განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ ჩავატაროთ საინტერესო ონლაინგაკვეთილი – პედაგოგი საკუთარ გამოცდილებაზე

13.03.2020 • 6944
როგორ ჩავატაროთ საინტერესო ონლაინგაკვეთილი – პედაგოგი საკუთარ გამოცდილებაზე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია ახალაია, „ბათუმელებთან“ პირად და სკოლის გამოცდილებაზე საუბრობს – როგორი უნდა იყოს ონლაინგაკვეთილი და რატომ არის აუცილებელი საკუთარ მოსწავლეებთან თანამშრომლობა.

  • ქალბატონო მაია, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ონლაინგაკვეთილი შედგეს და იყოს საინტერესო მოსწავლისთვის. როგორია თქვენი გამოცდილება ამ მხრივ?

ონლაინგაკვეთილი რომ ჩატარდეს, ამისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია კომპიუტერი და ინტერნეტი. ჩვენ სკოლაში გვაქვს ელექტრონული ჟურნალი Schoolbook-ი, რომელსაც დამატებული აქვს ახალი ონლაინრეჟიმის ფუნქცია და, ფაქტობრივად, მოიხსნა დისტანციურად გაკვეთილების ჩატარების პრობლემა.

  • როგორია ონლაინსწავლების პროცესი, შეგიძლიათ აღწეროთ?

შევდივართ ელექტრონულ ჟურნალში, რომელსაც აქვს ონლაინგაკვეთილის ფანჯარა. კლასის ყველა მოსწავლე ჩართულია ამ პროცესში. გაკვეთილის დაწყების დრო შეთანხმებულია მოსწავლეებთან: შეტყობინებები მისდით, თუ რომელ საათზე რა საგანში ექნებათ გაკვეთილები. თუ რაიმე შეკითხვა უჩნდებათ, ამაზეც  ვეხმიანებით ერთმანეთს. გაკვეთილი სინქრონულად მიმდინარეობს და ეს იმის დამსახურებაა, რომ სკოლას აქვს ამ სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

  • აქამდე რა შემთხვევებში იყენებდით დისტანციურ სწავლებას?

ვთქვათ, გაუცდა ბავშვს გაკვეთილები, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ან სხვა რაიმე პრობლემის გამო ვერ დადის სკოლაში, ამ შემთხვევებში ვიყენებდით ხოლმე. აქამდე, საჭიროებიდან გამომდინარე, ვიყენებდით ამ სისტემას, მაგრამ გუშინ  ეპიდემიიდან (covid19) გამომდინარე, მასშტაბურად დაიტესტა სისტემა, რომ მთელი სკოლა ჩაერთოს პროცესში და ყველა გაკვეთილის ჩატარება გახდეს შესაძლებელი.

ონლაინგაკვეთილსა და პირდაპირ გაკვეთილებს შორის, ბუნებრივია, განსხვავება არსებობს, ამიტომ ყოველი წუთი უნდა გაითვალისწინო და გქონდეს უნარები ამ ვითარებაში პროცესის მართვის. კარგი მოდერატორი რომ ვიყო და სრულფასოვნად წავიდეს გაკვეთილი, ამისთვის ვემზადები. მე, პირადად, იმედიანად ვუყურებ ჩემი სკოლის მაგალითზე ამ პროცესს და მომწონს კიდეც.

ცხადია, ინტერაქციის გარეშე ონლაინგაკვეთილები ვერ იქნება საინტერესო და ეს თანამშრომლობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უნდა შედგეს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მიმართულებას მივცემთ ბავშვებს და რა მიზნებს დავსახავთ გაკვეთილისთვის.

  • ონლაინგაკვეთილების სისტემა ინდივიდუალურად მასწავლებელმა უნდა აარჩიოს, თუ ამაზე უნდა არსებობდეს რაიმე საერთო შეთანხმება?

ზოგადად, აი, ეს არის პრობლემა ქართულ სკოლებში, რომ ამ საკითხზე სისტემური ხედვა არ არსებობს. ამდენი წელია რეფორმაზე მიდის საუბარი და ჩვენ მაინც ვერ მივაღწიეთ იმას, რომ შეგვექმნა რაიმე პლატფორმა, რომლითაც პედაგოგები და ბავშვები აქტიურად ისარგებლებდნენ.

განათლების სისტემას დღემდე, როგორც ზოგადში, ასევე უმაღლეს დონეზე, აქვს პრობლემა ტექსტის წაკითხვის, გააზრების, ტექსტთან თანამშრომლობის, კონტექსტის გააზრების თვალსაზრისით, თავი რომ დავანებოთ ახალი ტექნოლოგიებით გაკვეთილის ახსნას. ჩვენ დღემდე ვერ შევცვალეთ წერისა და კითხვის ტექნიკა. ონლაინსწავლებასაც თავისი ტექნიკა აქვს და რეფორმის  დროს ასეთი თანმიმდევრულობა რადგან არ არსებობდა და ეს თანმიმდევრულობა მთლიანობაში დარღვეულია, ამიტომ ვართ ამდენი კითხვის წინაშე, სკოლები და მასწავლებლებიც.

გარდა ამისა, ქართულ სკოლებში არ გვაქვს მოსწავლეებთან თანამშრომლობის პრაქტიკა და ეს ქმნის პრობლემას, გულწრფელად რომ ვთქვათ.

  • ბევრი მასწავლებელი წერს სოციალურ ქსელში თავის გამოცდილებაზე, სისტემური სახე რატომ ვერ მიიღო ამან?

რითი ვამოწმებთ ჩვენ ამ გამოცდილების ეფექტურობას? ის მეთოდები ან ის ელექტრონული გვერდები, რომლებსაც ცალკეული მასწავლებლები იყენებენ, ეფექტურია თუ არა, რა კრიტერიუმით ვამოწმებთ? სად არის ის რაღაც უნივერსალური, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია თანამედროვე ენაზე, სტანდარტის ენაზე ვილაპარაკოთ.

არის არაპროფესიონალიზმის საფრთხეც, არ ვიცით, გვყავს თუ არა შესაბამისი აკადემიური და ადამიანური რესურსი, ვინც კარგად გაართმევს თავს დისტანციურ სწავლებას. ბევრი პრობლემაა ამ სისტემაში და ამ წუთას რა რეალობის წინაშეც ვდგავართ, რაღაცნაირად შიშს იწვევს და აფრთხობს  ადამიანებს. გამოწვევის საფრთხეს ვგრძნობთ ზუსტად აკადემიური კუთხით, რადგან არ ვიცით, რისთვის ვართ მზად. ეპიდემიის ფონზე კი მთელი სიცხადით დავდექით ამ გამოწვევის წინაშე.

  • რა შეუძლია ამ შემთხვევაში გააკეთოს სახელმწიფომ?

ონლაინსწავლების დროს აუცილებელია თანაბარი ხელმისაწვდომობა ინტერნეტსა და კომპიუტერთან. ჩვენ ვიცით, რომ ბევრ სოფელში, მაღალმთიან ადგილებში, არ აქვთ ადამიანებს წვდომა ხარისხიან ინტერნეტთან, ბევრს სახლში არც აქვს კომპიუტერი. თუ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, უნდა უზრუნველყოს ყველა ბავშვის ხელმისაწვდომობა ინტერნეტთან და კომპიუტერთან. მაშინ საგანმანათლებლო პროცესი იქნება გამართული.

რაც შეეხება პედაგოგებს, მასწავლებლებს ისედაც უნდა ჰქონდეთ შეხება ახალ ტექნოლოგიებთან, რადგან დღეს ისეთ ვითარებაში ვცხოვრობთ, მხოლოდ სახელმძღვანელოზე დამოკიდებული სწავლება ვერ გვექნება. აუცილებელია ელექტრონული რესურსების მოძიება და გამოყენება. თუ მოსწავლეს ვეუბნები, რომ „აქედან აქამდე ისწავლე“, ისედაც ვერ ვპასუხობ რაღაც სტანდარტს და მოთხოვნებს. ყველაფერი გადის იმაზე, რამდენად ვთანამშრომლობ ჩემს მოსწავლესთან.

თანამშრომლობის ხარისხი ზუსტად ამ ტექნოლოგიური პრობლემების მოგვარების შემდეგ გაიზრდება. არის ინტერნეტი, არის კომპიუტერი, ბავშვს ტექსტთან ურთიერთობის სხვა ფორმატსაც ვთავაზობთ და გაცილებით საინტერესო რამესაც ვიღებთ.

მთავარი ფოტო: „ბაქსვუდის საერთაშორიოსო სკოლის“ მასწავლებელი მაია ახალაია/ფეისბუქის გვერდიდან

ამავე თემაზე:

სავალდებულო რეკომენდაციები სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: