მთავარი,სიახლეები

„სალამი“: მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი ხიდები არ არსებობს

23.04.2020 • 1267
„სალამი“: მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი ხიდები არ არსებობს

ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი პლატფორმა “სალამი” მარნეულის სოფლებში მიმდინარე პროტესტის ტალღას ეხმიანება.

ზუსტად ერთი თვეა, რაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული.

„სალამის“ განცხადებით, მათ სჯერათ, რომ აღნიშნული ზომები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამავე დროს ჩაკეტილ ზონებში შექმნილი სოციალური და ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ ვლინდება და აუტანელ ტვირთად მოსახლეობის იმ ფენას აწვება, რომელთა მძიმე შრომაც საზოგადოებისთვის ყველაზე კრიტიკულია.

„22 აპრილს მარნეულში არსებული აუტანელი ვითარების გასაპროტესტებლად სოფლებში თვითორგანიზების პროცესები დაიწყო. რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები შეიკრიბნენ, რათა საკუთარი წუხილები, გამოწვევები და პრობლემები დანარჩენი საქართველოსთვის გაეზიარებინათ. ჩვენ, „სალამში“ გაერთიანებული ახალგაზრდები, თავად ვართ მარნეულის სხვადასხვა სოფლიდან და ჩვენი თვალით ვხედავთ, თუ რა მძიმე ყოფაში არიან ჩვენი მშობლები, მეზობლები და ნათესავები.

სამწუხაროდ, დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსები არც საკმარისია და არც ეფექტიანად და სამართლიანად ხმარდება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. დღემდე სისტემური, სრულყოფილი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სტრატეგიები და გეგმები არ არსებობს,“ – ნათქვამია „სალამის“ განცხადებაში.

“სალამს” მიაჩნია, რომ ეს საპროტესტო ტალღა და მიმდინარე პროცესები მოსახლეობის ავთენტური ხმის გამოხატულებაა. საჭირო საკომუნიკაციო არხების არ არსებობის გამო კი, მოსახლეობა საკუთარ აუტანელ სოციალურ ყოფას, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი, მაშინ, როცა შეკრება და მანიფესტაცია აკრძალულია, დემონსტრაციების მეშვეობით ავლენს.

„ჩვენი შეფასებით, ეს არის სიმპტომი იმისა, რომ კრიზისის პირობებშიც და კრიზის გარეთაც, ამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი ხიდები არ არსებობს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

პლატფორმა “სალამის” წევრები ფიქრობენ, რომ არის იმის ალბათობა, „კონკრეტულმა დაინტერესებულმა ჯგუფებმა გამოიყენონ არსებული სიტუაცია და განავითარონ მსჯელობა, თურმე ეს პროცესები ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს, რომ მოსახლეობას არ ჰქონდა რეალური პრობლემები და მათ ეს ნაბიჯი გადადგეს იმიტომ, რომ არ დამორჩილებოდნენ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, რომ შეექმნათ გარკვეული არეულობა, რომ პოლიტიკური ქულები მოეტანათ კონრეტული პოლიტიკოსებისთვის, და რომ ამ აქციის მონაწილეების დასჯა აუცილებელია“.

„გვესმის, რომ ეს მსჯელობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში შექმნილ მკაცრად ჰორიზონტალურ მმართველობით სისტემაში შესაძლოა მიმზიდველად ჟღერდეს. შესაძლოა, ამ მსჯელობამ საშუალო და საშუალოზე დაბალი სახელმწიფო მოხელეებს შორის ძლიერი მხარდაჭერა მოიპოვოს, რათა მათ უფრო ძლიერად და მადიანად დაიკმაყოფილონ საკუთარი ძალაუფლების ჩვენების და დამტკიცების წყურვილი. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამ მცდარ მსჯელობაზე ჰუმანურობისა და ემპათიის გრძნობებით გაჯერებული რაციონალური მსჯელობა იმარჯვებს, რომელიც აღიარებს, რომ მოსახლეობის პროტესტი იყო საფუძვლიანი და სამართლიანი.

გვესმის, რომ ასეთ სიტუაციაში რომელიმე პოლიტიკოსის სახელის სკანდირება მოსახლეობის მხრიდან იყო არასწორი. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ მთავრობის მხრიდან ამ ეტაპზე ყველაზე სწორი პოლიტიკა იქნება, თუ ის ამ ფაქტს საერთოდ დააიგნორებს და შეუდგება მოსახლეობის იმ საჭიროებების და წუხილების მოგვარებას, რამაც ეს ხალხი გამოიყვანა ქუჩაში,“ – ნათქვამია „სალამის” განცხადებაში.

“სალამი” თავის განცხადებაში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  • დაამყაროს ავთენტური, ნდობაზე დაფუძნებული და კოლექტიურ სიკეთეზე ორიეტირებული კავშირები მოსახლეობასთან
  • განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლოს შექმნილი ვითარება და დაიწყოს სიღრმისეული პრობლემების მოძიება და აღმოჩენა
  • დროულად შეიმუშაოს სოციალური პოლიტიკის სტრატეგია ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისთვის
  • უარი თქვას დღევანდელი მოვლენების დროს იდენტიფიცირებული ადამიანების დასჯაზე
  • აღიაროს, რომ შიშველ კონტროლზე დაფუძნებული მართვის მექანიზმები არც აქამდე არ მუშაობდა და მით უმეტეს, არც კრიზისის პირობებში მუშაობს.
  • იზრუნოს მოსახლეობის ინფორმირებაზე მათთვის გასაგებ ენაზე

“აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს ადამიანზე ორიენტირებული, მზრუნველი და სოლიდარული მმართველობის მსოფლმხედველობიდან, სადაც ყველაზე ღირებული იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და ღირსება,” – აცხადებს “სალამი”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: