მთავარი,სიახლეები

27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება – გახარია

24.04.2020 • 4680
27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება – გახარია

27 აპრილიდან მოიხსნება შეზღუდვები და გადაადგილება მსუბუქი ავტომობილებით შესაძლებელი იქნება – განაცხადა, 24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. ძალაში რჩება შეზღუდვა – მანქანაში დაშვებულია მძღოლის ჩათვლით მაქსიმუმ 3 პირი და მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი უნდა იყოს.

პრემიერის თქმით, ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან, დაშვებულია ასევე ტაქსების მუშაობა, ონლაინვაჭრობა და მიტანის მომსახურება ნებიმიერ პროდუქტზე. დაშვებული იქნება ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობაც. თუმცა, აუცილებელი იქნება შესაბამისი წესებისა და რეკომენდაციების დაცვა.

უცნობი რჩება, თუ როდის დაიწყებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს აიკრძალა.

ქვეყნის ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილება, გარკვეული გამონაკლისის გარდა, 2020 წლის 27 აპრილამდე აკრძალულია.

ქვეყანაში გრძელდება კომენდანტის საათის მოქმედება – საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე, როცა ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია, როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ასევე ტრანსპორტით. ქვეყანაში არის ასევე ჩაკეტილი მუნიციპალიტეტები და სოფლები, სადაც სრული კარანტინია გამოცხადებული.

ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა, რომელიც 16 აპრილიდან, მთავრობის ზეპირი განცხადებით 10 დღით იყო აკრძალული [ვადა შესაბამის დადგენილებაში მითითებული არ იყო], მოქალაქეებისთვის არ გაუქმდება და ის გაგრძელდება.

თუმცა, პრემიერის განცხადებით, გამონაკლისი იქნება 2 დღე – ორშაბათი და სამშაბათი [27-28 აპრილი] როცა მოქალაქეებს ამ ქალაქებში შესვლა-გამოსვლა შეეძლებათ. ოთხშაბათიდან კი, ეს შეზღუდვა კვლავ ამოქმედდება.

საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად, მოქალაქეებისთვის ავტომანქანით გადაადგილებაზე აჭარის შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ გაიცემა დროებითი საშვი, რაც აჭარაში მოქმედ საველე ოპერაციების შტაბთან თანხმდება.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/271525/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: