მთავარი,სიახლეები

„კედელი, რკინის გალია და კაი ჯოხი“ – სიძულვილი პანდემიის დროს

05.05.2020 • 2765
„კედელი, რკინის გალია და კაი ჯოხი“ – სიძულვილი პანდემიის დროს

მარნეულში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები კორონავირუსის პანდემიის პირობებში, უკვე მეორედ გახდნენ სიძულვილის სამიზნე. პირველად მაშინ, როცა ერთ ადამიანს ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა და მთელი რეგიონი კარანტინში მოაქციეს, სულ ახლახან კი ბოლნისში, სოფელ მუშევანში [დელლარი] მომხდარი ინციდენტი გახდა სიძულვილისა და ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზეზი.

„კედელი კი არა, რკინის გალია და კაი ჯოხი უნდა მაგათ,“ – წერს ფეისბუქში ერთ-ერთი ადამიანი ამ სოფელში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ, რომლებმაც სასწრაფო დახმარების ექიმებს კოვიდ 19-ით ინფიცირებული ადამიანის გადაყვანისას წინააღმდეგობა გაუწიეს. ამ კომენტარს მალევე გამოეხმაურა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, რომელმაც დაწერა, რომ „უნდა ჩაკეტო სოფელი და ამოიხოცონ“.

სიძულვილით სავსე რიტორიკას ბევრი აჰყვა სოციალურ მედიაში და გაჩნდა ქსენოფობიით განწყობილი კომენტარები და ვიდეოები, სადაც ერთ-ერთი ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან „თათრები და სათათრეთში უნდა გავრეკოთ“.

რა კვებავს ეთნიკური უმცირესობების მიმართ ასეთ ღიად აგრესიულ სიძულვილს და როგორ უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ ამ აგრესიას?

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ქართველოლოგი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ოქტაი ქაზუმოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში ეთნიკური ნიშნით სიძულვილს ორი მხარე აქვს, ერთი გარეგნული და მეორე – უფრო ღრმა.

„არავინ არ ამართლებს ძალადობას ექიმებსა და პოლიციელებზე, თუმცა დანაშაულზე კონკრეტულმა პირებმა უნდა აგონ პასუხი კანონის შესაბამისად. თუ გაქვს უფლებები, გაქვს მოვალეობებიც. უფლებებს უნდა ითხოვდე და მოვალეობები უნდა აღასრულო პირნათლად. კანონდარღვევა ეთნიკურობის გამო არავის არ უნდა აპატიო, მაგრამ ჩვენს გაღიზიანებას იწვევს არა ექიმების თუ პოლიციელების სამართლიანი მოთხოვნა, არამედ ის, რომ 1-2 უპასუხისმგებლო ადამიანის ქცევა განზოგადდა მთლიან ეთნიკურ ჯგუფზე და დაიწყეს შეურაცხყოფა და მარგინალიზება საქართველოში მცხოვრები ყველა აზერბაიჯანელის“.

სიძულვილით გაჯერებული პოსტები ფეისბუქში

ოქტაისთვის გულსატკენია, როცა ასეთ დროს არ ჩანს მთავრობის ნათელი და სწორი პოზიცია. მისი დაკვირვებით, ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში შენდებოდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით, ნელ-ნელა ინგრევა.

„სააკაშვილის მმართველობის დროს შემოვიდა ტერმინი – „ქართველი სომეხი“, „ქართველი აზერბაიჯანელი“, ქართველი ებრაელის კვალობაზე და ეს იყო ძალიან პოზიტიურად აღქმული უმცირესობების მხრიდან, რადგან ქართველობა გახდა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის, არამედ საერთო, ზოგადი ეროვნულობის აღმნიშვნელი. გაჩნდა განწყობა, რომ ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ერთი მიზანი გვაქვს. ეს ყველაფერი არათუ შეჩერდა, არამედ მიდის უკან-უკან“, – გულისტკივილით ამბობს ოქტაი ქაზუმოვი.

მისი აზრით, მინავლებული პრობლემა გააცოცხლეს ქსენოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა და ადამიანებმა, რაზეც სახელმწიფოს ადეკვატური პასუხი არ აქვს. „იგივე ზაზა აბაშიძის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება, თან ასეთი უშვერი ფორმით, არის ანტისახელმწიფოებრივი, ურაპატრიოტული განწყობების გამოვლინება. საშიშია იმ გაგებით, რომ პროპაგანდა მიმართულია საქართველოს მოქალაქეების დეზინტეგრაციისკენ და გათიშულობისკენ. დღევანდელი მთავრობის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი პოლიტიკა კი იმ დვრიტას აცლის ქვეყანას, რომელიც შეადუღაბებდა ეთნიკურ უმცირესობებს ქართულ საზოგადოებასთან, რომლებიც ყველაზე მეტად ახლა არიან ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ინტეგრირების პროცესში“, – გვეუბნება ოქტაი.

ოქტაი ქაზუმოვი

ოქტაის აზრით, შფოთი, რომელიც პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე გაჩნდა მარნეულში, გადაფარულია ქსენოფობიური განწყობებით.

„ეს ხალხი ითხოვდა საგანგებო რეჟიმის შერბილებას, მათივე მოწეული პროდუქციის გატანის და რეალიზაციის საშუალება რომ მიეცა სახელმწიფოს. პროდუქცია უფუჭდებოდათ და სახელმწიფომ ამის მენეჯმენტი ვერ შეძლო“, – ამბობს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ქართველოლოგი ოქტაი ქაზუმოვი. მისი თქმით, პოლიციასთან წინააღმდეგობის მომენტი იყო ვარკეთილშიც, „თუმცა იქ არავის უთქვამს – მაგათი დედაც, ჩაკეტეთ ვარკეთილი, ამოწყდნენ“.

ზაზა აბაშიძის თუ სხვა პირების მხრიდან სიძულვილის ტირაჟირების პრობლემას გამოეხმაურნენ სამოქალაქო აქტივისტები, მოძრაობა „არა ფობიას“ და ბევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რეაგირება მოახდინოს როგორც ზაზა აბაშიძის განცხადებაზე და განიხილონ მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, ასევე გააკეთოს თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ამით წვლილი შეიტანოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაში.

სოლიდარობის პლატფორმის აქტივისტი, ეთნიკურად სომეხი ქრისტი არაქელოვა მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენა არამარტო ეთნიკური აზერბაიჯანელების, არამედ საქართველოში მცხოვრები სომხების მიმართაც ხშირია. „მე, პირადად, ქვემო ქართლიდან ვარ და ამჟამად რუსთავში ვცხოვრობ. ამჯერად გაგვიმართლა ალბათ, რომ ეთნიკურ სომხებში არ გავრცელებულა კორონავირუსი, თორემ დარწმუნებული ვარ, უარესიც შეიძლება ყოფილიყო“.

ქრისტი არაქელოვა

ქრისტის აზრით, საქართველოში ქსენოფობია ნაციონალიზმით იკვებება, რასაც აძლიერებს გაუნათლებლობა და დაუსჯელობის სინდრომი.

„განათლება არ ნიშნავს დიპლომის ქონას. ასეთი ლექტორი მყავდა – დოქტორი, რომელიც ქართველების ყველა უბედურებაში სომხებს ადანაშაულებდა. ვერ ეგუებოდა საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნოსებს. ეს არის ცნობიერების პრობლემა. როცა შენ ხარ მოქალაქე ამა თუ იმ ქვეყნის, შენ ხარ სრულფასოვანი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, თუ რა დაბოლოებაზე მთავრდება შენი გვარი“, – ამბობს ქრისტი.

მისი თქმით, ცნობიერების ამაღლებაში ხელისუფლებამ უნდა ითამაშოს თავისი როლი პოზიტიური მესიჯებით. მისი აზრით, თუ სახელმწიფო იტყვის, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელი, სომეხი თანასწორია საქართველოს სხვა მოქალაქეების, მაშინ თანამდებობის პირები და საზოგადოებაც დაფიქრდება, რამდენად ღირს სიძულვილის ენის ტირაჟირება.

ზაზა მიქელაძე ორგანიზაცია „სამოქალაქო დარბაზის“ თანადამფუძნებელი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ზაზა წალკის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ის ეთნიკური ნიშნით არა, მაგრამ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს. „ბავშვობიდან მოყოლებული მიწევს სწორედ მსგავს საკითხებზე დისკუსია. რადგან ეთნიკურად ვარ ქართველი, მაგრამ აღმსარებლობით მუსლიმი, ქართულ საზოგადოებაში მუდმივად მიწევდა თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა, რადგან უმრავლესობის რელიგიური იდენტობის ნაწილად არ აღვიქმები“.

ზაზა მიქელაძე

მგავს სიძულვილის ენაზე დაფუძნებული დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართაც ხშირია, მათ შორის, მუსლიმ თემთან და სხვადასხვა ქრისტიანულ დენომინაციასთან მიმართებით, რომელთან დაკავშირებითაც ხშირად ამ თემის წარმომადგენლები საუბრობენ კიდეც.

როცა საჯარო მოხელე ხდება სიძულვილის მოტივატორი და ახალისებს მას, ეს თავისთავად გამოწვევაა სახელმწიფოსთვის. ხელისუფლება კი ვალდებულია, იყოს სოლიდარული ჩაგრული ჯგუფების მიმართ“, – ამბობს ზაზა მიქელაძე.

ზაზას აზრით, სიძულვილის ენის და ქსენოფობიის საფუძვლები უნდა ვეძიოთ საბჭოთა წარსულში, „ეთნო-კონფესიურ მსოფლმხედველობაში, განათლების სისტემის ინკლუზიურობის პრობლემასა და ამაზე დაშენებულ სახელმწიფოს პოლიტიკურ ხედვაში. ამის გამოსწორება სახელმწიფოს მხრიდან  მოქალაქეობაზე ორიენტირებული ქვეყნის მშენებლობითაა შესაძლებელი“.

ზაზას აზრით, ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენას ხშირად ირეკლავს დღეს ქართული სახელმწიფო, როცა უმცირესობების მიმართ პოლიტიკის დოკუმენტში მათ წარმოაჩენს, როგორც სახელმწიფოსთვის საშიშ ძალად და საფრთხედ.

„ფაშიზმი და რასიზმი არის ის, როცა საქართველოს მოქალაქეებს უცხოტომელებად, ველურებად წარმოაჩენ და ამბობ, რომ „ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები, მოსულები, ყველა თავის ქვეყანაში წავიდეს“, – ამბობს ზაზა მიქელაძე.

გაუცხოების პრობლემაზე საუბრობს რამზან გორგიშვილიც პანკისიდან. მისი თქმით, განა რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს პანკისიდან? „ჩვენც ვსვამთ ხოლმე ამ კითხვას, მაგრამ პასუხი არ არის“, – გვეუბნება ის. რამზანის აზრით, სახელმწიფომ თავის მოქალაქეებთან თანამშრომლობა უნდა შეძლოს, „იგრძნოს გარკვეული თემის თუ ჯგუფის შიდა ქსოვილი, სპეციფიკა“ და დაინახოს რეალობა, რომელიც ხშირად სოციალური ფაქტორებით უფროა განპირობებული, რომლის გადაფარვაც არ უნდა მოხდეს ქსენოფობიური რიტორიკით.

რამზან გორგიშვილი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორის, ეკა ჭითანავას შეფასებით, ხელისუფლების პოზიცია იყო სუსტი, იგივე მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან მიმართებაში, როცა ისინი არ დაემორჩილნენ საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს და პანდემიის საფრთხის მიუხედავად, მაინც ჩაატარეს ღვთისმსახურებები. იგივე შეიძლება ითქვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებაზე, როცა მან თქვა, რომ სწორედ მუფთი და მოლა უწყობენ ხელს საზოგადოების მხრიდან დაუმორჩილებლობას, მაშინ, როცა მათი განცხადებები იყო ლოიალური მართლმადიდებელი იერარქების ჯიუტობაზე.

ეკა ჭითანავა

მისი თქმით, მთავარი პრობლემა მაინც განათლების სისტემაში უნდა ვეძიოთ, რადგან იგივე სახელმძღვანელოებში ეთნიკური მრავალფეროვნების თემა არის მიჩქმალული ან წარმოჩენილია დამაკნინებელი ფორმით: „წარმოჩენილია ეთნოცენტრული დამოკიდებულებები, საქართველოს ისტორია გააზრებულია მონორელიგიურ და ეთნოცენტრისტულ კონტექსტში, როცა მართლმადიდებელია ამ ქვეყანაში პრივილეგირებული მოქალაქე და მასპინძელი, სხვა დანარჩენი კი სტუმარი, ჩამოსული“.

ეკა ჭითანავას აზრით, სწორედ ამიტომ არ ისმის ეთნიკური უმცირესობების ხმა საჯარო დისკუსიებში და თუ გაისმა, ჩნდება სიძულვილის ენა, რომელსაც ერთადერთი გზავნილი აქვს – „სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს“.

____

მთავარი ფოტო: რადიო მარნეული. პირველი მაისი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/448853/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: