მთავარი,სიახლეები

12 მილიონი ლარი 42 სასტუმროს – საკარანტინო ზონის მოწყობისთვის

29.03.2020 • 2520
12 მილიონი ლარი 42 სასტუმროს – საკარანტინო ზონის მოწყობისთვის

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პირდაპირი წესით გაფორმებულ კიდევ 42 ხელშეკრულებას შესყიდვების სააგენტოსთან ათანხმებს. აღნიშნული ხელშეკრულებები სასტუმროების მესაკუთრეებთანაა გაფორმებული სასტუმროებში 2 თვით საკარანტინო ზონების მოწყობაზე.

აღნიშნულ სასტუმროებთან გადაუდებელი აუცილებლობით გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 12 182 365 ლარია. თუმცა, მხარეები თანხმდებიან, რომ „სასტუმრო მომსახურების, კვების და დეზინფექციის მომსახურების თანხის ანაზღაურება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად“.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საკარანტინო სივრცეების მოწყობაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კიდევ 13 სასტუმროსთან აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული – ჯამში 10 517 823 ლარზე.

ანუ, 55 სასტუმროში 2-თვიანი საკარანტინო ზონის მოწყობისთვის, ხელშეკრულებები ადმინისტრაციას ჯამში 22 700 188 ლარზე აქვს გაფორმებული.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ორი დღის წინ განაცხადა, რომ საკარანტინო სივრცე ჯამში მოწყობილია 64 სასტუმროში, ამასთან, რამდენიმე მფლობელმა სასტუმროები კარანტინისთვის სამინისტროს უფასოდ დაუთმო.

რა ვალდებულებები აქვთ აღებული სასტუმროებს ხელშეკრულებით, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

სასტუმროებთან გაფორმებული ხელშეკრულებების გარდა, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სხვადასხვა კომპანიასთან ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს დეზინფექციის, ტვირთის გადატანასა და მოქალაქეების გადაყვანაზე.

ორი თვის ვადით დეზინფექციასა და დეზინსექციასთან დაკავშირებული მომსახურების მიზნით ორი ხელშეკრულებაა გაფორმებული – ჯამში 8090 ლარზე. მიმწოდებლის ვალდებულებაა შესაბამისი სამუშაოების ჩატარება წყალტუბოსა და ქვეყნის სხვა ადგილებში განთავსებულ საკარანტინო ზონებში ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა, ასევე, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებების შესყიდვაც. ამ კუთხით ხელშეკრულება 10 ათას ლარზეა გაფორმებული.

შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების შესყიდვაზე [31 მაისის ჩათვლით] კი ადმინისტრაციას ხელშეკრულება 400 ათას ლარზე აქვს გაფორმებული კერძო კომპანიასთან.

კომპანიამ სხვა ვალდებულებებთან ერთად უნდა უზრუნველყოს თითოეული ტრანსპორტის სრული დეზინფექცია ლიცენზირებული სადეზინფექციო საშუალებებით თითოეული მარშრუტის დასრულების შემდგომ.

საქართველოში, 2020 წლის 29 მარტის დილის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში – 4 717 პირი იმყოფება. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 90-ია, მათგან გამოჯანმრთელდა 18. ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 268 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: