ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას საფრანგეთში 5 ექიმი გარდაიცვალა. ხუთივეს Covid 19 გადაედო.
ჟან ჟაკ რაზაფინდრანეზი, სილვიან ველინგი, ჟან-მარი ბეგლი, მაჰენ რამლოლი, ოლივიე-ჟაკ შნელერი, სამი მათგანი საფრანგეთის აღმოსავლეთიდანაა, მხარე, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა საფრანგეთში და სადაც ყველა კლინიკა ახლა გადავსებულია.
მკურნალი ექიმი – მაჰენ რამლოლი
70 წლის მაჰენ რამლოლი ელზასში, ქალაქ კოლმარის საავადმყოფოში გარდაიცვალა კვირას, 22 მარტს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, საგანგებო მდგომარეობაში მას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზება ევალებოდა, წარმოშობით იყო მავრიკიიდან, მაგრამ ექიმად ელზასში მუშაობდა.
ოლივიე ჟაკ შნელერი
68 წლის ექიმიც გასულ კვირას გარდაიცვალა კორონავირუსით ბელფორტის რეგიონში, ტრევენანის ჰოსპიტალში.
„ეს სოფლის ექიმი იყო, რომელიც ყოველთვის მზად იყო სხვების დასახმარებლად, მას სოფელში ყველ იცნობდა, არ ითვლიდა სამუშაო საათებს, არ გადიოდა კუთვნილ პენსიაზე და განაგრძობდა მუშაობას. ვირუსითაც სამუშაო ადგილზე დაინფიცირდა. ჩემი გულწრფელი მწუხარება მთელ მის ოჯახს, თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რაც მოხდა“, – ამბობს ადგილობრივ მედიასთან ბელფორტის მერი.
ჟან-მარი ბეგლი – გინეკოლოგი
66 წლის გინეკოლოგი იმავე კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც 35 წელი მუშაობდა.
როგორც მისი კოლეგა ჰყვება, ჟან-მარი ბეგლი პაციენტისგან დაინფიცირდა მულუზის საავადმყოფოში, ორსულისგან, რომელსაც კაბინეტში სინჯავდა. ,,როცა ცუდად გახდა, ვიქენდზე სოფელში წავიდა, ბურგონში. 8 დღე დაჰყო ბონის ჰოსპიტალში, მერე დიჟონში გადაიყვანეს და იქ გარდაიცვალა კიდეც“, – ამბობს გარდაცვლილი ექიმის კოლეგა ექიმი ბლუმი.
France 3-თან ინტერვიუსას ექიმის მეგობრებმა დაადასტურეს, რომ გინეკოლოგს სხვა ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა და ბოლო დღეები კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ კომაში იყო.
,,ის ჩემი გინეკოლოგი იყო წლების მანძილზე და გუშინ გარდაიცვალა Covid 19-ით“ – წერს სოცქსელში ექიმის ერთ-ერთი პაციენტი.
Il s’appelait Jean-Marie Boeglé, il était mon gynécologue depuis des années, il est décédé hier du covid-19. Pour lui et tous ceux qui essayent de nous aider à survivre et vivre, respectez le confinement. Au #gouvernement, renforcez drastiquement le confinement dès aujourd’hui! pic.twitter.com/X0F1xt3Gq7
— LeaW (@leawira) March 23, 2020
სილვიან ველინგი
60 წლის ექიმი სენ-ავოლდის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის რესპირატორული გართულებებით მოათავსეს.
,,ეს იყო ძალიან აქტიური ექიმი, რომელიც დროზე ადრე მოდიოდა კლინიკაში და შინ ძალიან გვიან ბრუნდებოდა“, – ასე ახასიათებენ მას კოლეგები. ოთხშაბათს, 25 მარტს, ის დილიდან პაციენტებს იღებდა მანამ, სანამ თავადაც ცუდად არ გახდა და ძალიან სწრაფად გარდაიცვალა.
ჟან-ჟაკ რაზაფინდრანეზი – დახმარების მოსურნე პენსიონერი
ჟან-ჟაკ რაზაფინდრანეზი პირველი ექიმია საფრანგეთში, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობდა და ამავე ვირუსით გარდაიცვალა. ექიმი 3 კვირა ებრძოდა ვირუსს, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა. მისი კოლეგები ფრანგულ ტელევიზიასთან France 3 საუბრისას ამბობენ, რომ ექიმს მადაგასკარზე ჰქონდა სახლი, მაგრამ როცა გაიგო, რომ ჰოსპიტალში ექიმები პაციენტებს ვერ აუდიოდნენ, დაბრუნდა და დახმარება შემოგვთავაზა.
როგორც გამოცემა Le Parisien წერს, ექიმს ძალიან ბევრ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი უაზში, სადაც საფრანგეთში ვირუსის გამავრცელებელი პირველი კლასტერები გამოვლინდა.
ვირუსის სიმპტომები ჰქონდა ჟან-ჟაკ რაზაფინდრანეზის ცოლსაც, რომელიც ასევე ექიმია, მან ვერ შეძლო მეუღლეს საავადმყოფომდე მიჰყოლოდა, რადგან შინ, კარანტინში იყო.
,,მამამ თავი გაწირა“ – დაწერა ექიმის შვილმა მამის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10158337485302010&set=a.10150295759672010&type=3&theater
„ის პენსიაში იყო და შეეძლო დაესვენა, მაგრამ განაგრძობდა საავადმყოფოში სიარულს, რომ გადატვირთულ კოლეგებს დახმარებოდა. მუშაობდა, რადგან მას ეს მოსწონდა და ეს იყო მისი ცხოვრება. მისი გარდაცვალება უსამართლობაა. ჩვენ დამწუხრებულები და გაბრაზებულები ვართ“, – წერს გამოცემა Le Parisien გარდაცვლილი ექიმის შესახებ.
მთავარი ფოტო: ჟან-მარი ბეგლი, გინეკოლოგი