მთავარი,სიახლეები

შეიძლება თუ არა ფორსმაჟორის დროს სამსახურიდან გაგიშვან?

19.03.2020 • 2586
შეიძლება თუ არა ფორსმაჟორის დროს სამსახურიდან გაგიშვან?

არის თუ არა კორონავირუსის გამო გამოწვეული პანდემია ფორსმაჟორი და შესაძლოა თუ არა, რომ ამის გამო სამსახურიდან გაგიშვან? – ამ საკითხზე დღეს, 19 მარტს განმარტება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმაც“.

„კორონავირუსის ეპიდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა შესაძლებელია დამსაქმებლის მხრიდან დაუძლეველ ძალად იქნას აღქმული, თუმცა, დაუძლეველი ძალა იგივე ფორსმაჟორი ორივე მხარის [დამსაქმებელი და დასაქმებული] პასუხისმგებლობას გამორიცხავს მხოლოდ მაშინ, თუ მხარეთა ურთიერთობა ნებისმიერი გზით შეუძლებელია,“ – აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მხარეებმა „ყველა ღონე იხმარონ შრომითი ურთიერთობების შესანარჩუნებლად“ და აღებული ვალდებულებების რაიმე ფორმით შესრულების შესაძლებლობაზე, მაგალითად, დისტანციურად საქმის კეთებაზე. იურისტები მიიჩნევენ, რომ თუკი დამსაქმებელი ამ შესაძლებლობებს არ გამოიყენებს, ეს გადაწყვეტილების ბათილად მიჩნევის საფუძველი გახდება.

იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი სამუშაო პირობების  შეცვლილ ვითარებასთან მისადაგების ნაცვლად არჩევს საქმიანობის შეჩერებას, აღნიშნული უნდა ჩაითვალოს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ იძულებით მოცდენად. ამ შემთხვევაში, „შრომის კოდექსის“ თანახმად, დასაქმებულს უნდა შეუნარჩუნდეს სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება უნდა მიეცეს სრული ოდენობით, ხოლო ყველა გადაწყვეტილება სამუშაოს შეჩერების, შეწყვეტის ან ხელფასის შემცირების შესახებ საქართველოს სამოქალქო კოდექსის თანახმად, შესაძლებელია, აღიარებულ იქნას ბათილად,“ – მიიჩნევენ EMC-ში.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს ფორსმაჟორის ცნებას.

„თუმცა „სამოქალაქო კოდექსში“ თავმოყრილი ნორმები და სასამართლო პრაქტიკა გვაძლევს საშუალებას ჩამოვაყალიბოთ ფორსმაჟორის დეფინიცია. ფორსმაჟორის ერთ-ერთი საფუძველი და მიზეზი შესაძლოა გახდეს ეპიდემია/პანდემია.  ფორსმაჟორი, ანუ დაუძლეველი ძალა – ეს არის მხარეთა ნებისგან დამოუკიდებელი, განსაკუთრებული მოვლენები, ობიექტურად არსებული გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის პირის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას და რომლის გათვალისწინებაც მხარეებს წინასწარ არ შეეძლოთ“,  – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, 19 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ფორსმაჟორის პირობებში „შესაძლებელია ერთ-ერთი მხარის ინიციატივით მხარეთა შორის გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდეს“, რადგან კონკრეტული მოვლენის ფორსმაჟორულად მიჩნევის შემთხვევაში, მხარე თავისუფლდება იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას ჩვეულებრივ შემთხვევაში ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო.

რა უნდა მივიჩნიოთ ფორსმაჟორად? – იურისტები განმარტავენ, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს, გამოიწვია თუ არა ვალდებულების შეუსრულებლობა ფორსმაჟორულმა გარემოებამ. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით კი, ფორმაჟორული გარემოება არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს, თუკი ვალდებულების შესრულება ფორსმაჟორულ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგ შესაძლებელია და თუ აღნიშნული შესრულების მიმართ, მაგალითად, დასაქმებულს ინტერესი არ დაუკარგავს.

„შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოშვება მხოლოდ მაშინ, თუ ფორსმაჟორული მოვლენები გრძელდება ხანგრძლივი (გონივრული)  პერიოდით, რაც საკმარისი არის ვალდებულებების შესრულების გამორიცხვისათვის,“ – აღნიშნულია EMC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

______________

ფოტო: ahvalnews.com

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/435024/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: