მთავარი,სიახლეები

უჯრედული თერაპია – ისრაელში კომპანია covid 19-ის სამკურნალო ახალ მეთოდს წარმოადგენს 

21.04.2020 • 3026
უჯრედული თერაპია – ისრაელში კომპანია covid 19-ის სამკურნალო ახალ მეთოდს წარმოადგენს 

ისრაელში მოქმედი კომპანია Pluristem Therapeutics-ი აპირებს COVID 19-ით ინფიცირებულთა პლაცენტის უჯრედებით მკურნალობა დანერგოს. კომპანია მშობიარობის შემდგომი პლაცენტის ღეროვან უჯრედებს ამუშავებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ისრაელში მეცნიერთა ერთი ჯგუფის აზრით, ერთი პლაცენტის საშუალებით კორონავირუსით ინფიცირებული  20 000 პაციენტის განკურნებაა შესაძლებელი. პირველივე პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც ამ მეთოდით უმკურნალეს, საგრძნობლად გაუმჯობესდა, რის შემდეგაც იდეის ავტორი კომპნიის, Pluristem Therapeutics-ის აქციების ფასი წარმოუდგენლად გაიზარდა.

Pluristem Therapeutics-ი პლაცენტას იყენებს „ჭკვიანი უჯრედების“ წარმოსაქმნელად და აპროგრამებს მათ, რომ ინფიცირებულთა ორგანიზმში თერაპიული ცილები წარმოიქმნას.

ამ მეთოდით პირველად ისრაელში Covid 19-ით ინფიცირებულ ამერიკის ერთ და ისრაელის 7 მოქალაქეს  უმკურნალეს. ყველა მათგანი გადარჩა.

აქედან სამი პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, ერთ-ერთს კი სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. პლაცენტით მკურნალობის შედეგად მათ სუნთქვის აპარატი აღარ დასჭირდათ და მდგომარეობა შეუმსუბუქდათ.

ცალკეული პაციენტების მკურნალობა მეთოდის კლინიკური ცდის პერიოდად არ მიიჩნევა, მაგრამ Pluristem Therapeutics-ის პრეზიდენტი იაკი იანი ამბობს, რომ მეთოდის გამოცდა მალე დაიწყება და შესაძლოა ოფიციალური ნებართვა მათ მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიიღონ, რის შემდეგაც, მისივე თქმით, შესაძლებელი იქნება პლაცენტას უჯრედების საშუალებით ათასობით ადამიანის სწრაფად მკურნალობა.

იაკი იანის თქმით, ინოვაციური მეთოდით კრიტიკულად მძიმე პაციენტების მდგომარეობის შემსუბუქებაა შესაძლებელი და შედეგად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გათავისუფლდება ადგილები სხვებისთვის.

„ვფიქრობ, ეს მეთოდი ბევრ რამეს შეცვლის, რადგან ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილების დეფიციტია, ჩვენ შეგვიძლია მოვხსნათ პაციენტები ფილტვის ვენტილაციის აპარატებიდან და გავიყვანოთ ისინი რეანიმაციიდან,“ – ამბობს ის.

ამ მეთოდით მკურნალობისთვის მარეგულირებელი ორგანოებისგან ნებართვას ელოდებიან.

ინოვაციური მეთოდი გულისხმობს ღეროვანი უჯრედების 15-მილილიტრიანი დოზის ინექციას კუნთში. სხეულში მოხვედრის შემდეგ უჯრედები ერთგვარ პატარა ფაბრიკად იქცევა, რომელიც თერაპიულ ცილებს გამოიმუშავებს. თერაპიული ცილები კი ორგანიზმს რეგენერაციისკენ უბიძგებენ.

უჯრედები გამოყოფენ ორი ტიპის ცილებს – ერთი ამცირებს ანთებით პროცესს, მეორე ერთვება იმუნური სისტემის რეგულირებაში. სამედიცინო კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ამ იმუნომამოდულირებელ ცილებს, როგორც მათ უწოდებენ, შეუძლიათ იმუნიტეტის შენარჩუნება. კორონავირუსით ინფიცირებულ კრიტიკულ პაციენტებს კი სწორედ იმუნიტეტი უქვეითდებათ სწრაფად და საგრძნობლად.

იმუნომამოდულირებელი ცილები ხელს უშლიან ორგანიზმს საკუთარ ორგანოებზე იერიშის მიტანაში. კრიტიკული პაციენტები ძირითადად მწვავე რესპირატორული ავადობით იღუპებიან ძლიერი ანთებით, როცა იმუნური სისტემა მთელი ძალით ესხმის თავს – ძირითადად ფილტვებს.

აქამდე Pluristem-ის ეს ტექნოლოგია ძირითადად იმ პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, ვისაც ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის პრობლემა ჰქონდა, თუმცა მეცნიერებმა პლაცენტას უჯრედები ამჯერად კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობას მოარგეს.

„ჩვენ პლაცენტიდან ვიღებთ უჯრედებს და შევიმუშავეთ ტექნოლოგია, რის საშუალებითაც ამ უჯრედების რაოდენობას ძალიან ბევრჯერ ვზრდით ადამიანის იმიტირებული ორგანიზმის გარემოში. ამ ტექნოლოგიით ერთი პლაცენტით 20 000 ადამიანის მკურნალობაა შესაძლებელი.

მეცნიერთა ჯგუფი „აპროგრამებს“ უჯრედებს, რომლებსაც შემდეგ ცილების ფართო სპექტრი აქვთ და მათი გამოყოფა შეუძლიათ. უჯრედები არამხოლოდ ცილებს გამოყოფენ, არამედ არეგულირებენ სეკრეციის დონეს ორგანიზმისგან მიღებული სიგნალების მეშვეობით,“ – ამბობს Pluristem Therapeutics-ის პრეზიდენტი.

მისი განცხადებით, ოფიციალური ნებართვის მიღებამდე კომპანია Pluristem-ი აგრძელებს ახალი მეთოდით იმ პაციენტების მკურნალობას, რომლებიც ინდივიდუალურად თანხმდებიან ინოვაციურ მიდგომას.

„ნებართვის მიღების შემდეგ ვფიქრობთ მეთოდის დანერგვას ვირუსისგან დაზარალებულ სხვა ქვეყნებშიც. ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა მულტინაციონალური კლინიკური კვლევების დაწყებაა და ვიმედოვნებთ, რომ „უჯრედული თერაპია“ ეფექტური საშუალება იქნება რთული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ორგანოებს აზიანებენ,“ – აცხადებენ კომპანიაში.

ისრაელში Covid 19-ის 13 883 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელდა 4 353 პაციენტი, გარდაიცვალა – 181.

_______________________________________

წყარო: The Times Of Israel; The Jerusalem Post

ფოტო: the Israel Times

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: