მთავარი,სიახლეები

13 სასტუმროს ორთვიანი საკარანტინო ზონის მოწყობისთვის სახელმწიფო 10 მილიონს გადაუხდის

23.03.2020 • 3222
13 სასტუმროს ორთვიანი საკარანტინო ზონის მოწყობისთვის სახელმწიფო 10 მილიონს გადაუხდის

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საკარანტინო სივრცეების მოწყობაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 13 სასტუმროსთან [სულ 1 300-მდე ოთახი] ხელშეკრულებები ჯამში 10 517 823 ლარზე აქვს გაფორმებული.

სასტუმროები, რომლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიც „ბათუმელებს“ ამ დროისთვის აქვს, მდებარეობს თბილისში, რუსთავში, თელავში, ბათუმში, საირმეში, გუდაურში. ამ სასტუმროებთან ადმინისტრაციამ ხელშეკრულებები მარტის თვეში პირდაპირი წესით გააფორმა, თუმცა სასტუმროების რაოდენობა, სადაც საკარანტინო ზონაა მოწყობილი, ქვეყანაში გაცილებით მეტია.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მოლაპარაკებები სხვადასხვა სასტუმროსთან გრძელდება. თუმცა, ჯამში რამდენ ობიექტთანაა გაფორმებული ხელშეკრულება საკარანტინო ზონის მოწყობაზე, ადმინისტრაციაში ამ დროისთვის ვერ დაგვიკონკრეტეს.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საკარანტინო სივრცეში გადასაყვანი ადამიანების დიდი რაოდენობის გამო, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა სასტუმროებთან მოლაპარაკება და მათთან შესაბამისი მომსახურების დაკონტაქტება, რათა არ მომხდარიყო აღნიშნულ საკარანტინო სივრცეში გადასაყვანი ჩამოფრენილი ადამიანების დაყოვნება“ – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

სასტუმროებთან ხელშეკრულებები დაიდო 2 თვის მომსახურებაზე, რაც, ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, „იმ ეტაპისთვის გონივრულ ვადად იყო მიჩნეული პრობლემის აღმოსაფხვრელად“.

ამასთან, ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოთხოვნილი საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად მათ მიერ შესყიდული მომსახურება „არათუ აჭარბებს საჭირო რაოდენობას, არამედ მთავრობის მითითებით, შესაძლოა, მომავალში კიდევ გაიზარდოს.“

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეს, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გადმოკვეთს საზღვარს, აუცილებლად გაივლის 2-კვირიან კარანტინს; ეს არის ორგანიზებული კარანტინი და საკარანტინო სივრცეების საჭიროება გაორმაგდება.

მისივე თქმით, მთავრობამ შესაძლოა საგანგებო ზომებს მიმართოს.

„იგულისხმება სივრცეების დათმობა, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. მრავალკვირიან მოლაპარაკებებზე დროს ვერ დავკარგავთ,“ – განმარტა მინისტრმა.

ტურიზმის ადმინისტრაციასა და სასტუმროებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ „ხელშეკრულების საერთო ღირებულება წარმოადგენს რა საორიენტაციო მაჩვენებელს, რომლიდანაც ანაზღაურდება მხოლოდ კონკრეტულად გაწეულ მომსახურებათა ღირებულება, შესაბამისად, შემსყიდველი, წინამდებარე ხელშეკრულებით ვალდებული არ არის განახორციელოს ხელშეკრულების ღირებულების სრულად ათვისება“.

მაგალითად, ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროსთან, რომელსაც აქვს 152 ოთახი, ხელშეკრულება გაფორმებულია 1 167 245 ლარზე; თბილისში, 210 ოთახის მქონე სასტუმროსთან – 2 087 362 ლარზე, ხოლო 30-ოთახიან სასტუმროსთან – 226 152 ლარზე. ხელშეკრულებები 2 თვით მომსახურებას ითვალისწინებს.

საქართველოში 21 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მიხედვით კი საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

ამ თემაზე: ყველაფერი საგანგებო მდგომარეობაზე პრეზიდენტის დეკრეტზე

23 მარტის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8, კარანტინის რეჟიმშია – 3 320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 235 ადამიანი.

_______________

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ბათუმში მოქმედი მსხვილი სასტუმროების უმრავლესობა დროებით დაიხურა. ბათუმში ახლა მხოლოდ თითო-ოროლა სასტუმრო მუშაობს უმნიშვნელო დატვირთვით. სასტუმროების ნაწილში კი, საკარანტინო ზონა მოეწყო.

ჯავშნები უქმდება – უფასო შვებულებები სასტუმროებში კორონავირუსის გამო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: