მთავარი,სიახლეები

პაატა იმნაძე: თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში

29.03.2020 • 40779
პაატა იმნაძე: თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანა გადადის კორონავირუსის გავრცელების შიდა ეტაპზე, ამიტომ ყველა ვალდებულია დარჩეს სახლში.

პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება ქვეყანას ექნება:

„უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეები ყველა კარანტინში მიდის და მათ შორის, შემთხვევის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, იქნება და მოიმატებს ისიც, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის საზღვარი და რაღაც ეტაპზე ჩვენ დაგვეწყება შიდა გადაცემა. ის, რაც უკვე გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო შიდა გადაცემის პრევენციისთვის.

ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა დამოკიდებული, ერთადერთი და მთავარი რჩევაა – დარჩი სახლში. თუ არ უნდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში. აი ეს არის დღეს, მეტი აღარაფერი. დღეს თუ არ ვიქნებით ყველანი სახლში, დღეს თუ მარტო ის ადამიანები არ გამოვლენ გარეთ, ვინც უნდა იმუშაოს, რაღაც სამსახურებმა, ქვეყანა ვერ გაჩერდება… დანარჩენი ყველა დარჩით სახლში.

ყველამ უნდა გაითვალისწინოს, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ – დღეს ჩვენ იმ ეტაპზე შევდივართ, თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში, ისე ინფექცია არ გაჩერდება.

მატება იქნება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მატება არ მოხდეს ზვავსიებურად, არ მოხდეს ისე, რომ ჩვენი კლინიკები გადაიტვირთოს და ისე, რომ სამედიცინო კლინიკებმა ადამიანების დახმარება შესძლონ. ეს ყველაფერი გაკეთდება ერთ შემთხვევაში – თუ ჩვენ დავრჩებით სახლში“.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის უნდა ელოდოთ ქვეყანა კორონავირუსის პიკს, პაატა იმნაძე თქვა:

„ნუ დავიწყებთ მარჩიელობას, პროგნოზები ყველანაირი გაკეთებულია, რა იქნება, როგორ იქნება. დანარჩენს დავითვლით ყველაფერს. მოსახლეობამ ერთი უნდა იცოდეს, თუ უნდათ, რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ უმტკივნეულოდ, რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს, დავრჩეთ სახლში“.

28 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით 10 023 ადამიანი დაიღუპა.

დღეის მდგომარეობით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 90
  • მათ შორის გამოჯანმრთელება – 18
  • კარანტინის რეჟიმში – 4717
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268

გადაბეჭდვის წესი


ასევე: