მთავარი,სიახლეები

ყოფილი პატიმარი: რამდენიმე დღეა არაფერი მიჭამია 

14.05.2020 • 1600
ყოფილი პატიმარი: რამდენიმე დღეა არაფერი მიჭამია 

„…რამდენიმე დღეა არაფერი მიჭამია, ამ ბინაშიც ყოფნის ვადა ამომეწურა, ხვალ ღია ცის ქვეშ ვრჩები,“ – გვითხრა ვალერი შონიამ. ის ციხიდან ერთი თვის წინ გამოვიდა. ბათუმში მას არავინ ჰყავს. ნათესავებთან ზუგდიდში კი ვერ ბრუნდება.

„ზუგდიდში მინდა წასვლა, სადაც ჩემი ნათესავები ცხოვრობენ და დროებით იქ ვიცხოვრებ. მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის, ტაქსს კი 100 ლარი მაინც უნდა…“ – ამბობს ის.

ყოფილმა პატიმარმა ბათუმში სამუშაო ერთი თვის განმავლობაში ეძება, ახლა უკვე შემდეგი თვის ბინის ქირის გადასახდელი ფულიც აღარ აქვს.

ვალერი აფხაზეთიდან დევნილია. აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ ის დედასთან ერთად ბათუმში ცხოვრობდა. ციხიდან გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ვალერის დაურეკეს და უთხრეს, რომ გარდაიცვალა დედა, რომელიც ღამის თავშესაფარში ცხოვრობდა.

„…კინაღამ მოვკვდი ცოცხლად, ეს რომ მითხრა ადმინისტრაციამ, მანამდე ოთხი დღით ადრე ველაპარაკე დედას, ავად კი ვარ, მარა ჩემზე ნუ ნერვიულობ, კარგად დაგხვდებიო, ასე მითხრა“, – გვიყვება ვალერი შონია. – „ოთხწელიწადნახევარი ვიყავი ციხეში, ქუთაისში ვიხდიდი სასჯელს. იქედან რომ გამოვედი, 14 აპრილი იყო, პირდაპირ ბათუმში წამოვედი დედის საფლავზე. დედა მერიას საერთო სასაფლაოზე დაეკრძალა.

ბათუმში სხვა არავინ მელოდა. დედის საფლავიდან როცა წამოვედი, ვიფიქრე, ბინას ვიქირავებ სასწრაფოდ და რამე სამსახურს ვიშოვი-მეთქი. დევნილობის ფული მერიცხება თვეში 45 ლარი და მაგის დანაზოგი მქონდა – სადღაც 500 ლარი. ბინა ავიღე და სამსახურის ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. კონკრეტული სპეციალობაც არ მაქვს. ციხეში მოხვედრამდე ხან სად ვმუშაობდი, ხან – სად… მთელი თვე უმუშევარი ვარ. საჭმლის ფულიც ასე გამითავდა.

მე და დედას, როგორც დევნილებს, წლების წინ ერთი პატარა ოთახი ხელვაჩაურის გზაზე, ფსიქიატრიულთან მოგვცეს… ციხეში რომ მოვხვდი, დედას ის ოთახი გაუყიდია. ბოლო ორი წელიწადი დედა ბათუმის ღამის თავშესაფარში ცხოვრობდა. იქ მოკვდა 25 მარტს.

ვიყავი თავშესაფარშიც მისული. დაცვის თანამშრომელმა მითხრა, სავარაუდოდ წაიქცა და თავი დაარტყაო, ეგრევე მომკვდარა…

დღეს ავდექი და პოლიციის განყოფილებაში მივედი. ვუთხარი, ამ მდგომარეობაში ვარ და იქნებ გამიშვათ როგორმე ზუგდიდში, ახლობლები მყავს და დამეხმარებიან, ხელახლა დანაშაული ხომ არ ჩავიდინო-მეთქი. ჩვენ ვერ დაგეხმარებით, საია-ში მიდიო…“ – ყვება ვალერი შონია.

აფხაზეთის ხსენებაზე ყოფილ პატიმარს გემი ახსენდება, რომლითაც ბათუმისკენ გამოემგზავრა და ძაღლი, ამ გემზე რომ აჰყავდათ და ეს კადრი შემდეგ ბევრს სხვას დაამახსოვრდა.

„მეც მაგ გემით ვარ წამოსული, 11 წლის ვიყავი მაშინ, ყველაფერი მახსოვს…. ჩემი ძმა 16 წლის იყო, სამხედროებთან დადიოდა ეგ და საკვებს უზიდავდა, ეხმარებოდა, ვერტმფრენში ააფეთქეს… მამა სულ პატარა ვიყავი, როცა მოკვდა. ჩვენ გულრიფშში ვცხოვრობდით, სოფელ დრადაში, ჩვენი სახლი გვქონდა, აღარ მინდა მაგის გახსენება…“ – მზერას გვარიდებს ვალერი და აივნის კარს აღებს.

ვალერი შონია სასჯელს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო იხდიდა. ვალერის ასევე ხულიგნობისთვის შეფარდებული აქვს ჯარიმა – 2 ათასი ლარი, რომელიც არ გადაუხდია, რის გამოც მისი საბანკო ანგარიში დაყადაღებულია.

„დევნილობის ფულს ვერ მაჭრიდნენ, რადგან კანონით დაუშვებელია, სხვა თანხა რომ ჩამერიცხოს, ჩამომაჭრიან, ალბათ,“ – დასძინა ვალერიმ.

„ხანდახან მგონია, რომ კრიმინალი ვარ და აღარაა საშველი. მრცხვენია ამ ყველაფრის ახსნა, ვის ავუხსნა, როგორ?“ – გვკითხა დამშვიდობებამდე ყოფილმა პატიმარმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: