მთავარი,სიახლეები

როგორ მივა სამსახურში ის, ვისაც დისტანცირება არ ეხება – გადაადგილების პრობლემა

02.04.2020 • 2440
როგორ მივა სამსახურში ის, ვისაც დისტანცირება არ ეხება – გადაადგილების პრობლემა

მას შემდეგ, რაც მთელ ქვეყანაში კარანტინი გამოაცხადეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გააჩერეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კომპანიებმა, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების უფლება აქვთ, თავად უნდა უზრუნველყონ თანამშრომლების სამსახურამდე, შემდეგ კი სახლამდე მიყვანა. პრემიერმა განმარტა, რომ მათ ამისთვის სპეციალური ტრასპორტი უნდა დაიქირაონ.

შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით მუნიციპალურ  შპს-ს, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი კომპანია გაურიგდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „საკონტეინერო ტერმინალმა“ დაიქირავა ტრანსპორტი თანაშრომლების გადაყვანის მიზნით, ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისგან“.

„ავტოტრანსპორტს“ რა ფასად გაურიგდა „საკონტეინერო ტერმინალი“, ამის შესახებ მერიიდან ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, თანამშრომლების გადაადგილების მომსახურებისთვის ტრანსპორტის დაქირავების მიზნით, მერიის ორგანიზაციასთან მოლაპარაკებას კიდევ რამდენიმე კომპანია აწარმოებს: „ჯერ არ შევთანხმებულვართ, ამიტომ ჩამონათვალს ვერ მოგცემთ“, – გვითხრეს ბათუმის ავტოტრანსპორტში.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ სააფთიაქო ქსელებსა და სასურსათო მაღაზიებსაც მივმართეთ. კომპანია „ავერსში“ გვითხრეს, რომ თანამშრომლებს გამოჰკითხეს და მათგან უმეტესობას გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა არ აქვს: „ზოგი ახლოს ცხოვრობს, ზოგიერთი კი საკუთარი მანქანით გადაადგილდება. ვისაც აქვს პრობლემა, ჩვენ ვემსახურებით“.

კომპანია უზრუნველყოფს PSP -ს აფთიაქების ქსელის თანამშრომლების გადაყვანასაც: „მათ სპეციალური ტრასპორტი ემსახურებათ“, კომპანიაში გვითხრეს, რომ ეს პრობლემა დღის წესრიგში მაშინ დადგა, როცა ბათუმში ე.წ. სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა, შესაბამისად კომპანია ამ დროიდან ზრუნავს თანამშრომლების ტრასპორტით მომსახურებაზე.

„ბათუმელებმა“ ამ პრობლემის შესახებ ჰკითხა სხვა სააფთიაქო ქსელებსაც. კომპანიების ნაწილმა დაპირებული პასუხი ამ საკითხზე არ მოგვაწოდა.

სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორაში“ გვითხრეს, რომ საგანგებო მდგომარეობის დაწყებისთანავე თანამშრომლებისთვის ავტობუსი დაიქირავეს. „ამ დრომდე თანამშრომლებს ეს ავტობუსი ემსახურებოდა, ჩვენთან საკმაოდ ბევრ თანამშრომელს აქვს პრობლემა გადაადგილებასთან დაკავშირებით. ახლა გვითხრეს, რომ ამხელა ტრანსპორტის გაადგილება არ იქნება შესაძლებელი. მოვილაპარაკეთ და გამოვყეთ ლიმიტი თანამშრომლებისთვის ტაქსებით გადასაადგილებლად“, – გვითხრა „ნიკორას“ წარმომადგენელმა.

იგივე პრობლემა დაუდგათ დღის წესრიგში იმ პირებს, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ, მაგრამ ქალაქში მუშაობენ.

„დამიკავშირდა მოქალაქე, რომელიც მუშაობს ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დაცვაში. მართალია, მაღაზია დაკეტილია, მაგრამ დაცვას არ გაუჩერებია მუშაობა. მე შევთავაზე, რომ დაუკავშირდეს ვინმეს, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს და ერთად მოაგვარონ… სხვა არაფერი შემიძლია“, – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.

ქედის მერი ლევან გორგილაძე კი საკუთარი მანქანით ემსახურება ქედის ერთ-ერთი სოფლის ექიმსა და მის ასისტენტს: „დილით რომ მივდივარ, მიმყავს, ადრე ოთხი ადამიანი მიმყავდა, მაგრამ ახლა არ შეიძლება“.

მერი ამბობს, რომ მსგავსი პრობლემით მას არავინ დაკავშირებია. „აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებს ჩვენ მოვემსახურებით, მე თუ არ მეცლება, მოადგილეს გავაგზავნი“, – გვითხრა ლევან გორგილაძემ. ქედის მერის აზრით, ეს პრობლემა დამსაქმებლებმა უნდა მოაგვარონ.

ჯერჯერობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების/დაქირავების თხოვნით, გარდა ბათუმისა, აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის არავის მიუმართია.

საქართველოში  გამოცხადებული კარანტინი 31 მარტიდან შევიდა ძალაში, შეზღუდვა  შეეხო საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც, გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ტაქსით ან კერძო ავტომობილით. ამასთან, აკრძალულია გარეთ გასვლა 21:00 საათის შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: