განათლება,მთავარი,სიახლეები

„მშობლები ყოყმანობენ გადასახადის შემოტანას“ – კერძო სკოლების კრიზისი

01.04.2020 • 3573
„მშობლები ყოყმანობენ გადასახადის შემოტანას“ – კერძო სკოლების კრიზისი

დღეს, 1-ელ აპრილს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარია აკუმულირებული, რომლითაც მოსახლეობას კომუნალური გადასახადების დაფარვაში დაეხმარება სახელმწიფო, ასევე ეს თანხები უნდა მოხმარდეს ბიზნესის მხარდაჭერას. თუმცა რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო ბიზნესს, ჯერ ამაზე კონკრეტული გზავნილები პრემიერს არ გაუჟღერებია. კერძო სკოლების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კორონავირუსის გამო შექმნილ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მათაც უნდა დაეხმაროს.

„ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში ვართ, კერძო სკოლაც ხომ მცირე ბიზნესია და ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა – გარკვეული შეღავათები გაგვიკეთოს ან გადასახადების კუთხით, ან იქნებ ვაუჩერის კუთხით მოიფიქრონ დახმარების ფორმა“, – ამბობს ბათუმში არსებული სკოლა „ნიკეს“ დირექტორი, იზო ტაკიძე.

იზო ტაკიძის თქმით, რადგან გაკვეთილები დისტანციურად ტარდება, მშობლებს კვების და ტრანსპორტის თანხის გადახდა არ უწევთ, თუმცა პრობლემები შეიქმნა სწავლის გადასახადთან დაკავშირებით.

„მარტის თვის გადასახადს დავტოვებთ სრულად, მაგრამ აპრილის თვიდან,  ვფიქრობთ, გადასახადის შემცირებას ან გადავადებას. მოგვიწევს ინდივიდუალური მუშაობა მშობლებთან. ვიცი ისეთი სკოლები, სადაც მშობლები უკან ითხოვდნენ  წინსწრებით გადახდილ სწავლის თანხას, თუმცა ჩვენთან უფრო შეგნებით ეკიდებიან მშობლები ამ საკითხს“, – გვითხრა იზო ტაკიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები სკოლაში არ დადიან, სკოლა მაინც მთელი დატვირთვით მუშაობს, რადგან მიმდინარეობს ონლაინგაკვეთილები, ამიტომ პედაგოგებმა ანაზღაურებაც უნდა მიიღონ.

სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების საჭიროებაზე საუბრობს ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ დირექტორი ნინო ჩიკვაშვილიც.

„ჯერჯერობით სახელმწიფოს მხრიდან არანაირი გეგმა, რაიმე შემოთავაზება არ გვქონია, ამიტომ ჩვენც, ჯერჯერობით, არ გვაქვს პროგნოზები, რა შეღავათები შეგვიძლია მშობლებს გავუკეთოთ. თუ სახელმწიფო მხარდაჭერას გამოიჩენს, ჩვენც ანალოგიურად გვექნება შეღავათები მშობლებისთვის“, – გვითხრა ნინო ჩიკვაშვილმა.

დირექტორი ამბობს, რომ სკოლას ამ ეტაპზე კომუნალური ხარჯები აქვს შემცირებული, რადგან მოსწავლეები არ დადიან, თუმცა პედაგოგებმა ხელფასი აუცილებლად უნდა მიიღონ. „ხელფასი სრულად უნდა გადავუხადოთ პედაგოგებს – ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და ტარდება პროფესიონალური გაკვეთილები Zoom-ის საშუალებით.

რთულია, რადგან მშობლებს უჭირთ გადასახადების გადახდა, საგანგებო მდგომარეობის გამო გაჩერდა ბევრი ბიზნესი, შეიძლება დანაზოგიც აქვთ ზოგიერთს, მაგრამ ეშინიათ ხვალინდელი დღის და ყოყმანობენ თანხის შემოტანას, არ იციან რა ქნან. მე როგორც ხელმძღვანელი, რთულ მდგომარეობაში ვარ, რადგან მაქვს პასუხისმგებლობა ამდენი ადამიანის წინაშე და ვერ დავუშვებ, რომ სკოლის მასწავლებელს, სხვა თანამშრომლებს, ხელფასი არ მივცე“.

დირექტორის თქმით, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, სკოლა მშობლებს სთხოვს სწავლის მინიმალური საფასური – 200 ლარი მაინც შეიტანოს თვიურად. „თუ ერთად შემოიტანენ დარჩენილ თანხას, 10-პროცენტიანი შეღავათი ექნებათ. გარდა ამისა, სექტემბრის დასაწყისში ჩვენ ბავშვებს ვთავაზობთ ბონუსს – ინტენსიური 3-კვირიანი სკოლა გვექნება მათემატიკის, ინგლისურის და სტემ-ის მიმართულებით“.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ კერძო სკოლას ესაუბრა ბათუმში. სკოლა „მონპარნასის“ დირექტორი, განათლების მიმართულებით თამრიკო თალაკვაძე ამბობს, რომ ადმინისტრაცია სკოლის გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს, თუმცა სახელმწიფოს მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია.

„ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, რას შემოიტანს მშობელი. თუმცა სკოლა მაინც ფიქრობს დამატებითი თანხები მოიძიოს. გადასახდელი გვაქვს ქირის თანხა და ამასთან დაკავშირებითაც ველოდებით საბოლოო პასუხს მეპატრონისგან. არც პედაგოგი უნდა დარჩეს უკმაყოფილო“, – გვეუბნება ის.

როგორც სხვა სკოლები, „მონპარნასიც“ გეგმავს მშობლებს გარკვეული შეღავათები გაუწიოს  სწავლის საფასურის გადასახადზე. „თუმცა არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც გვეუბნებიან, რატომ გადაიხადოს, როცა ბავშვები სკოლაში არ დადიან. არიან ისეთებიც, ვინც ამბობენ, რომ სამი თვის მერე შემოიტანენ გადასახადს. არც ჩვენ გვინდა, რომ მშობელი დარჩეს უკმაყოფილო, თუმცა არ გამოვრიცხავ გაუგებრობებსაც“, – ამბობს თამრიკო თალაკვაძე.

დირექტორის თქმით, კორონავირუსის საფრთხის გამო სწავლება გადატანილია ონლაინრეჟიმში და მასწავლებლები მაინც მუშაობენ. „ჩართული ვართ „ზუმში“ და ამ პროგრამაში მიმდინარეობს მოსწავლეებთან ინტერაქცია“, – ამბობს დირექტორი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდეა შეჩერებული. სკოლებს განათლების სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა, სასწავლო პროცესი ონლაინპლატფორმების გამოყენებით გააგრძელონ.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში კერძო სკოლების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში 9 სკოლით არის შემცირებული. დღეს საქართველოში 227 კერძო სკოლაა, სადაც 62 771 მოსწავლე სწავლობს.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/სკოლა „პროგრესი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: