მთავარი,სიახლეები

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების დეზინფექციას იწყებენ – კორონავირუსის პრევენცია

02.03.2020 • 2581
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების დეზინფექციას იწყებენ – კორონავირუსის პრევენცია

მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარით დამუშავებას ხვალიდან [3 მარტი] დაიწყებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სპეციალური ხსნარით ავტობუსებს, სავარაუდოდ, დღეში ორჯერ დაამუშავებენ.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 2 მარტს, უკვე დაიწყო სამარშრუტო მიკროავტობუსების დასუფთავებაც: „გუშინ იყო შეხვედრა ბათუმის ვიცე-მერთან, ჯაბა ტუღუშთან და მათ მიეცათ რეკომენდაციები, რომ სპეციალური სითხეების გამოყენებით მოხდეს ტრანსპორტის დასუფთავება“.

მერიაში განმარტეს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად დაასუფთავებენ.

რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს – ბათუმის ავტოსადგურში დასუფთავების წესში ჯერჯერობით არაფერი შეუცვლიათ.

„ადრე თუ 5 დღეში ერთხელ ხდებოდა გენერალური დასუფთავება, ახლა გადამყვან კომპანიებს ვუთხარით, რომ ყოველდღე უნდა დამუშავდეს სალონი, სახელურები და ასე შემდეგ. არავითარი ცალკე რეკომენდაცია ან წესი, როგორ უნდა დასუფთავდეს, არ მიგვიღია. ჩვენ ვესაუბრებით მძღოლებს და ისინი რამდენად ასრულებენ, არ ვიცი,“ – გვითხრა „ბათუმის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელმა, ასლან გვარიშვილმა.

კომპანია „მეტროს“ ავტოსადგურში კი აღნიშნეს, რომ ავტობუსების სპეციალური, გენერალური დამუშავებისთვის ცალკე კომპანია დაიქირავეს.

„აქამდე შიდა ძალებით ვასუფთავებდით. ახლა კი ის კომპანია დავიქირავეთ, რომელიც სპეციალურ ხსნარებს გვაწვდიდა. დავიქირავეთ, რადგან მას სპეციალური აპარატურა აქვს გენერალური დასუფთავებისთვის,“ – გვითხრეს „მეტროს“ ავტოსადგურში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ყველა საჯარო ღონისძიება, კორონავირუსის პრევენციის გამო, 16 მარტამდე გადადებულია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: