ქედისა და შუახევის ტერიტორიებზე მდებარე ე.წ. „მერისის ოქროს საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე არ გაიყიდა. ლიცენზიას, 30 წლით, წიაღის ეროვნული სააგენტო 5 მილიონ ლარად ყიდდა.
ელექტრონულ აუქციონზე 5 მილიონი ლარი საწყისი ფასი იყო, ვაჭრობის ბიჯი – 500 ათასი ლარი, საგარანტიო თანხა – 1 მილიონ 200 ლარი, სალიცენზიო ფართობი კი – 11 ათას ჰექტარზე მეტი. ლიცენზიანტს უფლება ექნებოდა მოეპოვებინა 859 კილოგრამი ოქრო და სხვა წიაღისეული.
ელექტრონული აუქციონი დღეს, 11 მარტს, დაიწყო და ის არ შედგა – ვაჭრობაში მონაწილეობა არავინ მიიღო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის იანვარში დააანონსა, რომ პროგრამა – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდებოდა და უძრავი ქონების პრივატიზების გარდა შეთავაზებების ნუსხას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები დაემატებოდა.
სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC). ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა „საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგიის“ დოკუმენტს ეწინააღმდეგება და ბუნებრივი რესურსების დემოკრატიული, გამჭირვალე და სათანადო ცოდნაზე დაფუძნებული მართვის პრინციპებთან შეუსაბამოა.
ამ თემაზე:
ქობულეთის სოფელ ხალაში ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია 788 305 ლარად გაიყიდა