მთავარი,სიახლეები

კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 2000, საგანგებო მდგომარეობაში კი, 3000 ლარი – ცვლილება კანონში

25.04.2020 • 2671
კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 2000, საგანგებო მდგომარეობაში კი, 3000 ლარი – ცვლილება კანონში

2020 წლის 2 მაისიდან, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. მაგრამ, თუ ეს წესი საგანგებო, ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, ჯარიმა შესაბამისად იქნება – 3 ათასი ლარი ფიზიკური პირის შემთხვევაში და 15 ათასი ლარი – იურიდიული პირის შემთხვევაში.

პარლამენტმა შესაბამისი ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 23 აპრილს შეიტანა [კოდექსს დაემატა შესაბამისი მუხლები].

კანონის მიხედვით, რომელიც 2020 წლის 2 მაისიდან შევა ძალაში:

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა – 10 000 ლარით.

ამასთან,

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა – 15 000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე ცვლილებით,

„იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შეუძლია სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი, გონივრულ ვადაში გადაიყვანოს შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად. ამასთანავე, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირის თანხლებით, თუ ეს შესაძლებელია“.

კანონის მიხედვით, აღნიშნული პრევენციული ღონისძიება [დამრღვევი პირის გადაყვანა შესაბამის სივრცეში] არ არის ადმინისტრაციული დაკავება.

ამასთან, ახალ კანონში აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის საფუძველზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრები ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ინარჩუნებს ძალას და არ საჭიროებს ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას“.

ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც  იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა „ადმინისტრაციულსახდელდადებული ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, − ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“;

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევა კი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ახალი კანონის მიღებამდე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, იწვევდა და იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

https://netgazeti.ge/news/436350/

მთავარი ფოტო: შსს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: