მთავარი,სიახლეები

ბათუმში N12 ავტობუსის მძღოლი კორონავირუსის შიშით მგზავრებს ასასვლელ კარს არ უღებს

14.03.2020 • 5110
ბათუმში N12 ავტობუსის მძღოლი კორონავირუსის შიშით მგზავრებს ასასვლელ კარს არ უღებს

დღეს, 14 მარტს, „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მგზავრი დაუკავშირდა, რომელიც ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით გადაადგილდებოდა. მგზავრის ინფორმაციით, N12 ავტობუსის მძღოლი კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ავტობუსის წინა, ასასვლელ კარს მგზავრებს არ უღებს.

„თქვენს ვირუსებს ხომ არ ავიკიდებო“ – ეუბნებოდა მგზავრებს. მიუხედავად იმისა, რომ წინა კარის გაღებას ითხოვდნენ ადამიანები, მძღოლი მაინც არ აღებდა და ჩამსვლელებიც და ამომსვლელებიც ერთი კარით სარგებლობდნენ“ – გვეუბნება მგზავრი.

„ბათუმელები“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ დაუკავშირდა და ჰკითხა, აქვს თუ არა მძღოლს წინა კარის ჩაკეტვის უფლება და რა რეკომენდაციები აქვთ გაცემული ვირუსის პრევენციისთვის?

ბესო დათიაშვილი, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მძღოლის ქმედება თვითნებურია და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ავტობუსებს დეზინფექცია უტარდება.

„მძღოლს თვითნებურად აქვს ეს გადაწყვეტილი ალბათ, მითითება არ აქვთ მაგაზე. ავტობუსებს დეზინფექცია უტარდებათ, მძღოლს შეხება არ აქვს არც ფულთან და არც მგზავრთან უშუალოდ და სხვა რა უსაფრთხოება უნდა დავიცვათ“ – ამბობს დათიაშვილი.

მისივე თქმით, კომპანია მძღოლს დაუკავშირდება და მის პოზიციასაც მოისმენს.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერიამ მიკროავტობუსების დეზინფექცია დაიწყო – კორონავირუსის პრევენცია

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: