ბიზნესმენი ივლიანე წულაია ბოლო მოწვევის პარლამენტში „ოცნების“ კვოტით მაჟორიტარ წევრად შევიდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მას განსაკუთრებული აქტიურობა არ გამოუჩენია, არც პოლიტიკური განცხადებები გაუკეთებია და ძირითადად „ოცნების“ ინიცირებულ პროექტებს ეთანხმებოდა.
სამაგიეროდ, მთელი ამ წლების განმავლობაში უფრო გააქტიურდნენ და მშენებლობების მასშტაბები გაზარდეს დეპუტატის კომპანიებმა.
ივლიანე წულაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 34 კომპანიას ფლობს ან თანამესაკუთრეა. ბევრ კომპანიაში თანამესაკუთრედ ისევ დეპუტატის მფლობელობაში არსებული კომპანიაა დაფიქსირებული. ამ კომპანიების უმეტესობას თენგიზ წულაია ხელმძღვანელობს.
მას შემდეგ, რაც დეპუტატი გახდა, ივლიანე წულაიამ კომპანიების წილები მინდობით გადასცა სხვა პირს. ამ კომპანიიდან მიღებული შემოსავლები კი მას დეკლარაციაში აღარ დაუფიქსირებია. გასულ წელს შევსებულ დეკლარაციაში დეპუტატმა შემოსავლები არასრულად ასახა, რისთვისაც დააჯარიმეს.
კორპუსების უმეტესობა, რომლესაც წულაიას კომპანიები აშენებენ, ხშირად მშენებლობის დასრულებამდეა გაყიდული.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევის თანახმად, წულაია და მისი ბიზნეს პარტნიორები სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მსხვილი დონორები არიან. კერძოდ, მათ 2016-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს 700
000 ლარზე მეტი შესწირეს.
„არქი ვუდი“ თბილისის დიღმის მასივში.
ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც დეპუტატის კომპანიები აშენებენ ან უკვე ააშენეს. დეპუტატმა გასულ წლებში მრავალბინიანი სახლი ბათუმის ცენტრში, გორგასლის ქუჩაზეც ააშენა. გარდა ამისა, ის ფლობს საცხოვრებელი და სასტუმრო აპარტამენტებს კვარიათში ზღვის პირას.
მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით 2018 წელს წულაიას თავადაც შეუძენია ბინები თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომლებშიც ჯამში 150 000 დოლარზე მეტი გადაუხდია. 2019 წელს კი, მოტოციკლეტსა და ავტომანქანაში, ჯამში, 36 000 დოლარი გადაიხადა.