მთავარი,სიახლეები

„მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“ – EMC აჭარის ტელევიზიაზე განცხადებას ავრცელებს

28.02.2020 • 2675
„მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“ – EMC აჭარის ტელევიზიაზე განცხადებას ავრცელებს

„მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საგანგაშო რისკების წინაშე დგას და დაუწყონებლიც ზომების მიღებას საჭიროებს,“ – მიიჩნევს „ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“. ეს ორგანიზაცია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს და დღეს, 28 თებერვალს საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლებას ეხმაურება.

EMC კრიტიკულად მძიმედ მიიჩნევს აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს. ორგანიზაციის შეფასებით, შორენა ღლონტი „თვითნებური და უსაფუძვლო დისციპლინური დევნის შემდეგ“ გაათავისუფლეს.

„ბოლო წლებში აჭარის ტელევიზიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ ნდობა გააჩინა და ის პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან თავისუფალი, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის საჯარო სივრცის მიცემისა და პროგრესული იდეების გავრცელების უნიკალური სივრცე გახდა. თუმცა მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის მოსვლის, რასაც წინ უძღოდა ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის თვითნებური და პოლიტიკური კონოტაციის მქონე იმპიჩმენტი, შემდეგ სისტემაში შემაშფოთებელი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული,“ – აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EMC მიიჩნევს, რომ სარედაქციო დამოუკიდებელობაზე პასუხისმგებელი პირების გათავისუფლება, მათი უკანონო გადაყვანა საინფორმაციო სამსახურის მნიშვნელოვანი პოზიციებიდან და მათი იძულება სამსახურის დატოვების მიზნით, მაუწყებლის „სარედაქციო პოლიტიკაში მენეჯმენტის უხეშ ინტერვენციას“ წარმოადგენს და მაუწყებლის დამოუკიდებლობას არყევს.

„შექმნილი მდგომარეობა საგანგებოა და დაუყოვნებლივი ზომების მიღებას საჭიროებს,“ – მიიჩნევს EMC.

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ შეფასებით, საქართველოს პარლამენტმა და აჭარის უმაღლესმა საბჭომ საპარლამენტო კონტროლის ქმედითი მექანიზმები უნდა გამოიყენონ „აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობისა და აქ მომუშავე ჟურნალისტების შრომითი უფლებების დაცვისა და მაუწყებლის სარედაქციო და ორგანიზაციული დამოუკიდებლობის ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერების მიზნით.“

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურიდან ბოლო ორი თვის განმავლობაში, ანუ გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ ოთხი რედაქტორი და მენეჯერი გაათავისუფლეს.

მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებენ პოლიტიკურ ზეწოლად.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: