განათლება,მთავარი,სიახლეები

„სკოლა ჩამორჩა მოსწავლეს“ – რატომ გახდნენ მასწავლებლები ბულინგის მსხვერპლი

24.03.2020 • 7211
„სკოლა ჩამორჩა მოსწავლეს“ – რატომ გახდნენ მასწავლებლები ბულინგის მსხვერპლი

„რომ შევადაროთ, Microsoft TEAMS-ი, ეს არის სპორტული ავტომობილი და როგორ შეიძლება ადამიანი, რომელმაც ტარება არ იცის, პირდაპირ დავსვათ ლამბორგინის საჭესთან“ – ამბობს მირანდა ლომიძე, საერთაშორისო ტრენერი უცხო ენების სწავლების დარგში ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, Quizlet ambassador community-ისა და IFprof-ის [საფრანგეთი, Francophonia] წარმომადგენელი და ფასილიტატორი საქართველოში,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი.  „ბათუმელები“ სპეციალისტს იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომლის წინაშეც დღეს სკოლა და მასწავლებლები დადგნენ.

  • ქალბატონო მირანდა, როგორც ბოლო პროცესებმა აჩვენა, ციფრული ტექნოლოგიები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა სკოლებისთვის. რა იწვევს ყველაზე დიდ სირთულეს, როგორია თქვენი დაკვირვება?

მთავარი პრობლემა არის ინტერნეტთან წვდომის პრობლემა, ძველი კომპიუტერი, რომელიც ვერ ეწევა იმ პროგრამებს, რომლებიც აუცილებელია დისტანციური სწავლებისთვის.  თუმცა სანამ კონკრეტულ მიზეზებზე გადავალთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ დისტანციური გაკვეთილი არ ნიშნავს ვიდეოს ჩაწერას ან მარტო მასწავლებლის ლაპარაკს.

დისტანციური სწავლება აბსოლუტურად სხვა ტერმინია. დისტანციური სწავლება არის სინქრონული, ასინქრონული კომპონენტების თანადროულობა და შეფასება.  ონლაინსივრცეში ძალიან ხშირად  მიმდინარეობს მასწავლებლების ბულინგი ონლაინგაკვეთილების გამო, რადგან ბევრი ხარვეზი აჩვენა გამოუცდელობამ. თუმცა მარტო ქართველი მასწავლებლები არ არიან ამ მდგომარეობაში, მთელი მსოფლიოს გამოწვევაა დღეს ეს. ხვალ იგეგმება საფრანგეთში კონფერენცია, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ZOOM-ი და ჩავატაროთ ონლაინგაკვეთილი. ახლა მქონდა ჩართვა ნიცაში, საფრანგეთში საერთაშორისო მასწავლებლების ტრენინგცენტრში და ორშაბათს ერთ ტრენინგს მოხალისეობრივ საწყისებზე ვაკეთებთ არა მხოლოდ ფრანგი, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მასწავლებლისთვის.

  • რა არის დისტანციური სწავლება და რითი განსხვავდება იმისგან, რისი მცდელობებიც დღეს აქვთ ქართველ მასწავლებლებს?

დისტანციური სწავლება ძირითადად ზრდასრულებისთვისაა და იმ ქვეყნებისთვის, სადაც  „ჰოუმსქულის“ [საშინაო სკოლა] პრაქტიკა არსებობს, სადაც ბავშვები არ დადიან სკოლაში და სახლში ეძლევათ დავალებები. მსგავსი სკოლები არსებობს აშშ-ისა და აზიის ცალკეულ ქვეყნებში.  ევროპაში – ნაკლებად, საფრანგეთის მაგალითზე შემიძლია ვისაუბრო, აქ არ აქვთ „ჰოუმსქულინგი“.

დისტანციური სწავლების 3 კურსი მაქვს მე პირადად გავლილი საფრანგეთის სხვადასხვა დაწესებულებაში და ერთიც – უნივერსიტეტში, რაც გულისხმობს იმას, რომ კვირის განმავლობაში გეძლევა დავალებები, ამ დავალებებს აკეთებ, ფასდება შენი პროგრესი თუ რეგრესი და ა.შ. რასაც ახლა ამ ეტაპზე ყველა ვაკეთებთ, ეს არის უბრალოდ მცდელობა იმის, რომ ყველაფერი გადავაგოროთ, პირდაპირი გაგებით. ეს არ არის ის, რაც უნდა იყოს.

მცდელობები აქვს განათლების სამინისტროს Microsoft TEAMS-ის სკოლებში დანერგვის და  ჩემს უნივერსიტეტშიც იგივე პროგრამაა, ციფრულ ტექნოლოგიაში კარგად გარკვეული ადამიანისთვის TEAMS-ი არის ოქროს საბადო, მისი მეშვეობით შემიძლია ჩავატარო ინტერაქტიული გაკვეთილები, სინქრონულიც და ასინქრონულიც, მაგრამ პრობლემაა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. სტუდენტებს არ აქვთ ხოლმე ისეთი ინტერნეტი, რომ ჩართონ ვიდეოთვალიც და მონაწილეობა მიიღონ. მობილურებით შემოდიან, რაც ზღუდავს შესაძლებლობებს. ამიტომ, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, ჩვენ ახლა ყველა ვართ ომში და ომის პირობებში, ყველა წესი, რაც აქამდე მოქმედებდა, იცვლება.  ჩვენ ვმოქმედებთ სიტუაციიდან გამომდინარე და იმ შეზღუდვებიდან გამომდინარე, რასაც ომის კანონები გვიწესებს. როცა სტუდენტი ან მოსწავლე მეუბნება, რომ არ აქვს საშუალება იმუშაოს word-ის დოკუმენტში, რა უფლება მაქვს, უარი ვუთხრა და არ მივიღო ფოტოს სახით მისი ხელნაწერი.

  • ამ ფორმატში ხომ ძალიან რთული იქნება მუშაობა და შეფასება.

დიახ, პრობლემა შეიქმნება, როცა შეფასების სისტემაზე გადავალთ. მაგრამ ჩვენ ახლა ვართ საგანგებო მდგომარეობაში და  ვცდილობთ, გავაკეთოთ მაქსიმუმი. ჩემი მაქსიმუმი ამ შემთხვევაში მარტო სტუდენტებს არ სწვდება, მასწავლებლებს შევთავაზე უფასო ტრენინგი ციფრულ ტექნოლოგიებში და როცა გავთვალე, რომ 30 ფრანგულის მასწავლებელი უნდა დამეტრენინგებინა, ჩაეწერა 120.

ძალიან არ მსიამოვნებს მასწავლებლების ბულინგი, მაგრამ ყველა ტრენინგზე ვამბობ, რომ სკოლა ჩამორჩა მოსწავლეს. მოსწავლეები არიან ციფრული თაობიდან და ასეთ თაობასთან  სხვანაირი მიდგომები გვჭირდება.  თანაც ციფრულ სამყაროში ბულინგი უფრო ადვილია, რადგან ყველაფერი ხელისგულზე გვიდევს. როცა სკოლაში ან უნივერსიტეტში ხდება ბულინგი, ეს უფრო სახიფათოა. მასწავლებელსა და მოსწავლესაც უნდა ვასწავლოთ, რა არის პირადი მონაცემები და რატომ არ შეიძლება სხვისი გვერდიდან უნებართვოდ აიღო ფოტო ან ვიდეო და გაავრცელო.

  • იმას გულისხმობთ, რომ ვიდეოგაკვეთილების დატესტვა მიდის სოციალურ ქსელებში, სადაც ამ ფორმატის ყველა ხარვეზი ჩანს?

დიახ. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები სოციალურ ქსელებში ამ ვიდეოების გავრცელებას და ამაზე სამინისტროსაც ჰქონდა რეაქცია. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ არასრულწლოვნების ვიდეოების ფრიალი სოციალურ ქსელებში ან სხვა მასწავლებლების ვიდეოების უნებართვოდ გამოყენება, არის კანონდარღვევა.

ამ პროცესებმა აჩვენა, რომ ყველა მოსწავლეს არ აქვს გამართული კომპიუტერი, ყველას არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და ბევრი სხვა ნიუანსი. ჩვენ გავდივართ ბეწვის ხიდზე, მათ შორის მეც, მიუხედავად იმისა, რომ  ტექნოლოგიებში გარკვეული ვარ და კარგად ვგრძნობ თავს ციფრულ სფეროში.

  • ყველაზე მეტად რა ქმნის პრობლემას, გარდა ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარების ნაკლებობისა?

მნიშვნელოვანია, რა პროგრამაა ჩატვირთული კომპიუტერში, როგორი მონაცემები აქვს კომპიუტერს. მაგალითად, ჩემს შვილს მობილურში ჩავუტვირთეთ „ტიმსი“, რადგან ბუქები ვერ იტევს ამ პროგრამას. ვისაც რამდენიმე მოსწავლე ჰყავს ოჯახში, როგორ უნდა ისარგებლონ ერთი კომპიუტერით?

  • პიზას ბოლო და კიდევ სხვა კვლევაც ამბობს, რომ საქართველოში ბევრ ბავშვს სახლში წიგნებიც კი არ აქვს, ჩვენც ვესაუბრეთ დირექტორებს სოფლის სკოლებში და ისინიც აღიარებენ, რომ ზოგიერთ ბავშვს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, არ აქვთ კომპიუტერი სახლში…

გეთანხმებით, რომ ამ გამოწვევამ კიდევ უფრო გააღრმავა სოციალური უთანასწორობა. ამიტომ, როცა კორონავირუსი გადავა, ჩვენ გავიღვიძებთ სხვა სახელმწიფოებში და სხვა რეალობებში. ყველა სახელმწიფო მიხვდა, რომ მთელი ფინანსები და რესურესი უნდა წავიდეს სამეცნიერო კვლევების და სწავლების სფეროში. ხელისგულზე დევს ყველა ის პრობლემა, რაც აქამდე პრობლემად არ გვეჩვენებოდა.  ამ შემთხვევაში ალბათ სამინისტრო იზრუნებს, რომ მაღალმთიან რეგიონებს ჰქონდეთ ინტერნეტთან წვდომა. თბილისში ან ქუთაისში რომ მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს და ვთქვათ, სვანეთში ვერ ატარებს, ის თავს გრძნობს გარიყულად და მე მესმის მისი.

ჩემი სტუდენტებიდან 20 შემოდის ინტერნეტში და ორს, რომელიც სოფელშია, არ აქვს წვდომა ნეტთან. სადღაც მაღლობზე უნდა ავიდნენ, რომ დაიჭირონ სიხშირე და დავალება გამომიგზავნონ. რა თქმა უნდა, ეს აღრმავებს სოციალურ უთანასწორობას.

ფაქტია, რომ სკოლა უნდა დაეწიოს დროის მოთხოვნებს. უნდა გადაიხედოს პრიორიტეტები და მასწავლებლებს საბოლოოდ უნდა განვუვითაროთ ციფრული კომპეტენციები.

„მაიკროსოფტ თიმსი“, რომ შევადაროთ, ეს არის სპორტული ავტომობილი და როგორ შეიძლება პირდაპირ დავსვათ ადამიანი ლამბორჯინის საჭესთან, თუ ტარება არ იცის. დაახლოებით ამას ვთავაზობთ დღეს პედაგოგებს.

_______________________________________________

ფოტოზე: მირანდა ლომიძე/ფოტო: FB

გადაბეჭდვის წესი


ასევე: