მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

3 765 ახალი სამუშაო ადგილი სოფელში ბიუჯეტის ხარჯზე, არჩევნების წინ

28.03.2020 • 3063
3 765 ახალი სამუშაო ადგილი სოფელში ბიუჯეტის ხარჯზე, არჩევნების წინ

მუნიციპალიტეტები საშტატო განრიგის ცვლილებაზე მუშაობენ. ცვლილება ძირითადად ტერიტორიულ ერთეულებში მერების წარმომადგენლებს შეეხებათ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, ისინი შტატიანი თანამშრომლები აღარ იქნებიან და მერი მათ ადმინისტრაციული წესით, ხელშეკრულებებით დაიქირავებს. ეს ცვლილება საქართველოს პარლამენტმა 18 თებერვალს დაამტკიცა.

კანონში ცვლილების მიხედვით დადგინდა, რომ მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი, [მაგალითად სპეციალისტი] რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დროისთვის არიან მოხელეები ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, კანონის ამოქმედებისთანავე ითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად. კანონის ცვლილება მთელი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს ეხება, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა.

გარდა იმისა, რომ ამ ცვლილების მიხედვით კონკურსგავლილ შტატიან თანამშრომლებს სახელშეკრულებო პირობებზე მოუწევთ დათანხმება, იგეგმება მათი რაოდენობის გაზრდა.

ამ დრომდე თუ კონკრეტული მუნიციპალიტეტის კონკრეტულ თემში მერს ერთი წარმომადგენელი და 2 სპეციალისტი ჰყავდა, უახლოეს მომავალში თემში შემავალ თითო სოფელში მერს თითო წარმომადგენელი ეყოლება, შენარჩუნდება უფროსი წარმომადგენლის თანამდებობაც. შესაბამისად, ერთ თემში დასაქმებულების რაოდენობა მინიმუმ – სამი, მაქსიმუმ კი ხუთი პირით გაიზრდება.

კანონში ცვლილება ახალი დასაქმების ადგილების შექმნას არ ითხოვს, თუმცა მუნიციპალიტეტებში გვითხრეს, რომ „ეს დავალებაა ცენტრიდან, რომლის განხორციელებაც პირველი აპრილიდან იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გამო გადაიდო“.

კანონში ცვლილების შესაბამისი განკარგულების პროექტები, რაც თემის წარმომადგენლების საშტატოდან სახელშეკრულებო პირობებზე გადასვლას გულისხმობს, უკვე მოამზადეს და 31 მარტს საკრებულოს სხდომაზე აპირებენ ჯერ განხილვას, შემდეგ კი მის დამტკიცებას ქედის და ხულოს საკრებულოები. შუახევის საკრებულომ ეს საკითხი უკვე განიხილა და დაამტკიცა კიდეც. რაც შეეხება ახალი თანამშრომლების დაქირავებას – მერს თითო წარმომადგენელი ეყოლება თითო სოფელში. თუ ამ იდეის განხორციელებას მთავრობა მაისში დაიწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოში მინიმუმ 3 765 ადამიანი დასაქმდება ბიუჯეტის ხარჯზე.

დღეისთვის საქართველოში სწორედ ამდენი სოფელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: