ბათუმი,მთავარი,სიახლეები

3,9 მილიონ ლარს გადაუხდის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სასტუმროებს, რომლებიც საკარანტინედაა მოწყობილი

14.04.2020 • 2203
3,9 მილიონ ლარს გადაუხდის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სასტუმროებს, რომლებიც საკარანტინედაა მოწყობილი

ბათუმში სასტუმროებს, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, თანხას აჭარის ბიუჯეტიდანაც გადაუხდიან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 17 სასტუმროსთან ხელშეკრულება ჯამში 3 903 200 ლარზე აქვს გაფორმებული.

ხელშეკრულებების მიხედვით, სასტუმროებში საკარანტინო ზონა დაახლოებით 40 დღის განმავლობაში მოეწყობა [6 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით პერიოდში].

მომსახურება ითვალისწინებს სასტუმროებში მოქალაქეთა განთავსებას, კვებას და შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას.

სასტუმროებს თანხას, ფაქტობრივად, მიწოდებული მომსახურების შესაბამისად გადაუხდიან.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა სასტუმროებთან ხელშეკრულებები დამატებით კიდევ გაფორმდეს.

შენიშვნა: დღეს, 14 აპრილს, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა შესყიდვების სააგენტოს 20 სასტუმროსთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესათანხმებლად მიმართა. ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 4 066 039 ლარია.

_______________

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში [მათ შორის აჭარაში] მდებარე  88 სასტუმროსთან ხელშეკრულებები საკარანტინო ზონების მოწყობაზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასაც აქვს გაფორმებული, ჯამში 25 975 674 ლარზე.

ბათუმის სასტუმროებიდან იმ მოქალაქეების სახლებში გადაყვანას, რომლებსაც საკარანტინო 14-დღიანი ვადა ამოეწურათ, ბათუმის მერია უზრუნველყოფს. ამ პირთა ტრანსპორტირებისთვის მერიას ხელშეკრულებები 188 500 ლარზე აქვს გაფორმებული კერძო კომპანიასთან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობა ცალკე ფონდის შექმნას არ გეგმავს და COVID 19-თან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებებისთვის რესპუბლიკურ ბიუჯეტში დაზოგილი თანხა [წარმომადგენლობითი და სამივლინებო თანხები, როგორც მთავრობის აპარატის, ასევე სამინისტროების], დარჩება ამ საგანგებო ბიუჯეტში.

ამ მიზნით დაგეგმილია გარკვეული პროექტების დაფინანსების შემცირებაც.

საგანგებო ბიუჯეტში აისახება ის ფინანსები, რაც აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაიხარჯა, ან დაიხარჯება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.

14 აპრილის [10:20 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 296 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელდა 68 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 834 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 434. 

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: