მთავარი,სიახლეები

აღდგომის დღესასწაულზე შეკრების შეზღუდვა ეხებათ ქრისტიანებსაც – ნეთანიაჰუ

01.04.2020 • 2589
აღდგომის დღესასწაულზე შეკრების შეზღუდვა ეხებათ ქრისტიანებსაც – ნეთანიაჰუ

ისრაელის სახელმწიფო საზოგადოებას სთხოვს, ხალხმრავლობის გარეშე აღნიშნონ პასექის, აღდგომისა და რამადანის მოახლოებული დღესასწაულები, რომ არ შეუწყონ ხელი კორონავირუსის გავრცელებას.

გამოცემა Jerusalem Post-ის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში იკრძალება ღვთისმსახურება თუნდაც ღია ცის ქვეშ ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად. ხელისუფლება ხალხს სთხოვს დროებით გადავიდნენ შინ მარტო ლოცვის რეჟიმში.

ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორშაბათს მინისტრთა კაბინეტის მიერ შემუშავებული საგანგებო მდგომარეობის ახალი შეზღუდვები აამოქმედა. საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულია ფულადი ჯარიმა. ქუჩაში ორ ადამიანს ერთად გადაადგილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს მოახლოებულ პასექის დღესასწაულზე ერთმანეთთან სტუმრობისგან, მათ შორის, ოჯახური სტუმრობისგან, როცა შვილები სტუმრად მიდიან მშობლებთან ან შვილიშვილები – ბებია-ბაბუებთან.

„ეს შეზღუდვები ეხება არაებრაულ დღესასწაულებსაც, როგორიც რამადანი და აღდგომაა. მოვითხოვთ მათგანაც საერთო წესების დაცვას, რაც ახლა სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია. კორონავირუსთან საბრძოლველად ძალებს არ დავიშურებთ. უმჯობესია ვიყოთ ძალიან მკაცრები ამ მდგომარეობაში,“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუ რეზიდენციაში კარანტინში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, თუმცა მას კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ საპარლამენტო მრჩეველ რივკო ლაპუხთან.

საგანგებო რეჟიმის პირობებში ისრაელში ოფისები ვალდებულები არიან შიდა დასაქმებულთა მხოლოდ 15 % დატოვონ სამსახურში და უზრუნველყონ მათ შორის 2- მეტრიანი დისტანცია სამუშაო გარემოში. დაკრძალვაზე შეკრება შეუძლია მხოლოდ 20 ადამიანს, დაუშვებელია ქორწილების გამართვა.


მთავარი ფოტო: Reuters ბენიამინ ნეთანიაჰუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: