„…მე ხუცუბანში ვცხოვრობ. ჩემს სოფელში სასმელი წყლის რეაბილიტაციაში 4 მილიონი ლარი დახარჯეს. ამ წყალს დღემდე დასალევად ვერ ვიყენებთ“, – ეს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მცხოვრებმა. მისივე თქმით, პრობლემის შესახებ მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ მთავრობას, თუმცა არაფერი შეცვლილა.
სოფელ ხუცუბანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია 2016 წელს ჩატარდა, რაშიც დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ქობულეთის მერიაში ახლაც იგივე პასუხი აქვთ, რაც სამი წლის წინ – „მუშავდება ალტერნატიული პროექტები“ – 2017 წელსაც ეს უთხრეს „ბათუმელებს“, როცა ხუცუბანში მღვრიე წყლის პრობლემაზე წერდა. მაშინ სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობა ახალი დასრულებული იყო.
„…დაახლოებით 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობის ნაწილს მიეწოდება მღვრიე წყალი, მუშავდება ალტერნატიული პროექტები, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ეს წყალი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ეს დადასტურებულია“, – გვიპასუხეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში.
„ახალგაწვიმებულზე იმღვრევა წყალი, შემდეგ კი ჩვეულებრივ იწმინდება“, – გვითხრა სულხან ევგენიძემ 2017 წელს, რომელიც მაშინ ქობულეთის გამგებელი იყო, დღეს კი, ის ბათუმის მერიის თანამშრომელია.
რატომაა მღვრიე წყალი, როცა პროექტზე 4 მილიონი დაიხარჯა და რატომ ვერ მოგვარდა პრობლემა დღემდე, როცა პროექტის განხორციელების დროსაც ცნობილი იყო ამ პრობლემის შესახებ? – ქობულეთის მერიის პრესცენტრმა მუნიციპალური ორგანიზაციის „ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორს, სულიკო თხილაიშვილს დაგვაკავშირა.
„მოსახლეობას სოფელ ხუცუბანში სუფთა წყალი მიეწოდება“, – გვიპასუხა სულიკო თხილაიშვილმა და როცა ვუთხარით, რომ ონკანებში მღვრიე წყალი მოდის, დასძინა: „ბაქტერიოლოგიური პრობლემა არ გააჩნია… მეც ხუცუბანში ვცხოვრობ პირადად და ასეთი პრეტენზია არ მომისმენია,“ – თქვა მან.
სულიკო თხილაიშვილი ადასტურებს, რომ ყოველი გაწვიმების შემდეგ წყლის სისტემას რამდენიმე საათით კეტავს. იგი ირწმუნება, რომ სხვაგვარად არ ხერხდება. მან ეს პროცესი ისე აღწერა, თითქოს პრობლემა არაფერია – გაწვიმდება. მოდის მღვრიე წყალი. წყალს კეტავენ.