მთავარი,სიახლეები

ისრაელში იკრძალება ქალაქებს შორის მიმოსვლა და საცხოვრებელი ადგილის დატოვება

14.04.2020 • 1079
ისრაელში იკრძალება ქალაქებს შორის მიმოსვლა და საცხოვრებელი ადგილის დატოვება

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს ისრაელში დამატებითი შეზღუდვების გამო.

დღეს, 14 აპრილის 17:00 საათიდან 16 აპრილის 05:00 საათამდე ძალაში შედის დამატებითი შეზღუდვები:

  • ისრაელის ტერიტორიაზე იკრძალება ქალაქებს შორის მიმოსვლა, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით;
  • ისრაელის ტერიტორიაზე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა;
  • იკრძალება მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, გარდა შინაური ცხოველის გასეირნებისა სახლიდან არა უმეტეს 100 მეტრის დაშორებით.

ასევე, ძალაში რჩება წინა შეზღუდვები, რომელიც, განახლებული სახით, 31 მარტს შევიდა ძალაში ისრაელში.

ისრაელში იკრძალება 2-ზე მეტი ადამიანის შეკრება საზოგადოებრივ სივრცეში (გარდა ოჯახის წევრებისა, რომლებიც ცხოვრობენ ერთ საცხოვრებელ ფართობში); ჯგუფური ლოცვები; დაკრძალვის ცერემონიალზე 20-ზე მეტი ადამიანის დასწრება; სადღესასწაულო ღონისძიებაზე 10-ზე მეტი ადამიანის დასწრება; დასაშვებია ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ჩატარება მხოლოდ ღია სივრცეში, მონაწილეთა შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით.

ასევე, ყოველდღიურად, სამსახურში წასვლამდე, ყველა მოქალაქეს მოეთხოვება გაიზომოს ტემპერატურა და შეავსოს დეკლარაცია, რომ მას არ აქვს დაავადების სიმპტომები (ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღლა, ხველა, ქოშინი). დასაქმებულს მოეთხოვება შევსებული დეკლარაცია, მიმდინარე თარიღით, გადასცეს დამსაქმებელს; დასაქმებულს, რომლებიც მუშაობენ კომპანიის ოფისის გარეთ, შეეძლებათ გააკეთონ ზეპირი მოხსენება; სამუშაო ადგილებზე, სადაც შეუძლებელია თანამშრომლებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის შენარჩუნება, დამქირავებელმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები; საერთო ხმარების ინვენტარი საფუძვლიანად უნდა იყოს დეზინფექცირებული; ყველა თანამშრომელს მოეთხოვება დაიცვან პირადი ჰიგიენის მკაცრი წესები, პირველ რიგში – ხელების დაბანა; ოფისებსა და საწარმოებში უნდა დაწესდეს ლიფტის გამოყენების შეზღუდვა – 2-ზე მეტ ადამიანზე; მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერული ტექნიკის შეკეთების ოფისებში, მომხმარებელთა მომსახურება შეიძლება განხორციელდეს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მკაფიო მოთხოვნების შესაბამისად.

14 აპრილის მონაცემებით, ისრაელში Covid-19-ის 11 868 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 117 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 2000 პაციენტი.

_______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ABIR SULTAN

გადაბეჭდვის წესი


ასევე: