომ დღეს მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე გაცილებით მეტი რიცხვებია დაინფიცირებულებისა სხვადახვა ქვეყანაში, ყველა ქვეყანა თანდათან ამსუბუქებს სიტუაციას.  ყველა მიხვდა იმას, რომ კორონავირუსი ერთ დღეში არ გაქრება, არც ერთ თვეში და შეიძლება არც ერთ წელიწადში, ამიტომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრინციპები კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების.

ეს თანაცხოვრება უნდა იყოს წესების დაცვა. უნდა გვქონდეს სწრაფად რეაგირების გეგმები და საშუალებები, თუ ასეთი მიკროეპიდაფეთქებები იქნა, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიები. ანუ, ეს უნდა იყოს სწორი ბალანსი. ერთი მხრივ, შეიძლება გვქონდეს გარკვეული რაოდენობა ახალი შემთხვევების და მეორე მხრივ, ის უნდა იყოს დაბალანსებული შესაბამისი ჯანდაცვითი და პრევენციული ღონისძიებებით“.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბრიფინგზე არაფერი თქმულა, კონკრეტულად რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ ტურისტებს.

ტურიზმის თემაზე საქართველოს მთავრობა ბევრს საუბრობს, დღეს, 21 მაისს, ამ საკითხს შეეხო ნათია თურნავაც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, თუმცა ისიც ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა. მან თქვა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი რომ განმტკიცდეს.

„გაიდლაინებს რაც შეეხება, უახლოეს დღეებში გავასაჯაროებთ, დამუშავებულია“, – აღნიშნა მან. თურნავას ბრიფინგზევე შეახსენეს ჟურნალისტებმა, რომ მსგავსი გაიდლაინები ჯერ არ აქვს შემუშავებული ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციას.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან, ჩვენი ხედვა არ იქნება არანაირად აცდენილი მათ მიერ დამტკიცებული წესებიდან. უბრალოდ, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, ბევრი ქვეყანა არ ელოდება ამ გლობალური წესების დამტკიცებას და თავის, ეროვნულ წესებს სთავაზობს სხვა ქვეყნებს. ჩვენ სამუშაო ვერსიაზე წვდომა გვაქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ტურიზმის სექტორი პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სფეროა. სამი თვე ეს სექტორი გაჩერებულია, თუ არ ჩავთვლით სასტუმროებს, რომლებსაც საკარანტინე სივრცეებად ქირაობს სახელწიფო.

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 35 497 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 2019 წლის ამავე თვის მაჩვენებელზე 94.5%-ით ნაკლებია.

7 მაისს საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც მოიცავს ქვეყნის გახსნის ეტაპებს საერთაშორისო და შიდა ტურისტებისთვის. 15 ივნისიდან უსაფრთხო ტურისტული ზონების შექმნა და შიდა ტურიზმის ამოქმედება იგეგმება, პირველი ივლისიდან კი – სახმელეთო და საჰაერო ფრენების გახსნა უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად და ფრენების ფაქტობრივი აღდგენა.

ნახეთ შეფასებები ამ თემაზე:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: